ახალი ამბები

მარინე მიზანდარი: სამინისტროს გაუქმება ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის კულტურა პრიორიტეტი არაა

27 ივნისი, 2018 • 3748
მარინე მიზანდარი: სამინისტროს გაუქმება ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის კულტურა პრიორიტეტი არაა

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მარინე მიზანდარი, რომელიც 2012-დან 2014 წლამდე კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობას გააზრებული არ აქვს კულტურის როლი. როგორც მიზანდარი ამბობს, ეს გამოჩნდა კულტურის სამინისტროს გაუქმებითა და მისი განათლების სამინისტროსთან შეერთების გადაწყვეტილებით.

ხელოვნებათმცოდნე მიიჩნევს, რომ არსებული ფორმითა და მენეჯმენტის პირობებში კულტურის სამინისტრო პოზიტიური ცვლილებების მომტანი არ იყო, თუმცა უწყების მთლიანად გაუქმება არაფერზე მიანიშნებს იმის გარდა, რომ საქართველოში კულტურა პრიორიტეტი არ არის:

“დღევანდელი კულტურის სამინისტრო  რა სახითაც ბოლო წლების მანძილზე არსებობდა, ისეთი არის და იყო, რომ მისი ყოფნა-არყოფნა ზოგადად არაფერს ცვლიდა. მისი საქმიანობიდან გამომდინარე, დიდი სარგებელი არ მოჰქონდა. თუმცა, ზოგადად, ამ საჯარო უწყების, კულტურის სფეროში მოქმედი ინსტიტუციის გაუქმება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია და ნიშნავს იმას, რომ ქვეყნისთვის კულტურა არ არის პირორიტეტი. ამით გამოჩნდა, რომ კულტურის როლი ჩვენს ხელისუფლებას არ ესმის სწორად. იმიტომ, რომ კულტურა ის ერთი-ერთი ბურჯია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური, მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი განვითარება უნდა დაეყრდნოს” – ამბობს მარინე მიზანდარი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მიზანდარის თქმით სამინისტროს გაუქმების ნაცვლად, ამ სფეროს ინსტიტუციური განვითარება უნდა მომხდარიყო, რაც ქვეყნის კულტურული პოტენციალის გამოყენებას შეუწყობდა ხელს:

“კულტურას არა მხოლოდ მატერიალური კუთხით შეუძლია ძალიან დიდი სიკეთის მოტანა, არამედ სოციალური განვითარებისთვისაც. სწორად თუ განვითრდებოდა ეს დარგი და ინსტიტუციურად კიდევ თუ გაიმართებოდა… თუნდაც, რეგიონებში უფრო მყარი კულტურული დეპარტამენტები თუ შეიქმნებოდა, რომლებსაც მეტი დამოუკიდებლობა და ფინანსური რესურსი ექნებოდა, მაგრამ  ამის ნაცვლად ეს უწყება უქმდება” – ამბობს ხელოვნებათმცოდნე.

მიზანდარის თქმით, ორი ისეთი დიდი უწყების შეერთება, როგორიც განათლების სამინისტროსა და კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებაა, ცალსახად გამოიწვევს კულტურის სფეროს დაკნინებას:

“კულტურა ყველა ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის. იმ ქვეყნებმაც კი, რომლებსაც  არ ჰქონდათ მდიდარი კულტურული ტრადიციები, შეძლეს კულტურის საინტერესოდ გნავითარება რიგი დარგების წახალისებით. ესტონეთის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, დიზაინი გახდა მათთვის ბრენდი, ესტონური დიზიანი დღეს ცნობილია, მათ ამაში დიდი რესურსი ჩადეს.

ჩვენ  ბევრი რამ გვაქვს, რაც საუკუნეებია მოგვდევს. თანამედროვე ხელოვნებაშიც ბევრი საინტერესო რამ ხდება. ამიტომ, ძალიან დასანანია ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური ცვლილება, რომელიც არათუ წინ წაწევს დარგს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მის დაკნინებას შეუწყობს ხელს” – ამბობს მიზანდარი.


პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ , 26 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში იქნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს უერთდება.

ვრცლად სამთავრობო ცვლილებებზე წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი