ახალი ამბები

ირანელი ქალი არჩევანის თავისუფლებისთვის – გაიცანით მასიჰ ალინეჟადი

3 ივლისი, 2018 • 4449
ირანელი ქალი არჩევანის თავისუფლებისთვის – გაიცანით მასიჰ ალინეჟადი

ირანელი ქალები ისლამური რესპუბლიკის შეზღუდვების წინააღმდეგ ბრძოლას სხვადასხვა ფორმით განაგრძობენ. მათი კამპანიის შესახებ ირანის შიგნით თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის. კამპანია განსაკუთრებით აქტიურად შუქდება სოციალურ მედიაში.

არადა, პროცესი მარტივად, წინასწარი ორგანიზების გარეშე ერთმა ირანელმა ქალმა დაიწყო, როცა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტოები, სადაც ჩანდა, როგორ უფრიალებდა ქარი თმას ლონდონის ქუჩებში.  შემდგომ უშუალოდ ირანში მყოფმა უამრავმა ქალმა მისი შთაგონებით გადაწყვიტა, თმა სავალდებულო თავსაბურავისაგან გაეთავისუფლებინა.

მასიჰ ალინეჟადი ჟურნალისტი და აქტივისტია. სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის, “ჩემი ფარული თავისუფლების” ფუძემდებელს “ნეტგაზეთი” ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდა და როგორც პირად გამოცდილებაზე, ისე მასშტაბური კამპანიის მიზნებსა და მიღწევებზე ჰკითხა.

სანამ აქტივიზმში უცხო ქვეყნიდან ჩაერთვებოდა, ალინეჟადმა ცხოვრების დიდი ნაწილი ირანში გაატარა. 19 წლის იყო, როცა მორალის პოლიციამ ანტისამთავრობო ქმედებისათვის დააკავა და ციხეც ელოდა, თუმცა მოსამართლემ გაათავისუფლა.

პატარა, კონსერვატიულ სოფელში გაზრდილი გოგონა თეირანში დამკვიდრდა საპარლამენტო კორესპონდენტად, თუმცა აღნიშნულმა ვერ გაანეიტრალა ისლამური რესპუბლიკის შეზღუდვები და დოგმები.

“ჩრდილოეთ ირანის ძალიან პატარა სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ოჯახი იმაზე რელიგიური იყო, ვიდრე სხვა, ჩვეულებრივი ირანელები. ჩემს ოჯახში ყველა ქალს ჰიჯაბი ეხურა. ეს იყო ის, რასაც შევეჩვიე. მოგვიანებით, როცა თეირანში გადავედი და საპარლამენტო ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა, დედაქალაქში უფრო ლიბერალურ ცხოვრებას ვეზიარე. მიუხედავად ამისა, სასულიერო ლიდერებთან მუშაობა მარტივი არ იყო. მაგალითად, ერთ-ერთმა პარლამენტარმა იმის გამო მიყვირა, რომ ჩემი თმა ჰიჯაბიდან ოდნავ მოჩანდა” – აღნიშნა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მასიჰ ალინეჟადი ირანის კლასიკური საპარლამენტო ჟურნალისტიკის სტანდარტს არასდროს მიჰყოლია. საუბრობდა ხმამაღლა, სვამდა კრიტიკულ შეკითხვებს და არც აგრესიული რესპონდენტი მაღალჩინოსნების უხეშობას ტოვებდა უპასუხოდ. ისლამური რესპუბლიკის მთავრობისათვის მასიჰის მიერ დეპუტატების სახელფასო ამონაწერების საჯაროდ გამოქვეყნება ბოლო წვეთი აღმოჩნდა. თანმდევი საფრთხის ფონზე, მას სამსახურთან ერთად სამშობლოს დატოვებაც მოუწია.

უკვე ლონდონში გადასულმა და შეზღუდვებისაგან გათავისუფლებულმა, მალე საკუთარი სიხარული ფეისბუქ მეგობრებსაც გაუზიარა და უჩვენა, როგორ სეირნობდა ქალაქის ქუჩებში სავალდებულო ჰიჯაბის გარეშე. დიდი პროცესი სწორედ აქედან, სრულიად შემთხვევით დაიწყო.

“ფეისბუქზე ჩემი ერთ-ერთი ფოტო დავდე, რომელშიც ჩანდა, როგორ დავრბოდი გახარებული ლონდონის ქუჩებში ჰიჯაბის გარეშე, რა დროსაც ჩემს თმაზე ქარის ქროლვას ვგრძნობდი. მალევე ჩემი ფეისბუქ კომენტარების სექცია და პირადი მიმოწერის ველი გზავნილებით გაივსო ირანელი ქალებისაგან, რომლებსაც ერთგვარად შურდათ ეს, რადგან ირანში ისინი ვალდებულნი არიან, საჯაროდ ატარონ ჰიჯაბი, ზაფხულის ძლიერ სიცხეშიც კი. ვუპასუხე მათ და ვუთხარი, რომ თავადაც შეეძლოთ, შეექმნათ ფარული თავისუფლების მომენტები, რათა ქარის ქროლვის სიამოვნება საკუთარ თავზეც შეეგრძნოთ; და რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა რეაქცია ექნებოდა ხალხის ნაწილს ამასთან დაკავშირებით” – უთხრა ალინეჟადმა ნეტგაზეთს.

ასე იქცა ერთი ფოტო მრავალწლიანი ჩაგვრისადმი ბრძოლის ბიძგად. ირანელმა ქალებმა, დიდი ქალაქებიდან თუ პატარა დასახლებებიდან, მასიჰ ალინეჟადის მოწოდება გაიზიარეს და სავალდებულო სამოსს დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ.  პროცესს მალე კამპანიის სახე მიეცა:

“ჩემდა გასაკვირად, არაერთმა ქალმა გამომიგზავნა თავისი ფოტო ჰიჯაბის გარეშე, რომლებიც საჯარო სივრცეებში იყო გადაღებული. კამპანიის იდეაც აქ დაიბადა. მაშინ ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს კამპანია მოულოდნელად ასე გაიზრდებოდა და სხვა მცირე, პარალელურ კამპანიებსაც მოიცავდა, როგორიცაა “გნახავ ირანში ჰიჯაბის გარეშე”, “კაცები ჰიჯაბში”, “ჩემი აკრძალული სიმღერა”, “თეთრი ოთხშაბათი”, “ქალები რევოლუციის ქუჩიდან”, “სიარული დაუფარავად” და ბოლოს, “ჩემი კამერა ჩემი იარაღია”. ამ კამპანიების ფარგლებში, მილიონობით კაცმა და ქალმა იპოვა სივრცე, სადაც საკუთარ ხმას გაახმიანებდა. როგორც იცით, ირანის სახელმწიფო მედიას არასდროს გაუხმიანებია იმ ქალთა ხმები, რომლებსაც არ სურთ, სავალდებულო ჰიჯაბი ატარონ”.

კამპანიამ ერთგვარი სოლიდარობის ქსელი მთელი მსოფლიოს გარშემო შექმნა. სოციალური მედიაში მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს, როგორ იბრძოდნენ ირანელი ქალები ნების თავისუფლებისთვის და დაუმორჩილებლობის აქტების გასაჯაროებასაც არ ერიდებოდნენ.

პროცესმა ახალი მასშტაბები მიიღო მიმდინარე წლის იანვარში, ირანში დაწყებული ანტისამთავრობო პროტესტის დროს, როცა 33 წლის ვიდა მოვაჰედი სატელეფონო ყუთზე ავიდა და თავისი ჰიჯაბი ჯოხზე წამოცმული ააფრიალა.

მასიჰ ალინეჟადის თქმით, გამბედავი პროტესტი წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესის შედეგია, როცა წინაღმდეგობა დღითიდღე იზრდებოდა და ახალ მასშტაბებს იძენდა. მიუხედავად მუქარისა და დაკავებებისა, ახლა აქტივისტები აღარც ე.წ. მორალის პოლიციას უშინდებიან და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის წინააღმდეგობასაც უწევენ მას.

“ირანელი ქალებისაგან მომავალი ათასობით ვიდეოს, ფოტოსა და გზავნილის წყალობით, საკითხზე ცნობიერების დონე მეტად ავამაღლეთ. დავამსხვრიეთ ტაბუ მის გარშემო და ამჟამად ხალხი ღიად საუბრობს იმაზე, რომ სავალდებულო ჰიჯაბის საკითხი დღის წესრიგში დგას.

კამპანიამ ირანელ ქალებს გამბედაობა შემატა იმდენად, რომ ჩვენ ვიღებთ ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც ქალები ჰიჯაბის გარეშე მორალის პოლიციის თვალწინ მოძრაობენ და რისკზე მიდიან.

ამას გარდა, კამპანიამ შექმნა სოლიდარული განწყობა, ქალთა გაერთიანება მსოფლიოს გარშემო. მაგალითად, თურქი ქალები ირანელი ქალების კამპანიას, “თეთრი ოთხშაბათი”, ამავე სახელწოდების კამპანიით უჭერენ მხარს.

ჩვენი უახლესი ინიციატივა – “ჩემი კამერა ჩემი იარაღია” – რომლის ფარგლებშიც მორალის პოლიციის ძალადობას მისი ვიდეოგადაღებით ეწინააღმდეგებიან, იმდენად გავლენიანი გახდა, რომ არაერთი ვირუსული ვიდეო იქცა დებატის საგნად, სავალდებულო ჰიჯაბი კი ყურადღების ცენტრში უფრო მეტად მოექცა” – ამბობს ალინეჟადი.

მასიჰ ალინეჟადის თქმით, პროცესების ფონზე რთულია, საზოგადოების ნაწილი აღნიშნული საკითხის მიმართ ისეთივე ინერტული იყოს, როგორც ადრე:

“შეიძლება, ზოგიერთმა “პროგრესულმა” ისევ თქვას, რომ “ჩვენ ახლა გაცილებით სერიოზული პრობლემები გვაქვს”, თუმცა მათთვის გავართულეთ აღნიშნული საკითხის იგნორირება”.

მასიჰ ალინეჟადი ახლა ნიუ იორკში ცხოვრობს და “ამერიკის ხმის” ირანის ბიუროში საავტორო გადაცემა მიჰყავს. მისი კრიტიკის ობიექტი, ირანის სხვა ხელისუფალთა მსგავსად, ქვეყნის მთავრობაში ქალთა საკითხებზე მომუშავე მაღალჩინოსნებიც არიან. ალინეჟადის თქმით, მათი საქმიანობა ფორმალობის მასშტაბებს არ სცდება და არც ქალთა უფლებებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება:

“სამწუხაროდ, ე.წ. რეფორმისტული მთავრობის მაღალჩინოსანთა უმრავლესობა მეტად დაქვემდებარებულია რეჟიმის იმ გზაზე, რომლითაც ის ქალთა ცხოვრებას წარმართავს. ისინი ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას სხვადასხვა სფეროში ქალთა ჩართულობისადმი, თუმცა, რეალურად, ძალიან ცოტა გააკეთეს პატრიარქალური კანონების აღმოსაფხვრელად.

როდესაც ნიუ იორკში შაჰინდოხთ მოლავერდისა(ირანის ვიცეპრეზიდენტი ქალთა და ოჯახის საკითხებში) და მის დელეგატს ვკითხე, შემეძლო თუ არა ირანში ჩასვლა ჰიჯაბის გარეშე, პასუხის გაცემაზე უარი მითხრეს. შემდგომ კი თქვეს: “ჩვენს კანონებს პრობლემა არ აქვთ”.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ უპირველესად, რეფორმისტები ირანში სისტემის შენარჩუნებისკენ არიან მოწოდებულნი. მათთვის რეფორმები მეორეხარისხოვანია”.

“ქარი ჩემს თმაზე” – ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც მასიჰი საკუთარ გამოცდილებაზე, ბრძოლასა და მის შედეგებზე ჰყვება.

მანამდე კი წინააღმდეგობას აგრძელებს და, როგორც თავად ამბობს, ასე მოიქცევა მანამ, სანამ კამპანიის მთავარი მიზანი არ აღსრულდება:

“ახლა ქალებს ირანში არ აქვთ არჩევანი. ჩვენ კი არჩევანის თავისუფლებისთვის ვიბრძვით”.

“ჩავიცვამ იმას, რაც მსურს!” – ირანელი ქალების კამპანია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი