ახალი ამბები

რას (არ) გულისხმობს რეალურად “ცხოველებისთვის სექსის აკრძალვა”

27 ივნისი, 2018 • 5944
რას (არ) გულისხმობს რეალურად “ცხოველებისთვის სექსის აკრძალვა”

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 5 ივნისს შინაური ცხოველების – ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესი დაამტკიცა. დადგენილების მე-11 მუხლით საკრებულომ შინაური ცხოველები მოშენების ასაკი განსაზღვრა, კერძოდ, აკრძალა იმ ცხოველების გამრავლება, რომელთა ასაკიც ან 2 წლამდეა, ან 6 წელს ზემოთ.

საკრებულოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხაშურის საკრებულომ “ცხოველებს სექსი აუკრძალა”. ნეტგაზეთი დაუკავშირდა ხაშურის საკრებულოსა და მერიას, რათა გაერკვია, თუ რატომ დაადგინა საკრებულომ ცხოველების მოშენებისთვის სპეციალური ასაკი.

როგორც საკრებულოს დადგენილებაში ვკითხულობთ, გარდა ასაკობრივი შეზღუდვისა, აიკრძალა ცხოველების მოშენება ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა დისპლაზია, გენერალიზებული დემოდეკოზი, იდეოპათიური ეპილეფსია, კრიპტოხიზმი, ლეიშმანიოზი, გენეტოკური სნეულებები. გარდა ამისა, იკრძალება სხვადასხვა სახეობისა და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება.

როგორც ხაშურის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი დავით ღვალაძე განმარტავს, აღნიშნული ცვლილება ეხება მხოლოდ იმ პირებს, ვინც სელექციური მოშენებითაა დაკავებული. კერძო პირებისთვის აღნიშნული შეზღუდვები არ მოქმედებს.

“კანონპროექტი შევადგინეთ “საქართველოს ცხოველთა ფედერაციისა” და სხვა ცხოველების უფლებადამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე. რაც შეეხება უშუალოდ ამ ჩანაწერს, როდესაც საუბარი გვაქვს მიზნობრივ სელექციაზე, გასათვალისწინებელია, რომ მაგალითისთვის, 2 წლამდე ძაღლი ჯერ ლეკვია და მათი გამრავლება მიზანშეწონილი არ არის. ასევე არაა რეკომენდებული იმ ძაღლების გამრავლება, რომელთა ასაკიც 6-ს ზემოთაა. 2-დან 6 წლამდე ეს არის საუკეთესო ასაკი ცხოველისთვის, სწორედ ამ ასაკში უნდა მოხდეს “ჯიშიანი” ცხოველების მოშენებაც,” – განმარტავს დავით ღვალაძე.

რაც შეეხება აკრძალვას, რომლის მიხედვითაც, ცხოველების მოშენება მხოლოდ წელიწადში ერთხელ შეიძლება, ღვალაძის თქმით, ეს არა მხოლოდ ცხოველის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება, არამედ პოპულაციის კონტროლისთვისაც. უწყების განმარტებით, შესაბამისი შეზღუდვების დაწესებით ცხოველების რაოდენობა მკვეთრად არ გაიზრდება და მათი რაოდენობის კონტროლი ცხოველთა ერთიანი რეესტრით განხორციელდება.

“პოპულაციურ კონტროლში იგულისხმება ისიც, რომ შესაბამისად ეს ორგანიზაციები აღრიცხვას აწარმოებენ. კონკრეტულად, სელექციონერი ცხოველთა ერთიან რეესტრში მოშენების შესახებ ისეთ ინფორმაციას შეიტანს, როგორიც არის, მაგალითად, მოშენების ადგილი, დრო, ცხოველის ჯიში და ა.შ. ,” – უთხრა ღვალაძემ ნეტგაზეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი