ახალი ამბები

ზვიად დევდარიანი “ტაბულას” აღარ უჩივის

2 ივლისი, 2018 • 2138
ზვიად დევდარიანი “ტაბულას” აღარ უჩივის

ზვიად დევდარიანის სარჩელში, რომელიც პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით 12 მოპასუხის წინააღმდეგ შეიტანა, “ტაბულა” აღარ ფიგურირებს. ინფორმაცია დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ნეტგაზეთს დაუდასტურა.

გაბუნიამ დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა გვითხრა, რომ ამ დროისთვის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და მოპასუხეთა სიაში “ტაბულა” აღარ არის. რაც შეეხება სხვა დეტალებს, მისი თქმით, უახლოეს დღეებში მედიისთვის განცხადებას გაავრცელებენ.

მანამდე დევდარიანის სარჩელს სასამართლომ ხარვეზი დაუდგინა და წარმოებაში არ მიიღო. თუმცა მიზეზის შესახებ დევდარიანის ადვოკატი არ საუბრობს.

ჯამში, ზვიად დევდარიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით. მისმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ მოპასუხე მხარეებიდან დაასახელა შემდეგი პირები, რომლებსაც უჩივიან:

თამარ ჩერგოლეიშვილი, ბაია პატარაია, ნინო დანელია, თამარ ყურაშვილი, თამარ კაკაბაძე, იდა ბახტურიძე, ეკატერინე ონიანი.


მას შემდეგ, რაც ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს წარუდგინა, ქალთა მოძრაობამ ქალების სექსუალურ შევიწროებაში 17 მარტს დაადანაშაულა.

“ნეტგაზეთმა” ინტერვიუ ჩაწერა რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს. კიდევ რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა ქალთა მოძრაობამ და ტაბულამ. დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს. საქმეს იკვლევს სახალხო დამცველი, ასევე გამოძიება დაწყებული აქვს შსს-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი