აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილში სინოპტიკოსები დღეს 43 გრადუსს ელიან

აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში მომდევნო დღეებშიც მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. როგორც “ნეტგაზეთს” მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს, დღეს, 2 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ შესაძლოა 43 გრადუსსაც მიაღწიოს.

სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას თქმით, აღმოსავლეთისაგან განსხვავებით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიწევს. მოსალოდნელია წვიმაც.

“2-3 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში 40-41 გრადუსს შევინარჩუნებთ. არის დედოფლისწყაროს აღმოსავლეთი რაიონები, დაცული ტერიტორიები, სადაც არსებობს პირობა, რომ იქ აღინიშნოს მაღალი ტემპერატურა, თუნდაც 43 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი შენარჩუნდება 3 ივლისის ჩათვლით. [დასავლეთში] განსაკთრებით 5-6 ივლისს ჰაერის ტემპერატურის დაკლებაა მოსალოდნელი და შესაძლოა დაბლობ რაიონებში 30 გრადუსს ქვემოთაც ჩამოვიდეს. არ გამოვრიცხავთ, რომ დასავლეთ საქართველოში 5-6-7 ივლისს იყოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ეს ტემპერატურა და სიგრილე იმოქმედებს აღმოსავლეთშიც, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც დასავლეთში”, – აღნიშნა დოდო გვაზავამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თბილისში 2-3 ივლისს სინოპტიკოსები კვლავ 40 გრადუს სიცხეს პროგნოზირებენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან