პარლამენტმა საპენსიო რეფორმას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 28 ივნისს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დაგროვებით საპენსიო რეფორმას. აღნიშნული რეფორმის მომხრე 62 იყო, ხოლო 3 -წინააღმდეგი.

კანონპროექტი, რომელსაც დღეს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს,  საპენსიო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის არეგულირებს სქემაში ჩართვის წესებს და პირობებს.

კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით- ნებისმიერი თვითდასაქმებული. ამასთანავე, კანონპროექტი ვრცელდება აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და სხვა პირების საქმიანობაზე იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ასეთი საქმიანობა უკავშირდება დაგროვებით პენსიებს.

“დაგროვებითი პენსიების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. დასაქმებული გადაიხდის დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს.  2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო.

ვრცლად აღნიშნულ საკითხის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან