თუ დადასტურდება, რომ სიაში გარდაცვლილები არიან, ამოვიღებთ – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, თუ დამტკიცდება, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილი სიაში გარდაცლილებიც არიან, მაშინ სიიდან ამ ადამიანებს ამოიღებენ. “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” 33-კაციანი სიის შემადგენლობა 26 ივნისს გახდა ცნობლი. მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში წერია, რომ სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

“პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, ვინ უნდა იყოს ამ სიაში. ამ კრიტერიუმების მიხედვით, პირი უნდა იყოს ბრალდებული ან მსჯავრდებული და დანაშაული ჩადენილი უნდა იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყველა კრიტერიუმს სრულფასოვნად პასუხობს წარმოდგენილი სია. რაც შეეხება გარდაცვლილების საკითხს, ბუნებრივია, ვინც ამ სიას ადგენდა, ფიქრობდა, რომ გარკვეული სახის კითხვები იქნებოდა. როდესაც არ არის არანაირი მტკიცებულება, არანაირი საბუთი, რომ ის პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაუალი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის გარდაცვლილი ან არა. ამიტომ ვერ მოხდებოდა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. ეს სია დახურული არ არის და თუ იქნება ამა თუ იმ პირზე დოკუმენტური მტკიცებულება, რომ გარდაცვლილია, ამოვიღებთ,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ინფორმაცია, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში საქართველოს ხელისუფლებამ გარდაცვლილები შეიყვანა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა სერგი კაპანაძემ გაავრცელა.

“ამ სიაში შეიყვანეს ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია გარდაცვლილები არიან. ანუ, სანქცირებული ადამიანების სიაში გარდაცვლილები შეიყვანეს,” – აცხადებს სერგი კაპანაძე.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ევალებათ მიიღონ შესაბამისი ზომები, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში ამ სიაში შეყვანილ პირებს სავიზო, ქონებრვი და ფინანსური ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაუწესდეთ.

ტატუნაშვილი – ოთხოზორიას 33-კაციანი სია სრულად

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.