ახალი ამბები

მომთვინიერებელი, რომელიც ლომმა დაგლიჯა, გარდაიცვალა

28 იანვარი, 2014 • • 1487
მომთვინიერებელი, რომელიც ლომმა დაგლიჯა, გარდაიცვალა

როგორც ნეტგაზეთთან საუბარში ნატა ხურციძე, საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, პაციენტი შაბათს, 25 იანვარს გარდაიცვალა. 

 

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო. ყველაფერი გაკეთდა მის გადასარჩენად, თუმცა პაციენტი გარდაიცვალა,”- ამბოსბ ხურციძე. 

 

თბილისის ცირკში ინციდენტი 20 იანვარს მოხდა. უკრაინული საცირკო დასის ერთ–ერთ წევრს, ლომების მომვლელსა და მომთვინიერებელს ლომი დაესხა თავს.


ცირკის გენერალურმა დირექტორმა დემურ ლორიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო საცირკო კომპანიის დასს თბილისში წარმოდგენები უკვე დასრულებული ჰქონდა და კოლექტივი საქართველოს დატოვებას დღეისათვის გეგმავდა, თუმცა ინციდენტი მოხდა. საცირკო დასის თანამშრომელი მაშინვე ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკაში (რესპუბლიკური) გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი