ახალი ამბები

უსუფაშვილი სამეურვეო საბჭოს კანდიდატების არჩევაზე: ყველა კმაყოფილი ვერ დარჩება

29 იანვარი, 2014 • • 1099
უსუფაშვილი სამეურვეო საბჭოს კანდიდატების არჩევაზე: ყველა კმაყოფილი ვერ დარჩება

“დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო კომისიისთვის ჩემი მხრიდან სრულიად გულწრფელი მადლობის გადახდა. მან შემჭიდროებულ ვადებში ინტენსიურად იმუშავა და სერიოზული შრომა ჩადო ამ პროცესში,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

 

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პარლამენტის მხრიდან კანონის არც ერთი პუნქტი არ დარღვეულა საბჭოს წევრთა შერჩევის დროს, თუმცა მიმდინარე მოვლენებზე ის პირადად იღებს პასუხისმგებლობას. 

 

“რა გადაწყვეტილებაც მიიღო პარლამენტმა, ამაზე არის აზრთა სხვადასხვაობა,ზოგი კმაყოფილი დარჩა, ზოგი უკმაყოფილო, ასეთია ცხოვრება, ყოველთვის ყველა კმაყოფილი ვერ დარჩება.” 

 

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკეთესი იქნებოდა პირველსავე ეტაპზე დასრულებულიყო საბჭოს წევრთა არჩევის პროცესი. 

 

რაც შეეხება საკითხს, მიიღო თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება პარლამენტმა [როდესაც კონკრეტულ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს და პროცესი არ დასრულდა], უსუფაშვილი ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტიილება, რომელიც პარლამენტში მიიღება, პოლიტიკურია. 

 

“თუ თქვენ დამისახელებთ ერთ თემას, რომელიც რომელიმე ქვეყნის პარლამენტში ყოფილა გადაწყვეტილი და პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონოდა, მაშინ ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. პარლამენტში პოლიტიკოსები პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული, გადაწყვეტილებას როცა ვიღებდი და ხელი დავაჭირე ღილაკს, არაპოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვიღებდი?”- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ახალი საკონკურსო კომისია გამოცხადდება, რომელიც ახალ კანდიდატებს შეარჩევს. 

 

“პირველად არ ვიტყვი არც მე და არც კომისიის სხვა წევრები, რომ ჩვენ პერსონალურად უარი გამოვთქვით ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე. ეს გარკვეულწილად არაეთიკურიც იქნება ჩვენი მხრიდან. ეს პროცესი ჩემთვის, როგორ კომისიის წევრისთვის დასრულებულია,”- აცხადებს კომისიის წევრი ზვიად ქორიძე.


ქორიძე არ გამორიცხავს, რომ მეორე ეტაპზე საზოგადოების მხრიდან კონკურსში ჩართვის აქტივობა დაბალი იყოს. 


“მთავარია არ მოდუნდეს სამოქალაქო აქტივობის ხარისხი.” 


კომისიის წევრის, იან ანთაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრაზე მორიგი შესარჩევი პროცესის გამჭვირვალობის გარანტიები მათთვის არ მიუცია.

 

“არავითარი გარანტია არ მოუცია, რომ პროცესი იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორიც იყო აქამდე. ვადევნებთ თვალს ამ პროცესებს, თუ ის იქნება ისეთივე გამჭვირვალე და საინტერესო, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროცესებს. დაველოდოთ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის დეპოლიტიზება, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური ჯგუფების გავლენები. ძალიან მალე, ალბათ ერთ თვეში გამოჩდება, იყო თუ არა ჩვენი ეჭვები საფუძვლიანი. ამ ეტაპზე ჩანს, რომ უმრავლესობას არ უნდოდა პოლიტიკური გავლენების დაკარვა მაუწყებელზე,”- ამბობს ანთაძე. 


საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის მსურველთაგან 27 პირი შეარჩია საკონკურსო კომისიამ, რომელიც 9 წევრით იყო დაკომპლექტებული. სწორედ ამ 27 პირიდან უნდა შეერჩიათ კანონით განსაზღვრულ სუბიექტებს (საპარლამენტო უმრავლესობას, უმრავლესობის მიღმა დარჩენილ ფრაქციებს, აჭარის უმაღლეს საბჭოს და სახალხო დამცველს) მათთვის სასურველი კანდიდატები, ჯამში, 9 პირი.

 

საბოლოო ჯამში, კანონის შესაბამისად, 2 კანდიდატი წარადგინა სახალხო დამცველმა და ისინი პარლამენტმაც დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანოში მხარი არ დაუჭირეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეულ ერთ კანდიდატს.

 

საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინა, რომელიც ასევე იქნა არჩეული. თავდაპირველად, ასევე, ერთი კანდიდატი წარადგინა უმცირესობამ, რომელმაც უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ხოლო კიდევ ერთი კანდიდატი, რომლის წარდგენა სურდა უმცირესობას, კენჭისყრის მიღმა დარჩა, რადგან უმრავლესობის განმარტებით, მისი წარდგენა კანონდარღვევით მოხდა.

 

საბოლოო ჯამში, პარლამენტმა მხოლოდ 4 მეურვე დაამტკიცა. დანარჩენი ხუთი მეურვის შესარჩევად თავიდან გამოცხადდება კონკურსი და ასევე თავიდან მოხდება საკონკურსო კომისიის დაკომპლექტება.


მასალების გადაბეჭდვის წესი