ახალი ამბები

ოჯახის წევრების თქმით, გატაცებულ მესაზღვრეებთან კონტაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყდა

28 ივნისი, 2018 • 1750
ოჯახის წევრების თქმით, გატაცებულ მესაზღვრეებთან კონტაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყდა

ერთ-ერთი გატაცებული მესაზღვრეების ოჯახის წევრების თქმით, სასაზღვრო პოლიციელებთან კონტაქტი ბოლოს ორშაბათს ჰქონდათ. ოჯახის წევრების განცხადებას რუსთავი 2 ავრცელებს.

როგორც ისინი ამბობენ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინფორმაცია არც გატაცებული მესაზღვრეებისგან და არც სახელმწიფო უწყებებისგან არ მიუღიათ.

ლაგოდეხის რაიონში, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან რუსმა სამხედროებმა ორი ქართველი მესაზღვრე გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reginfo ავრცელებს. შსს-მ გუშინდელ ინციდენტზე ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც შესაბამისი ცნობა Reginfo-მ გამოაქვეყნა.

შსს-ს ინფორმაციით, 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდა.

გამოცემის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის წევრები გუშინ გაიტაცეს. ადგილობრივებმა „რეგინფოსთან“ საუბარში დაადასტურეს ქართველი მესაზღვრეების გატაცების შესახებ ინფორმაცია.

გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება.

პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 29 ივნისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი