ახალი ამბები

ინტიმური სცენების ამსახველი შსს-ში აღმოჩენილი კიდევ ორი დისკი განადგურდება

29 იანვარი, 2014 • • 1091
ინტიმური სცენების ამსახველი შსს-ში აღმოჩენილი კიდევ ორი დისკი განადგურდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გაიმართა ფარულ ჩანაწერებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა. აღნიშნული კომისიის ვადა 31 იანვარს იწურება.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ კომისიის ფარგლებში  სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები, ეს შედეგები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ უკანონო მოსმენებს წლების წინ, წინა ხელისუფლების პირობებში სისტემური ხასიათი ჰქონდა. დაახლოებით 635 დისკზეა საუბარი, რომელიც 750-მდე საათ ინფორმაციას მოიცავს და რომელიც სწორედ პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურ ოპონენტზე უკანონო თვალთვალს მოიცავს, მის პირად ცხოვრებაზე ინფორმაციას მოიცავს და, შესაბამისად, ეს ინფორმაციები იქნა დეტალურად მოსმენილი სწორედ ამ სამუშაო ჯგუფისგან. იქნა ასევე გადაწყვეტილება მიღებული, რომ ფართო ანგარიში მომზადდება საჯაროდ საზოგადოებისთვის და ამის პრეზენტაციაც მოხდება თქვენ წინაშე 31 იანვარს”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

 

მისივე თქმით, ეს მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა პროკურატურას და დაიწყება გამოძიება:

 

“ხოლო ის ორი დისკი, რომელიც ინტიმურ სცენებს ასახავს, განადგურდება, როგორც ის 110 დისკი, რომელიც 5 სექტემბერს განადგურდა”, – განაცხადა იზორიამ.

 

შს მინისტრის მოადგილემ, ასევე, განმარტა, თუ რატომ განადგურდა დაუყოვნებლივ მაშინ ის დისკები და რატომ იწყება გამოძება ამ დისკებზე:

 

“იმიტომ, რომ ის დისკები, და მათ შორის ეს ორი ახლად აღმოჩენილი დისკი, შეეხება ისეთ ინტიმურ სცენებს, რომელიც ამ შემთხვევაში დაზარალებულის ღირსებას შეეხება და სწორედ მისი ღირსების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება ასეთი სახის დისკების დაუყოვნებლივ განადგურებისა. როგორც გითხარით, ასეთი კიდევ 2 დისკი იქნა აღმოჩენილი და ისიც განადგურდება. მეოთხე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც უნდა  გითხრათ, გახლავთ ის, რომ მომავალში შევა ცვლილებები, უკვე არსებობს ამის პროექტი, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158, და 159-ე მუხლებში და გამკაცრდება სანქცია ასეთი დანაშაულის შემთხვევაში“, – განაცხადა იზორიამ.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების დარჩენილი ნაწილი სავარაუდოდ 31 იანვარს განადგურდება:


“ის, რომ ეს კადრები წინა ჯერზე არ განადგურდა, არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე დაიმალა. უბრალოდ, 283 გეგაბაიტამდე ადის მოცულობა, რაც საკმაოდ დიდია და წინა ჯერზე ვერ მოხდა ამ კადრების იდენტიფიცირება. იმდენად მნიშვნელოვანია ადამიანების ღირსების დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, რომ ეს მასალა უნდა განადგურდეს. ასევე არის ნაწილი უკვე დაზიანებული დისკების, რომლებიც არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და აქედან გამომდინარე მათი განადგურებაც მიზანშეწონილია”, – განაცხადა თამარ ქალდანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი