ახალი ამბები

საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერებს დგამენ, ზოგან დროებით ვენტილატორებს დადგამენ – სამინისტრო

1 ივლისი, 2018 • 3217
საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერებს დგამენ, ზოგან დროებით ვენტილატორებს დადგამენ – სამინისტრო

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა, რომ სამ სკოლაში კონდიციონერები მონტაჟდება, სხვა სკოლებში კონდიციონერების შეძენამდე და დამონტაჟებმადე დროებით ვინტილიატორებს დადგამენ.

თეიმურაზ მურღულიას თქმით, დღეს, 1 ივლისს სპლიტ სისტემების დამონტაჟება სამ სკოლაში მიმდინარეობს: სპლიტ სისტემის კონდიციონერები მონტაჟდება თბილისის 175-ე და 103-ე და ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლებში.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შერჩევის კრიტერიუმი ორია, რამდენადაა ტემპერატურული რისკები მაღალი და შეუძლია თუ არა ამა თუ იმ სკოლის ელექტრომომარაგების სიმძლავრეებს ყველა ოთახში დადგმულ კონდიციონერებს გააუძლოს.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სპლიტ სისტემები იმ სკოლებში მონტაჟდება, სადაც ამის საშუალება არის, ამავდროულად მუშაობენ სკოლების ელექტროსიმძლავრეების გასაზრდელად.

სპლიტ სისტემის კონდიციონერი

მურღულიამ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ აირო პასუხისმგებლობა, რომ თურქეთიდან შეიძინონ მობილური კონდიციონერები და რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს საქართველოში.

“მობილურ კონდიციონერებსაც დასჭირდება მონტაჟი, პრემიერმა რამდენიმე დღე მოგვცა და ჩვენი ამოცანაა ამ პერიოდში ჩავეტიოთ”, – განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.

განათლების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2 მილიონი ლარია გამოყოფილი 900 კონდიციონერის შესასყიდად, თუმცა ეს თანხა მობილური კონდიციონერების მიხედვითაა დაანგარიშებული და სპლიტ სისტემების შეძენის შემთხვევაში ეს თანხა შესაძლოა გაიზარდოს.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ისინი ინტენსიურად გამოიყენებენ გამოცდებს შორის შუალედებს კონდიციონერების დასამონტაჟებლად, თუმცა იმ სკოლებში, სადაც ვერ მოესწრება კონდიციონერების დამონტაჟება დადგამენ ვენტილატორებს.

“ვითარების ოდნავ შემსუბუქების მიზნით, ყველა სკოლაში უკვე ვდგამთ ვინტილიატორებს, თუმცა ეს არ არის კონდიციონერის ჩანაცვლება. ეს არის კონდიციონერის დადგმამდე შეღავათის უზრუნველყოფის ამოცანა. სწრაფ გადაწყვეტილებას ვიღებთ, იქნება ძალიან ბევრი შენიშვნა, ზოგს არ მოეწონება ტემპერატურა, ზოგს არ მოეწონება ხმაური, მაგრამ ეს არის ის სწრაფი გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება დღეს გაკეთდეს”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი