ახალი ამბები

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

26 ივნისი, 2018 • 2921
მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი – 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჯ-მ  მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ირაკლი ნოზაძეს. თ.ჯ. შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი