ახალი ამბები

ფესტივალი ბათუმში რუსულ ენაზე, ქართული თარგმანით

2 ივლისი, 2018 • 2189
ფესტივალი ბათუმში რუსულ ენაზე, ქართული თარგმანით

ბათუმში, ევროპის მოედანზე დადგმული სცენიდან 30 ივნისს, ძირითადად, რუსულ ენაზე ისმოდა საუბარი და სიმღერა.  აქ ფესტივალი -„ოცდამეერთე საუკუნის ბავშვები“ გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალს ექვსი ქვეყნიდან ჰყავს მონაწილეები: ლატვიიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან და საქართველოდან.

ფესტივალი წამყვანს რუსულ ენაზე მიჰყავდა, ქართველი თანაწამყვანი კი, ძირითადად, რუსულიდან ქართულად თარგმნიდა მის ტექსტს.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვახტანგ ბერიძე ამბობს, რომ ეს საერთაშორისო ფესტივალია და ფესტივალის ენა განსაზღვრული არ არის:

„ეს არის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მანამდე ჩატარებულია საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთში, რუმინეთში, ლატვიაში, ლიტვაში, თურქეთში, მსოფლიოს 27 ქვეყანაში, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც რუსეთის მიმართ ჩვენზე დიდი აგრესია აქვთ. მაგალითად პოლონეთში ეს ფესტივალი სამჯერ ჩატარდა. რაც შეეხება რუსულ ენას და იმ აჟიოტაჟს, რაც არის ატეხილი სოციალურ ქსელებში, კარგი მსმენელი გაიგებს, რომ რუსულენოვანი ტექსტებით საუბრობენ საქართველოზე, ღირშესანიშნაობებზე და ა.შ.  წამყვანი არ არის რუსი, არის ბელორუსი… ბელორუსებს, აზერბაიჯანელებს და სხვებს, რომლებიც რუსულად საუბრობენ და მღერიან, ჩვენ ვერ ავუკრძალავდით არ გამოიყენონ რუსული ენა, ასეთი რამ არ ხდება“, – ამბობს ვახტანგ ბერიძე.

ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერად აჭარის მთავრობაა მითითებული. აჭარის მთავრობის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მათი ჩართულობა ნომინალური იყო და მხოლოდ საინფორმაციო მხარდაჭერაში გამოიხატებოდა.

„გვთხოვეს ნომინალური მხარდაჭერა. ეს არის კერძო ფესტივალი, თვითდაფინანსებით. საორგანიზაციო საკითხებში არ ვყოფილვართ ჩართული. ვიცოდით, რომ იყო რუსულენოვანი ქვეყნები, ეს ჩვენი მეზობელი ქვეყნებია და მათ შორის მონაწილე იყო რუსეთიც. სხვა ტიპის კავშირი ამ ფესტივალთან აჭარის მთავრობას აქვს“, – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალის ფინანსურ მხარდამჭერად ივენთკომპანია „GEO STUMARI“ იყო დასახელებული, თუმცა ეს კომპანია ღონისძიების ადგილზე შემსრულებელია და არა ფინანსური მხარდამჭერი. ეს „ბათუმელებთან“ „GEO STUMARI“-ის დირექტორმა, მალხაზ ბაბლუანმა დაადასტურა.

კითხვას, რატომ არის ფესტივალზე რუსული ენა წამყვანი და არა სახელწიფო, ქართული ენა, მაშინ როცა ფესტივალის მაყურებლებიც ქართველები უნდა იყვნენ, მალხაზ ბაბლუანი ასე პასუხობს:

„პოსტსაბჭოთა სივრციდან არიან მონაწილეები, უმეტესობა რუსულად საუბრობს და სხვა ენაზე მათთან კომუნიკაცია ვერ შედგებოდა. ქართულ ენაზეც იყო ყველაფერი, ორივე ენაზე.“

პროექტი – „ოცდამეერთე საუკუნის ბავშვები“, რუსეთში შეიქმნა. პროექტის ორგანიზატორი რუსული ტურკომპანია „პირამიდა ტურია“. როგორც პროექტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ფესტივალის მიზანია რუსეთისა და „ესენგეს“ ქვეყნების ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედების გაცნობა ევროპისა და სხვა ქვეყნებისათვის.

 ამავე თემაზე გირჩევთ

http://batumelebi.netgazeti.ge/news/144828/

მასალების გადაბეჭდვის წესი