ახალი ამბები

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

28 ივნისი, 2018 • 3205
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა ამინისტიის შესახებ კანონით, დანიშნული სასჯელი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით შეუმცირდა.

სააკაშვილს ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავების უფლება სახელწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში 2 წლისა და 3 თვის ვადით.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, სააკშვილმა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, ძალადობით და იარაღის გამოყენებით, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მანვე ჩაიდინა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.

სასამართლოს ცნობით, საქმე ეხება 2005 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისში შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებული მებრძოლების მიერ მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალერი გელაშვილსა და მის თანხმლებ პირებზე თავდასხმის ფაქტს.

საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებული, პარლამენტის იმჟამინდელი წევრის – ვალერი გელაშვილის სტატიის შემდეგ, სადაც ეს უკანასკნელი შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ, ბრალდებულმა, პირადი შურისძიების მოტივით, მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება განიზრახა. ვალერი გელაშვილის სამაგალითო დასჯა დაავალა იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, რაზედაც მიიღო უარი. აღნიშნულის შემდეგ, ფიზიკური ანგარიშსწორება ბრალდებულმა საქართველოს შს მინისტრს დაავალა, რომელმაც, თავის მხრივ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების შესრულება. დაზარალებულმა ცემის შედეგად მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი