ახალი ამბებიხელოვნება

ქართული ლიტერატურა გერმანულ ენაზე – ბიბლიოგრაფია რიცხვებით

27 ივნისი, 2018 • 4035
ქართული ლიტერატურა გერმანულ ენაზე – ბიბლიოგრაფია რიცხვებით

ავტორებიჰანს გიუნტერი და პატრიცია გრიგოლეიტი. გამოქვეყნდა გერმანულენოვან გაზეთში “კავკასიური ფოსტა”


 

საოცარია,  1852 წლიდან დღემდე, სულ მცირე 500 გერმანელი ავტორის წიგნია ნათარგმნი ქართულ ენაზე;  იმ ენაზე, რომელსაც საკუთარი დამწერლობა და ზედმიწევნით რთული გრამატიკა გააჩნია და რომელ ენაზეც დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი საუბრობს. ეს ადამიანები ცხოვრობენ საკმაოდ შორს, სამხრეთ კავკასიაში მდებარე ქვეყანაში. აქ გერმანულ მკითხველთა რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია, მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა დაახლოებით 100 მილიონია. კიდევ უფრო დიდ საოცრებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამავე, 1852 წლიდან დღემდე, გერმანულ ენაზე  ნათარგმნია 420 ქართველი ავტორის სულ მცირე 750 პუბლიკაცია.

არსებობს თუ არა ორმხრივი დაინტერესების მიზეზი? ან როგორ გაჩნდა გერმანიაში  ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესი ათწლეულების განმავლობაში?

ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს, მაშინ, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახლდათ, ქართველი ახალგაზრდები სასწავლებლად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ. ბერლინის უნივერსიტეტში შესაძლებელი იყო ქართული ენის შესწავლა და 1915 წელს იქ  ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემა. ამასთანავე, ამ ქალაქში მწერლები და ხელოვანები დამკვიდრდნენ და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ ფაქტმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოსთან როგორც მეცნიერული, ასევე კულტურული კავშირის დამყარება. გარდა ამისა, 200 წლის წინ საქართველოში მრავალი გერმანული ოჯახი დასახლდა.  ასევე, 1918 წლის მაისში მოხდა გერმანიის იმპერიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის დაუყოვნებლივ აღიარება.

ისევე, როგორც საბჭოთა მმართველობის პერიოდში – 1921-1991წწ., დღესაც  ცოცხლობს საქართველოში ინტერესი გერმანიის სახელმწიფოს, გერმანული ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმართ.  ამის დასტურია გერმანული ლიტერატურის უახლესი თარგმანები ქართულ ენაზე.

გერმანულ ინტერესს ქართული ლიტერატურის მიმართ  მრავალი წყარო ადასტურებს. მაგალითად, თბილისში მცხოვრებმა გერმანელმა მწერალმა და ჟურნალისტმა არტურ ლაისტმა, 1885 წლიდან 1903 წლამდე, ქართული ლიტერატურის შედევრების სხვადასხვა თარგმანი გამოსცა. აღსანიშნავია მისი პირველი თარგმანის, ქართული ეროვნული პოემის „ვეფხისტყაოსანის“ სრულყოფილი გამოცემა 1889 წელს. არტურ ლაისტი 1922 წლამდე გახლდათ დღემდე არსებული გაზეთის – „კავკასიური ფოსტის“ მთავარი რედაქტორი.  ამასთანავე, უნივერსიტეტში გერმანისტიკის ლექციებს კითხულობდა.

არტურ ლაისტის მოღვაწეობის შემდეგ, მომდევნო 50 წლის განმავლობაში, თარგმანების რაოდენობამ უფრო და უფრო იმატა. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს უკვე ითვლებოდა 50-მდე ნათარგმნი პუბლიკაცია, რომელთაგან 18  1918 წლამდე არსებული თარგმანია. 1990 წელს, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დასასრულს, პუბლიკაციების რიცხვი გაექვსმაგდა. ამის ძირითადი მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ გდრ-ის გამომცემლობებში ხდებოდა საბჭოთა კავშირის ხალხების ლიტერატურის თარგმანების გამოქვეყნება, ხოლო საბჭოთა ლიტერატურული ჟურნალების გერმანულენოვან გამოცემებში, თავის მხრივ, მრავალი ქართული ლიტერატურული ნაწარმოები შეინიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მხოლოდ რამდენიმე ქართველი ავტორი იყო ცნობილი, რომელიც ავსტრიაში, შვეიცარიაში და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამოსცემდნენ თავიანთ ნაშრომებს. საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ, 1991 წლის აპრილიდან, იწყება ქართული ლიტერატურის თარგმანების მთელი რიგი კრებულების გერმანულ ენაზე გამოცემა. ისევე, როგორც გაერთიანებულ გერმანიაში, გერმანულენოვან საზღვარგარეთაც ამ საქმეში უამრავი გამომცემლობა ჩაერთო. 2018 წლის მაისამდე სულ მცირე 400 პუბლიკაციას ითვლიდნენ, რომლის გამოცემასაც 2010 წლიდან ეყრება საფუძველი. აღსანიშნავია პუბლიკაციების რიცხვის გაზრდა ინტერნეტსივრცეში – 2010 წლიდან ის დაახლოებით 25 პროცენტს შეადგენდა.

პროზის, ლირიკის და ხალხური პოეზიის ყველა პუბლიკაციის ნუსხა გვიჩვენებს, რომ ლიტერატურული ჟანრის დაახლოებით 40% მიეკუთვნება ლირიკას. სწორედ ამაზეა დაფუძნებული სახელწოდება  „გეორგიენ (საქართველო) – პოეზიის ქვეყანა“.

უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 200 მთარგმნელი მუშაობდა მინიმუმ 750 ნაშრომზე, სადაც, ცალკეულ შემთხვევებში, ღიად არის დარჩენილი ის ფაქტი, თარგმანი ქართული ენიდან ხდებოდა თუ რუსულიდან. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ცნობილი ქართველი ავტორი პირდაპირ გერმანულ ენაზე წერდა (მაგ. რობაქიძე, მარგველაშვილი, ხარატიშვილი), რომელიც, ალბათ, შემდეგ  ითარგმნებოდა ქართულ ენაზე.

დაახლოებით 2000 წლიდან მდედრობითი სქესის ავტორების რაოდენობა 50 პროცენტამდე გაიზარდა, რაც მანამდე მხოლოდ 20-30 პროცენტს შეადგენდა. ეს რიცხვები მხოლოდ გერმანულ ენაზე თარგმნილ ქართულ ლიტერატურას ახასიათებს, რაც მთლიანობაში ქართული ლიტერატურის შესაძლო განვითარებას ასახავს.

რით შეიძლება აიხსნას ქართული ლიტერატურის გერმანულ ენაზე არსებული თარგმანების ასეთი სიხშირე, რომელსაც დაახლოებით 2000 წლიდან ეყრება საფუძველი?

ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ცნობილი პოლიტიკური ფაქტორი:  ქრისტიანული ქვეყანა საქართველო მდებარეობს ისლამისტურ თურქეთსა და აზერბაიჯანს  შორის, რომელსაც ჩრდილოეთით დიდი მეზობელი ქვეყანა – რუსეთი ესაზღვრება. სწორედ ამის გამო ჩნდება გერმანიაში და ევროპაში ინტერესი საქართველოს მიმართ. მეორე მხრივ, არსებობს სამი კონკრეტული მოვლენა, რომელიც ამ ქვეყნის ლიტერატურის მიმართ ინტერესს უფრო აღვივებს:

1996 წელს დაფუძნდა „საქართველოს წიგნის გამომცემელთა ასოციაცია“, ხოლო 1998 წლიდან  მას ეწოდა „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია“, რომლის მოღვაწეობის მიზანსაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ,  ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

ქართული ბაზარი მცირეა – წიგნით ვაჭრობის დაახლოებით 4,5 მილიონ ევროს ბრუნვით (წიგნით ვაჭრობის ბაზარი გერმანიაში 2016 წელს 4,4 მილიარდი ევროს შეადგენდა),  ამიტომ სხვა ქვეყნებში ლიცენზირების ხარჯები მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ (დღევანდელი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო)   2014 წელს დააარსა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი „Georgian National Book Center (GNBC)“, რომლის ძირითად მისიას ქართული ლიტერატურის თარგმანის პოპულარიზაცია და ინტერკულტურული ლიტერატურული დიალოგის მეშვეობით გამომცემლობათა საერთაშორისო წრეებში საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ინტელექტუალური საგანძურის გავრცელება წარმოადგენს. წიგნის ეროვნულ ცენტრს  ამჟამად თორმეტ ენაზე მთარგმნელთა წრე ჰყავს. გერმანულ ენაზე მთარგმნელთა რიცხვი (33 პირი) გაცილებით დიდია.

2018 წლის 10-14 ოქტომბერს, ქ. ფრანკფურტში გამართულ წიგნის ბაზრობაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც სტუმარი ქვეყანა და უდავოა, რომ ამაში ორივე ზემოთ ხსენებულ ორგანიზაციას დიდი წვლილი მიუძღვის. ბაზრობაზე 2017 და 2018 წლებში გამოქვეყნებული ასზე მეტი  ნაშრომი იქნება წარმოდგენილი. წიგნის ბაზრობა დაინტერესებულ საზოგადოებას ქართულ ლიტერატურასა და საგამომცემლო საქმიანობაზე ყოვლისმომცველ წარმოდგენას შეუქმნის და უფრო მეტ მკითხველს მოიზიდავს.

დაბოლოს: საქართველო კიდევ მრავალ მკითხველს მიანიჭებს სიხარულს იმ გარემოების გამო, რომ ისტორიაზე დაფუძნებული კულტურული ურთიერთობების გაცვლა-გამოცვლა მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ლიტერატურის ინსტიტუციონალური მხარდაჭერა შესამჩნევად წარმატებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი