სიცხის გამო, გამოცდებისთვის გამაგრილებელი მობილური დანადგარების შეძენა იგეგმება

განათლების სამინისტრო, პრემიერის დავალებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ჰაერის გამაგრილებელი მობილური დანადგარების შეძენას გეგმავს.

მინისტრის მოადგილის, თემურ მურღულიას განცხადებით, ვინაიდან გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს, შესყიდვა, დიდი ალბათობით, პირდაპირი წესით მოხდება.

“ჩვენ ვსაუბრობთ მობილურ დანადგარებზე, რომელიც ფანჯარაზე მილის მიერთებით ყენდება, ეს არ არის სპეცსისტემები, დღეს სპეცსისტემების დამონტაჟება სრულიად წარმოუდგენელია. ჩვენ ვსაუბრობთ სწრაფ გადაწყვეტაზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად მივეხმაროთ აბიტურიენტებს”, – თქვა მურღულიამ.

დანადგარების შეძენა-დაყენების პროცესი ორშაბათიდან, 2 ივლისიდან დაიწყება. სწორედ 2 ივლისს იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრში, 800-ზე მეტ სექტორიში ტარდება. როგორც მურღულია ამბობს, განათლების სამინისტრო ეცდება, რომ ყველა საგამოცდო ცენტრში იყოს მობილური გამაგრილებელი სისტემა.

სიცხესთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი:

ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე).


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში კონდიციონერის ჩართვის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს, 29 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე ამ საკითხს განიხილავენ. პრემიერი უარყოფითად აფასებს ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვას მხოლოდ რუსთავში.

“ჩემი შეფასებით, ეს გარემოება ძალიან ცუდია. დღეს, მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ,  თუ როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს. ამ საკითხის დაგეგმვა ალბათ უკეთ შეიძლებოდა. აუცილებლად გავერკვევი დეტალებში, თუ რატომ დადგა ასეთი გარემოება ,” – განაცხადა მამუკა ბხტაძემ.

ერთიან ეროვნული გამოცდებზე, რომელიც 2 ივლისს იწყება, კონდიციონერი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში.

ეროვნული გამოცდების ცენტრის ცნობით, რუსთავი შეირჩა საპილოტე პროგრამის ფარგლებში და სწორედ ამიტომ დამონტაჟდა იქ კონდიციონერი. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ შენობა ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ მუდმივად მზის ქვეშაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com