ახალი ამბები

გარე განათება და მიწისქვეშა პარკინგი – პროექტები, რომლებსაც მერია ბიზნესს სთავაზობს

28 ივნისი, 2018 • 1964
გარე განათება და მიწისქვეშა პარკინგი – პროექტები, რომლებსაც მერია ბიზნესს სთავაზობს

დღეს, 28 ივნისს, თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესმენებს შეხვდა. თბილისის მერიამ მათ რამდენიმე საინვესტიციო პროექტი, მათ შორის, გარე განათებისა და მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის პროექტები გააცნო. თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობზე მერიამ რამდენიმე კვირის წინ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ უწყება ბიზნესს ერთ ლარად სთავაზობდა თბილისის სამ ადგილზე საპარკინგე ტერიტორიას, ინტერესი არცერთმა კომპანიამ გამოხატა. მიწისქვეშა პარკინგზე ინტერესის გამოსახატავად კომპანიებს დრო 5 ივლისამდე აქვთ. რაც შეეხება ქუჩის განათების პროექტს, მერიაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ჯერ უცნობია, როდის დაიწყება ინტერესთა გამოხატვის პროცესი.

ქუჩის განათების პროექტი

მერია ქუჩის განათების ენერგოეფექტური LED განათებით ჩანაცვლებას გეგმავს. უწყებაში აცხადებენ, რომ პროექტი კერძო სექტორის ჩართულობით უნდა განხორციელდეს. მერიის თანახმად, თბილისში არსებული გარე განათების სანათებიდან 100 ათასი ქუჩის სანათი უნდა ჩანაცვლდეს ენერგოეფექტური LED სანათით. უწყების ინფორმაციით, გარე განათებასთან დაკავშირებული ხარჯები წლის განმავლობაში 16 მლნ ლარს შეადგენს, აქედან 8 მლნ ელექტროენერგიის ხარჯია, ხოლო 8 მლნ- ექსპლუატაციის. მერიის განმარტებით, იმ კომპანიას მიენიჭება უპირატესობა, რომელსაც შედარებით დაბალი ოპერაციული ხარჯები ექნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია თბილისის განათებაზე უფლებას 10 წლით მიიღებს.

“ქალაქის გარე განათების პროექტში ბიზნესკომპონენტი არასდროს ყოფილა და მთლიანად სუბსიდირებაზე იყო დამოკიდებული. ვფიქრობთ, ამ პროექტს დიდი ბიზნესპოტენციალი გააჩნია,” – აცხადებს ვიცემერი ირაკლი ხმალაძე.

მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, ინვესტორი ჩადებული ფულის დაბრუნებას მიიღებს ორი გზით, LED სანათების ენერგოეფექტურობით. ამასთან მერიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ  დაზოგილი ელექტროენერგიის საექსპლუატაციო თანხას კომპანია მთლიანად მიიღებს.

მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომების პროექტი

რაც შეეხება მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობის პროექტს, მერია კომპანიებს მიწას ერთ ლარად  25 წლის ვადით გადასცემს. მერიაში მიაჩნიათ, რომ ბიზნესისთვის საინტერესო უნდა იყოს თბილსში 400 ათასზე მეტი რეგისტრირებული ავტომანქანა და ავტომობილების რაოდენობის დაახლოებით 7%-იანი ყოველწლიური ზრდა.

მერია ბიზნესს სთავაზობს თბილისში სამ ადგილს: ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას, გეგეშიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიასა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას.

მერიის ინფორმაციით, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგისთვის 840 მ2 მიწა გამოყო, რაც დაახლოებით 70 მანქანაზეა გათვლილი. ინვესტიციის სავარაუდო ღირებულებად მერია 3 მლნ ლარზე მეტს ასახელებს. გეგეშიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მერია 2 250 მ2 მიწას გამოყოფს, სადაც უწყების თანახმად, 175 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა არის შესაძლებელი. ინვესტიციის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 9.5 მლნ ლარია. რკინიგზის სადგურის მიმდებარედ პარკინგისთვის 5 084 მ2 მიწის გაცემა იგეგმება, სადაც ავტოსადგომის მოსაწყობად ინვესტიციის სავარაუდო ღირებულებად 20 მლნ ლარი სახელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი