ახალი ამბები

“ვენტილიატორი იყო, თუმცა სიგრილე ჩემამდე ვერ აღწევდა” – აბიტურიენტები პირველ გამოცდაზე

2 ივლისი, 2018 • 2186
“ვენტილიატორი იყო, თუმცა სიგრილე ჩემამდე ვერ აღწევდა” – აბიტურიენტები პირველ გამოცდაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით. როგორც აბიტურიენტები აცხადებენ, საგამოცდო ცენტრებში ვენტილიატორებია დადგმული, თუმცა ახალგაზრდების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად აუდიტორიებში მაინც ცხელა. აბიტურიენტების თქმით, უკანა რიგებში ახალგაზრდები საერთოდ ვერ გრძნობენ ვენტილიატორის მოქმედებას.

დაჩი დოლიძემ პირველი გამოცდა 147-ე სკოლაში ჩააბარა. როგორც დაჩი ამბობს, ტესტი საშაულო სირთულის იყო და კარგ შედეგებსაც ელოდება:

“გამაგრილებელი საშუალება ვენტილიატორი იყო, რომელიც ოთახს არც ისე კარგად აგრილებდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე ვერ აღწევდა” – ამბობს დაჩი.

გიორგი ბოჯგუა კი ამბობ, რომ გარეთ გამოსულს უფრო დასცხა, ვიდრე აუდიტორიაში. გიორგის თქმით, არც საგამოცდო ტესტი იყო რთული და იმედი აქვს, გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს.

გიორგის და დაჩისთან ერთად ჩააბარა გამოცდა თინიკო ელიავამაც. აბიტურიენტის თქმით, გამოცდა 9 საათზე დაიწყო და შედარებით სიგრილე იყო:

“ძალიან არ ცხელოდა, ბოლოსკენ უფრო ჩამოცხა. ალბათ დილის გამო იყო შედარებით სიგრილე. ვენტილიატორი ბევრს ვერაფერს ცვლიდა” – ამბობს ელიავა.


როგორც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რუსთავში მდებარე საგამოცდო ცენტრში კონდიციონერის დამონტაჟბა იგეგმებოდა. ცენტრის თქმით, რუსთავი საპილოტე პროგრამის ფარგლებში შეირჩა და სწორედ ამიტომ დამონტაჟდა იქ კონდიციონერი. კონდიციონერის მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში დამონტაჟებას საზოგადოების ნაწილისა და აბიტურიენტების პროტესტი მოჰყვა.

ამ მოვლენებიდან მალევე საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა, რომ სამ სკოლაში კონდიციონერები მონტაჟდება, სხვა სკოლებში კონდიციონერების შეძენამდე და დამონტაჟებმადე დროებით დადგამენ ვენტილიატორებს.

ამავდროულად, განათლების სამინისტრო, პრემიერის დავალებით, გეგმავს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ჰაერის გამაგრილებელი მობილური დანადგარების შეძენას.

მინისტრის მოადგილის, თემურ მურღულიას განცხადებით, ვინაიდან გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს, შესყიდვა, დიდი ალბათობით, პირდაპირი წესით მოხდება.

“ჩვენ ვსაუბრობთ მობილურ დანადგარებზე, რომელიც ფანჯარაზე მილის მიერთებით ყენდება, ეს არ არის სპეცსისტემები, დღეს სპეცსისტემების დამონტაჟება სრულიად წარმოუდგენელია. ჩვენ ვსაუბრობთ სწრაფ გადაწყვეტაზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად მივეხმაროთ აბიტურიენტებს”, – თქვა მურღულიამ.

დანადგარების შეძენა-დაყენების პროცესი ორშაბათიდან, 2 ივლისიდან დაიწყება. სწორედ 2 ივლისს იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრში, 800-ზე მეტ სექტორიში ტარდება. როგორც მურღულია ამბობს, განათლების სამინისტრო შეეცდება, რომ ყველა საგამოცდო ცენტრში იყოს მობილური გამაგრილებელი სისტემა.

სიცხესთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი:

ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე).

მასალების გადაბეჭდვის წესი