გრიგოლია: საქართველოში შემოვიდა ბევრად იაფი და ამავე დროს სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:

„რატომ არის მაღალი ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი? სხვა მიზეზებთან ერთად, ალბათ გასათვალისწინებელია სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორიც, იაფი ნარკოტიკის ხელმისაწვდომობა, ბოლო პერიოდში თვალშისაცემი და გაუგებარია. როგორც ჩანს, ადვილად მოპოვებადი ნარკოტიკები შემოდის ქართულ იატაკქვეშა ბაზარზე.

თვალშისაცემია კუსტარული, შედარებით იაფფასიანი  ნარკოტიკის მოხმარების ფაქტები. მომხმარებელთა რიცხვი მაღალია ალბათ იმიტომ არის, რომ საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა არაა ორიენტირებული ადამიანზე, პრაქტიკულად ქმედითი არაფერი კეთდება წამალდამოკიდებულთა მკურნალობისთვის: ჩვენი ნარკოპოლიტიკა არაა მიმართული მომხმარებლის ჯანდაცვასა და რეაბილიტაციაზე. რეაბილიტაციის ნაცვლად მომხმარებლის დასჯაზეა ორიენტირებული და არ ინტერესდება, რა ელის სადამსჯელო ღონისძიების გატარების შემდეგ ადამიანს. თუ სახელმწიფოს  ნარკოპოლიტიკა არ იქნება  მიმართული მომხმარებლის რეაბილიტაციის, ჯანდაცვისკენ, ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა რიცხვის შემცირება რთული იქნება.

აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში, ნარკოტიკების ბაზარზე შემოვიდა ბევრად უფრო იაფი და უფრო ხელმისაწვდომი, ამავე დროს სიცოცხლისთვის ხშირად საშიში ნარკოტიკული საშუალებები. ძალიან მცირე ინტერვალით ყველანი გავხდით არაერთი  ფაქტის მომსწრე, როგორ გარდაიცვალნენ ახალგაზრდები. თითოეულ ჩვენგანს აქვს კითხვა, ხომ არ „კრიშავს“ ვინმე ამ ამბავს.

წარმოუდგენლად დიდი თანხა იხარჯება ნარკოტესტირებებსა და ექსპერტიზაზე, მაშინ, როცა ეს თანხა მომხმარებელთა სარეაბილიტაციო, სამედიცინო  სერვისებისთვის  უნდა იყოს გახარჯული. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რატომ იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის ან პოლიციის დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკოტესტირებებზე, მაშინ როცა პოლიციის მთელი ყურადღება შეიძლება იყოს მიმართული ნარკორეალიზატორებისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი დანაშაულის აღკვეთისკენ.

ციხით ნარკომომხმარებლები, რა თქმა უნდა, არ უნდა ისჯებოდნენ.  ციხის სასჯელი მომხმარებელთა რიცხვს ვერ შეამცირებს.

ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების გარეშე, დიდი შანსია, ნარკოდამოკიდებული სასჯელის მოხდის შემდეგ ისევ მიუბრუნდეს ნარკოტიკს.

როცა ვამბობ, რომ არ შეიძლება ადამიანი ნარკოტიკის  გამო გაუშვა ციხეში, ვგულისხმობ მომხმარებელს და არა რეალიზატორს. რეალიზატორების მიმართ მკაცრი სადამსჯელო პოლიტიკის მომხრე ვარ.“

 

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი