ახალი ამბებიკომენტარიხელოვნება

კულტურის სამინისტრო საჭიროა – თეო ხატიაშვილი

28 ივნისი, 2018 • 4256
კულტურის სამინისტრო საჭიროა – თეო ხატიაშვილი

თეო ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება ძალიან არასწორია. ხელოვნებათმცოდნის აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება გაუაზრებელი და ნაჩქარევად გადადგმულ ნაბიჯია.

როგორც თეო ხატიაშვილი ამბობს, ამ დროისთვის საზოგადოებამ ისიც კი არ იცის, იქნება თუ არა ეფექტიანი ორი სფეროს გაერთიანება თუნდაც მცირე მთავრობის მოტივით და მართლა დაიზოგება თუ არა ამით ბიუჯეტის თანხები.

“მე ორი სამინისტროს გულშემატკივარი ვარ, რაკი განათლების სფეროშიც ვმუშაობ და ვხედავ, რამდენი პრობლემაა განათლების სისტემაში და უნივერსიტეტებშიც. ბევრი პრობლემებია კულტურაშიც. ამ ორი უწყების შეერთება კიდევ უფრო მეტ პრობლემას და გადაუჭრელ საკითხს წარმოშობს. სტრატეგიუალადაც გაუთვლელია ეს გადაწყვეტილება. საეჭვოა, ვინ უხელმძღვანელებს გაერთიანებულ უწყებას და რამდენად კარგად იქნება გარკვეული  ერთდროულად კულტურასა და განათლებაში.

სპორტიც შედის, მაგრამ ამაზე აღარ ვლაპარაკობ, რადგან განათლება და კულტურა პრიორიტეტული სფეროებია. სტრუქტურულად ისეა აწყობილი, რომ სპორტის სამინისტროს გაუქმებით შესაძლოა უფრო ნაკლები პრობლემა იყოს,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” თეო ხატიაშვილმა.

თეო ხატიაშვილის თქმით, განათლებაც და კულტურაც ძალიან მნიშვნელოვანი სფეროებია, რადგან აბსტრაქტულ წარმოდგენაშიც კი განათლებისა და კულტურის სამინისტრო უფრო ახლოს არის ცნობიერებასთან და აზროვნებასთან, ასევე, ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებასთან დაკავშირებით:

“თან, დღესაც ძალიან ბევრი პრობლემაა ორივე სისტემაში, როგორც თვითონ სამინისტროში სტრუქტურულად, ისე ამ სფეროს განვითარებაში. თუ ცალ-ცალკე ამ სფეროებზე ორიენტირებული სამინისტროები ვერ უზრუნველყოფდნენ ამ პრობლემების მოგვარებას, მით უმეტეს, მათი გაერთიანებით გაცილებით ბევრი გაურკვეველი საკითხი წამოიჭრება.

წლების განმავლობაში ვაკვირდები, თუ როგორ მუშაობს განათლების სამინისტრო თუ კულტურის სამინისტრო, თუნდაც რა კადრები ჰყავთ, რამდენად გააზრებული აქვთ თავიანთი ფუნქციები… ასე თუ ისე, გაუმართლებელი რეფორმის მოდელებთან ერთად, პერიოდულად, განათლების სამინისტროში იდგმებოდა სწორი ნაბიჯები. პრინციპში, კახა ლომაიამ გაატარა ყველაზე წარმატებული რეფორმა მისაღებ გამოცდებზე კორუფციის მოსპობასთან დაკავშირებით. კულტურის სამინისტროში სწორი რეფორმირება და რეორგანიზება დღემდე პრობლემაა. კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები და კრიტიკოსები სულ იმის შესახებ ლაპარაკობენ, რომ საჭიროა სწორი კულტურის პოლიტიკა. ამ გაურკვევლობასა და ისედაც ბუნდოვან წარმოდგენებში  ამ ორი უწყების ასე შეერთება გაუმართლებელია, რადგან არანაირი სტრატეგიული ხედვა არ არსებობს ქვეყანაში.

მარტო კულტურის კი არა, ნებისმიერი რაღაცის ჩავარდნაზე როდესაც ვლაპარაკობთ, სულ მივდივართ იქამდე, რომ ეს არის განათლების პრობლემა, თუნდაც, საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რა ხედვები აქვს გაერთიანებულ სამინისტროს და როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ორი სფერო ერთად, როგორ მოხდება მათი გადაკვეთა (რაკი აერთიანებენ, ესე იგი რაღაც კოორდინაციაც უნდა იყოს უფრო მეტი). ამიტომ ამას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ.”

როგორც თეო ხატიაშვილი ამბობს, საყოველთაო კონსენსუსი არსებობს, რომ განათლება ქვეყნის პერსპექტივისთვის ფუნდამენტური საფუძველი უნდა იყოს. მისი თქმით, ასევე, თუ საქართველოს შეუძლია რამით დაიმკვიდროს თავი, ეს არის კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა.

“ხელისუფლებების ცვლილების დროს სულ ტრიალებს ეს თემა და ამბობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობა არის პრიორიტეტულიო, რეალურად კი აბსოლუტურად სხვა სურათს ვხედავთ – ფეთქდება საყდრისი, ბაგრატის ნაცვლად ბუტაფორია მაკეტს ვიღებთ, ძველი ქალაქი თვალსა და ხელს შუა ქრება და ა.შ. ისიც კი, რომელიც თითქოს პრიორიტეტულია, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, განადგურების პირასაა და იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, რამდენად ვუწყობთ ხელს ახალი ხელოვნების განვითარებას. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ უკავშირდება ტურიზმის განვითარებას, რომელიც, მგონი, ერთადერთი ბერკეტიღაა, რომ ამ ქვეყანამ როგორღაც იარსებობს. ის ტურისტებიც ამ უნიკალურობის გამო თუ ჩამოდიან და არა იმიტომ, რომ აქ დახვდებათ ძალიან კუსტარულად გაკეთებული დუბაი,” – ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

ხშირად მიდის დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ კულტურის სამინისტრო საბჭოური გადმონაშთია და არ არის საჭირო. თეო ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან არასწორი მსჯელობაა. მისი თქმით, საქართველოს სწორედაც რომ სჭირდება ეს სამინისტრო, რადგან სხვა ფინანსური წყარო არ არსებობს, ხოლო  კულტურა საკმაოდ დიდი ფუფუნების სფეროა.

თეო ხატიაშვილი ამბობს, რომ თვითონ კულტურის სამინისტრომ უნდა განსაზღვროს თავისი პრიორიტეტები და ის უნდა იყოს უფრო ქმედითი:

“აქამდე კულტურის სამინისტრო ძალიან ცუდად მუშაობდა და ასე არ უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, საერთოდ დავხუროთ. ასეთი მიდგომით მთელი ქვეყანა უნდა დავხუროთ იმიტომ, რომ კარგად არ ფუნქციონირებს.

ჩვენთან არ არსებობს ფონდები და  სამეცენატო კანონი, როდესაც იგივე ბიზნესმენები დაინტერესდებიან, რომ რაღაც ჩადონ კულტურაში და ამით თვითონაც მოიგონ. ამ შესაძლებლობებში ერთადერთი თავშესაფარია კულტურის სამინისტრო.”

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს ეჭვი ეპარება, შემცირდეს ბიუროკრატიული აპარატი კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანებით. მისი თქმით, შეიცვლება მხოლოდ ის, რომ სამი მინისტრის ნაცვლად იქნება ერთი.

“ცხადია, როდესაც არის ლაპარაკი იმაზე, რომ ამ გაერთიანებით ეკონომია უნდა გავაკეთოთ, დაფინანსება უნდა შეუმცირდეს კულტურასაც, განათლებასაც და სპორტსაც. ამიტომ, კიდევ უფრო ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდებით, თორემ ეს მუშაობის სტილი რომ ნამდვილად შესაცვლელია, ამაში არავის შევედავები. უბრალოდ, საერთოდ გაუქმება იქნება ძალიან პრიმიტიული მიდგომა, რითც პრობლემები ვერ მოგვარდება. თუნდაც მერიის ბიუჯეტიც ძალიან მწირია იმისთვის, რომ პატარ-პატარა პროექტებს მიხედოს და განავითაროს ეს სფერო.

სხვათა შორის, უცხოური ფონდები, რომლებიც კულტურას აფინანსებდნენ, უფრო და უფრო მცირდება. ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ჟანგბადს ვუკეტავთ ხელოვანებს, რომლებსაც სხვანაირად არ შეუძლიათ განავითარონ თავიანთი პროფესიონალიზმი, რომელიც შემდეგ ისევ განათლებას უკავშირდება. განათლებაც ასეთივე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მგონია, რომ კიდევ უფრო რთული შეიძლება იყოს მისი მდგომარეობა. მოკლედ, ასეთი ჩაკეტილი წრე იქმნება.”

თეო ხატიაშვილი, ხელოვნებათმცოდნე. ფოტო: თამარ მირიანაშვილი

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  26 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში იქნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს უერთდება.

ვრცლად სამთავრობო ცვლილებებზე წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი