ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს პროკურატურამ ბრალი წაუყენა – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, პროკურატურამ ბრალი წაუყენა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელმაც პოლიციას მიმართა ყოფილი ქმრისგან ძალადობის დაცვის მიზნით.

საის ცნობით, 2018 წლის თებერვალში ქალმა მიმართა პოლიციას და აცნობა, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე და მის დედაზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიების საწყის ეტაპზე მისი ყოფილი ქმარი დააკავეს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

საიას ცნობითვე, 2018 წლის ივნისს პროკურატურამ მოულოდნელად ცნო ძალადობაში მხილებული პირი დაზარალებულად და მსხვერპლს წაუყენა ბრალი ყოფილ ქმარზე ძალადობის და მისი ცრუ დასმენის საფუძვლით.

“აღსანიშნავია, რომ პროკურატურა მსხვერპლი ქალისთვის ბრალის წარდგენისას დაეყრდნო მიკერძოებულ მოწმეებს და არ გაითვალისწინა სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა, რომ ქალი არის ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის, არ გაითვალისწინა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებიგადაწყვეტილებები, რომლებითაც ამავე ფაქტზე იგი ცნობილია ოჯახში ძალადობის მსხვერპლად”, – ნათქვამია საიას განცხადებაში. 

საია მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენა არის დაუსაბუთებელ, კანონთან შეუსაბამო და იწვევს მსხვერპლის ხელახალ ვიქტიმიზაციას.

“ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის შეეთავაზებინა დაცვის ეფექტური მექანიზმები, რეპრესიულ ღონისძიებებ გამოიყენა რეალური მსხვერპლის მიმართ. აღნიშნული მიდგომა არსებითად ლახავს არა მხოლოდ ამ კონკრეტული ქალის ინტერესებს, არამედ მსგავსი პრაქტიკა უარყოფითად აისახება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე და მსხვერპლ ქალებს გაუღრმავებს დაუცველობის განცდას”,-აცხადებს საია. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com