ახალი ამბები

სოზარ სუბარი: მინისტრთა განახლებულ კაბინეტში არ ვიქნები

26 ივნისი, 2018 • 3635
სოზარ სუბარი: მინისტრთა განახლებულ კაბინეტში არ ვიქნები

საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბაარი აცხადებს, რომ მინისტრთა განახლებულ კაბინეტში არ იქნება. სუბარი ჟურნალისტებთან საუბარში უარყოფს მისი კანდიდატურის პრეზიდენტობის კანდიდატად განხილვასაც. რაც შეეხება მინისტრის სამომავლო გეგმებს, სუბარი აცხადებს, რომ ამის შესახებ საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 26 ივნისს გამართულ ბრიფინგზე დაასახელა ის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც მთავრობაში იგეგმება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, დევნილთა სამინისტრო უქმდება და მისი  ფუნქციები გადანაწილდება სამ სამინისტროზე. განსახლების საკითხები გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში, მიგრაციის საკითხები – შსს–ში, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.

ამასთანავე, პრემიერ-მინისტრის გნაცხადებით,  კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს.

რელიგიის სააგენტო კი შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეუერთდება.

გარდა ამისა, როგორც მამუკა ბახტაძემ თქვა, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

“დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის იდეის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში. რასაკვირველიას, ტრუქტურული ცვლილებების კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3.9%–ზე. ჩვენთვის სწორედ ეს 3.9% იქნება ის ზედა ზღვარი, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ”, – თქვა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით მთავრობა პარლამენტს დღესვე მიმართავს. მამუკა ბახტაძეს არ დაუსახელებია კონკრეტული პირები, რომლებიც უხელმძღვანელებენ გაერთიანებულ სამინისტროებს. როგორც მან თქვა, კონკრეტული კანდიდატების ხილვა პარლამენტში იქნება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი