ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს განმარტება დევრიშაძის კომპანიასთან დადებულ ტენდერებზე

3 ივლისი, 2018 • 3104
თავდაცვის სამინისტროს განმარტება დევრიშაძის კომპანიასთან დადებულ ტენდერებზე

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტენდერის ჩატარებისთვის აუცილებული პროცედურების გამო, უწყება მოკლებულია შესაძლებლობას, ტენდერში მონაწილე კომპანიების დამფუძნებლების წარსული საქმიანობა იკვლიოს და ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ელექტრონული ფარული პროცედურების დასრულების შემდეგ ხდება ცნობილი.

თავდაცვის უწყება განცხადებით ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომლის თანახმადაც რუსეთის ჯაშუშობისთის გასამართლებული პირის, პეტრე დევრიშაძის კომპანია თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იგებს.

დევრიშაძის კომპანიისა და სახელმწიფო უწყებების შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე პირველად ინფორმაცია სტუდია “მონიტორმა” გაავრცელა, შემდეგ კი ტელეკომპანია”რუსთავი 2″-მა მოამზადა სიუჟეტი შაბათის კურიერისთვის, 30 ივნისს. რუსთავი 2-ის ცნობით, დევრიშაძეს ყველაზე მეტი ტენდერი მოგებული აქვს ლევან იზორიას მინისტრობის დროს.

თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ შპს“მარგიო“ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ღია ტენდერებში 2013 წლიდან მონაწილეობს.

“სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ღია ელექტრონულ ტენდერში მონაწილე კომპანიების ვინაობა არის ფარული. გამოცხადებულ ღია ტენდერში მონაწილე კომპანიებისა და მისი დამფუძნებლების წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უწყება არ ფლობს. ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ელექტრონული ფარული პროცედურების დასრულების შემდეგ ხდება ცნობილი”.- ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათივე ცნობით,  კანონის თანახმად, ელექტრონულ ღია ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს. შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა კი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უწყებამ ტენდერში მონაწილე კომპანიას დაუწესოს რაიმე შეზღუდვა, ან დაინტერესდეს კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის ნასამართლეობის ან წარსული ცხოვრების/ წარსული საქმიანობის შესახებ.

სტუდია მონიტორის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარია იმის შესახებ, რომ დევრიშაძის კომპანიისგან თავდაცვის სამინისტრომ ჯარისთვის აღჭურვილობა შეიძიანა – ზურგჩანთები, საბრძოლო მასალის ჩანთები, მფრინავის უნიფორმები, კარვები, კომპიუტერის დეტალები, სამხედრო ფარნები, რადიაციული დაზვერვის ხელსაწყო და ა.შ. ხოლო “რუსთავი 2”-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში წამყვანის და ჟურნალისტის საუბრისას, სიუჟეტის წარდგენისას, ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ეს კომპანია კომპიუტერული ტექნიკითაც ამარაგებს შეიარაღებულ ძალებს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დევრიშაძის კომპანია  შეიარაღებულ ძალებს კომპიუტერული ტექნიკით არ უზურუნველყოფს. უწყება აცხადებს, რომ ამ კომპანიისგან ერთი კომპიუტერის ვიდეობარათი შეისყიდა, ლევან იზორიას მინისტრად დანიშვნამდე, 2016 წლის 11 აპრილს. ხელშეკრულების ღირებულება 3200 ლარი იყო.

“აქვე მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი კომპიუტერული ტექნიკა, ექსპლუატაციაში გაშვებამდე და მის შემდეგაც, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიზნით, რეგულარულად მოწმდება და კონტროლდება”.- აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს ცნობითვე, შპს “მარგიოს“ არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს უწყების მიერ გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვებში, ვინაიდან ამ ტიპის შესყიდვების განსახორციელებლად კომპანია უნდა ფლობდეს საიდუმლო დაშვების ნებართვას, რაც ამ კომპანიას არ გააჩნია. 

[red_box]ვინ არის პეტრე დევრიშაძე[/red_box]

პეტრე დევრიშაძე სპეცოპერაცია “ენვერის” დროს დააკავეს 2010 წელს. ოპერაცია “ენვერი”, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარებიდან ირკვევა, 2006 წელს დაიგეგმა და 2010 წელს განხორციელდა. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ცამეტივე მოქალაქე აჭარის მკვიდრია. დაკავებულთაგან აღიარებითი ჩვენება მხოლოდ ორმა– ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მფრინავმა გაბრიელ უსტალიშვილმა მისცა. 2011 წელს, იმავე ხელისუფლების პირობებში, რომლის დროსაც დევრიშაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, იგი გათავისუფლდა. დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

დევრიშაძის დაკავებას 2010 წელს მოსკოვიდან ასლან აბაშიძის თანაგუნდელები გამოეხმაურნენ. ბადრი მელაძე და აჭარის ყოფილი შსს-ს მინისტრის მოადგილე, დავით ბაკურიძე პეტრე დევრიშაძეს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებდნენ ბრალს.

პეტრე დევრიშაძე ბიზნესარენაზე აჭარის რევოლუციის შემდეგ გამოჩნდა. მან ქალაქის ცენტრში უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. პრესისთვის ის ცნობილი 2008 წლის დასაწყისში გახდა. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და პუშკინის ქუჩის ¹13-ში მდებარე 2700 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი 275 ათას დოლარად შეისყიდა. დევრიშაძემ მშენებლობის დაწყება 2008 წლის აგვისტოს ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ვერ მოახერხა.

დევრიშაძე თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით “ინტერპრენიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ აჟიოტაჟი ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას და მასში მედიას ადანაშაულებს.

„საქართველოში ყველა ტენდერი გამჭვირვალედ ტარდება. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი ქვეყნიდან ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს. თუ ის შეასრულებს სატენდერო პირობებს, ტენდერს მოიგებს. დღე და ღამე შრომაში ვარ, ასე ვიგებ მე ტენდერებს. რატომ გაგიჩნდათ ჟურნალისტებს ჩემს ტენდერებთან დაკავიშირებით კითხვები?! თავდაცვის სამინისტრო იქნება თუ შს სამინისტრო, გამჭვირვალედ ატარებს ტენდერს. თუ რაღაც ბიზნესმენებს და მიმწოდებლებს არ მოგვწონს შემსყიდველის პოზიცია, არსებობს შესყიდვების სააგენტო, სადაც შეგიძლიათ გაასაჩივროთ. ასევე არსებობს სასამართლო. ახლაც სააკაშვილის პერიოდი ხომ აღარაა, ყველაფერი ჩაწყობით რომ იყო. ვინ მიგაკარებდა მაშინ ამ ტენდერებს, თავს მოგაჭრიდნენ. „რუსთავი2“ არის სიყალბის ტელევიზია და სურთ მოსახლეობა მოატყუონ, თუმცა არ მგონია ამას ვინმე აჰყვეს. ჩემი პოზიციაა, რომ სპეცოპერაცია „ენვერი“ იყო სპექტაკლი. მოვა ამის დროც და ყველაფერს ნათელი მოეფინება. ამ სპეცოპერაციას დაივიწყებენ და ჟურნალისტებს სალაპარაკო აღარ გექნებათ“, – განაცხადა პეტრე დევრიშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი