ახალი ამბები

პრემიერი 7.5%-იან ეკონომიკურ ზრდას მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს

29 ივნისი, 2018 • 1672
პრემიერი 7.5%-იან ეკონომიკურ ზრდას მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 29 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც მაისში დაფიქსირდა, ძირითადად ექსპორტის ზრდამ განაპირობა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტის) ზრდა ტრანსპორტის, ვაჭრობის, საფინანსო, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორების ბრუნვის ზრდას უკავშირდება. რაც შეეხება ექსპორტს, 2018 წლის პირველ ხუთ თვეში, საქსტატის თანახმად, ექსპორტი 28%-ით გაიზარდა.

“ცოტა ხნის წინ საქსტატმა ახალი მონაცემი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 7.5% შეადგინა. ასეთი მაჩვენებელი იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკური პოლიტიკას ატარებს. ეს არის ასევე იმის დასტური, რომ ის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ქმნის იმ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრის ტემპები დაჩქარებული იქნება. ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ეფექტიც გაუმჯობესებულია. აქ პირველ რიგში მინდა ექსპორტის ზრდას შევეხო, რომელიც 2017 წლის მაისთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი. რაც ამ ეკონომიკური ზრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო,” – განაცხადა პრემიერმა.

მმართველმა გუნდმა სამთავრობო ცვლილებების ერთ-ერთ მიზეზად ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა, რომელიც, მათი თქმით, 12 ივნისს გამოქვეყნებულმა Unicef-ის კვლევამ აჩვენა. 13 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი