ახალი ამბები

ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერი მხოლოდ რუსთავში იქნება

28 ივნისი, 2018 • 4247
ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერი მხოლოდ რუსთავში იქნება

ერთიან ეროვნული გამოცდებზე, რომელიც 2 ივლისს იწყება, კონდიციონერი ხელმისაწვდომიიქნება მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში.

ეროვნული გამოცდების ცენტრის ცნობით, რუსთავი შეირჩა საპილოტე პროგრამის ფარგლებში და სწორედ ამიტომ დამონტაჟდა იქ კონდიციონერი. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ შენობა ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ მუდმივად მზის ქვეშაა. ნეტგაზეთის შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა სხვა საგამოცდო ცენტრებშიც კონდიციონერის დაყენება, გამოცდების ეროვნული ცენტრმა ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად განათლების სამინისტროსთან გადაგვამისამართა.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის არარსებობა მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, აღნიშნული საკითხი ეტაპობრივად მოგვარებულიყო.

“შესაბამისად, გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი ცენტრების აღჭურვა, რომელიც სოლიდურ ბიუჯეტს საჭიროებს, მხოლოდ და მხოლოდ პილოტირების შემდეგ განხორციელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ყველა საგამოცდო ცენტრში შესაბამისად მოწესრიგდა და გარემონტდა სველი წერტილებიც”, – აცხადებენ სამინისტროში.

ეროვნული გამოცდები მუდმივად ტარდება ივლისის თვეში, როცა ტემპერატურა მაღალია. სიცხე და კონდიციონერის არარსებობა გასულ წლებშიც წარმოადგენდა პრობლემას აბიტურიენტებისათვის. ეროვნული გამოცდების ცენტრი გამოცდებს ატარებს 800-ზე მეტ სექტორში. ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი შარშან “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყველგან კონდიციონერის დამონტაჟება შეუძლებელია.

“კარგი იქნებოდა, ქვეყანას რომ ამის შესაძლებლობა ჰქონოდა. რამდენიმე სკოლაც რომ ყოფილიყო გაგრილების სისტემით, აქცენტს მათზე ავიღებდით, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ არის. იმედია, მომავალში იქნება. ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს არანაირი შესაძლებლობა და უფლება, რომ სკოლების ან უმაღლესი სასწავლებლების სექტორებში კონდიციონერები დავამონტაჟოთ. ეს სრულიად წარმოუდგენელია. მხოლოდ ფინანსურ მხარეზე არ არის საუბარი, რადგან როცა ერთ სექტორში 15 ადამიანი ერთადროულად ზის, იქაც არსებობს პრეტენზიები, რომ… მე, მაგალითად, არ მიყვარს კონდიციონერი. მირჩევნია ბოლომდე გავუძლო სიცხეს, ვიღაცაზე [პირიქით] მოქმედებს კონდიციონერი და მისი გამორთვა უნდა, ვიღაც ამბობს, რომ ძალიან ცხელა და ჩართეთ”,- ამბობდა მიმინოშვილი.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში დღეს აცხადებენ, რომ საპილოტო პროექტის ფარგლებში მოხდება იმის გაანალიზება,თუ  როგორ აისახება კონდიციონერის არსებობა საგამოცდო პროცესის მიმდინარეობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი