ახალი ამბები

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ტრამპის სამოგზაურო აკრძალვას

26 ივნისი, 2018 • 6365
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ტრამპის სამოგზაურო აკრძალვას

“უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ამერიკელი ხალხისა და კონსტიტუციის უზარმაზარი გამარჯვება” –  ასე აფასებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის უზეანესი სასამართლოს 26 ივნისის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებით, ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ტრამპის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომელიც რამდენიმე სახელმწიფოს მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას უკრძალავს.

აკრძალვები ეხება ირანის, იემენის, სირიის, სომალის, ლიბიისა და ჩრდილოეთ კორეის ყველა მოქალაქეს. ამერიკაში შესვლაზე შეზღუდვები დაუწესდა ვენესუელის მთავრობის არაერთ მაღალჩინოსანს. თავდაპირველად, აკრძალვების სიაში იყვნენ ჩადისა და ერაყის მოქალაქეებიც, თუმცა ისინი ე.წ. შავი სიიდან ამოიღეს.

დონალდ ტრამპის მთავარი საარჩევნო დაპირება 2016 წელს სწორედ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება იყო. ტრამპმა კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა პირველად 2017 წლის იანვარში აუკრძალა, რამაც ამერიკის აეროპორტებში ქაოსი შექმნა. მოგვიანებით, ტრამპის ეს გადაწყვეტილება ვირჯინიის ადგილობრივმა სასამართლომ გააუქმა. ამერიკის პრეზიდენტმა მეორე მსგავსი ბრძანება მოგვიანებითაც გამოსცა შესწორებული სახით, რაც ჰავაის სასამართლომ გააუქმა. ადგილობრივი სასამართლოები აცხადებდნენ, რომ ეს იყო დისკრიმინაციული გადაწყვეტილება და ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის კონსტიტუციას.

საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მთავარი გამარჯვება მოუტანა. ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს აკრძალვები აუცილებელი იყო ტერორიზმის გაზრდილი საფრთხიდან გამომდინარე. სხვაგავარად ფიქრობენ ტრამპის ოპონენტები. მათი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ქსენეოფობიასა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას, რადგან აკრძალვებში მოხვედრილ ქვეყნებში ძირითადი რელიგია სწორედ ისლამია.

უზენაეს სასამართლოს 9 მოსამართლიდან 5 არის რესპუბლიკელი პრეზიდენტის წარდგენილი, 4 კი დემოკრატის. შესაბამისად, ამ ეტაპზე დავა სამოგზაურო აკრძალვებთან დაკავშირებით ამერიკაში რესპუბლიკელებმა მოიგეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი