ახალი ამბები

13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზა გაიხსნა

1 ივლისი, 2018 • 2830
13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზა გაიხსნა

2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზა თბილისის მერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გახსნეს. მერიის ცნობით რეაბილიტაცია 4 კილომეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდა.

მერიის ცნობით, გზის სირთულიდან გამომდინარე მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები:

• ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით დამონტაჟდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს;

• დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემა, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელ-გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ისინი ავტომატურად იკეტება.

• სპეციალისტებმა გამოიკვლიეს დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც გათვალისწინებულია 8-ბალიანი სეისმური ბიძგები და ჰიდროლოგიური წნევები. კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონები დაიბურღა და განხორციელდა ქანების ანკერული გამაგრება.

„ჩვენ გვახსოვს, მაშინ, როდესაც სტიქია დაატყდა დედაქალაქს თავს, მთელი მთა იყო ჩამოსული, რომელმაც მთლიანად გზაც ჩაიტანა. შეუძლებელი იყო აქ მოძრაობა. დღეს უკვე გაიხსნა ეს გზა. ადამიანებს უკვე შეუძლიათ აქ გადაადგილება. მნიშვნელოვანია ის, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია. თქვენ ხედავთ, თუ რა მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული. აქ დამონტაჟებულია სპეციალური სისტემა, რომლის მეშვეობითაც გზა საფრთხის შემთხვევაში ჩაიკეტება. შესაბამისად, ადამიანებს აქ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 29 მილიონ ლარს სცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი