ახალი ამბები

შსს ზვიად კუპრავას ედავება სასამართლოს უპატივცემულობას

28 ივნისი, 2018 • 2101
შსს ზვიად კუპრავას ედავება სასამართლოს უპატივცემულობას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო:

“2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოქალაქე ზ.კ-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმ შემთხვევაში, თუ კუპრავას დაუდასტურდება აღნიშნული ბრალი, მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებო შრომას ვადით ას ორმოციდან ორას ორმოც საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

ზვიად კუპრავა რამდენიმე კვირის წინ  ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს  და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შესვენება გამოაცხადა, რა დროსაც კუპრავა სასამართლოს სასადილოში ჩავიდა.

სასადილოში  ზვიად კუპრავას, ზაზა სარალიძესა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ზვიად კუპრავას თქმით, პოლიციელებმა მათ საჭმლის ჭამა არ აცადეს და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს – “დაგვალეწეს ყველაფერი თავზე”. სწორედ ამ ინციდენტს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კუპრავა ადმინისტრაციული პატიმრობიდან 25 ივნისს გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი