ახალი ამბებიხელოვნება

ძალიან სუსტი კავშირია ჩემს ბიოგრაფიასა და წიგნებს შორის – მიშელ უელბეკი

26 ივნისი, 2018 • 3282
ძალიან სუსტი კავშირია ჩემს ბიოგრაფიასა და წიგნებს შორის – მიშელ უელბეკი

სძულს ისტორიული რომანები, აქვს ცუდი მახსოვრობა, მისი ყველა საყვარელი ავტორი მკვდარია და არ იცის ზუსტად, რა მოსწონს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ფრანგ მწერალთან მიშელ უელბეკთან შეხვედრა 25 ივნისს სასტუმრო “რუმსში” ერთ საათსაც არ გაგრძელებულა.

შეხვედრის განმავლობაში, ალბათ, მხოლოდ ერთხელ გაიღიმა. საუბრობდა ძალიან ნელა, თარგმანიდან თარგმანამდე იფიქრებდი იმასაც, რომ ჩაეძინა. საუბრისას თითქმის არ ხმარობს ხელებს, არ იცვლის მიმიკას, მისი სხეულის ენა მხოლოდ იმით იცვლება, რომ დროდადრო მარჯვენა ფეხს გადაიდებს ხოლმე მარცხენაზე და პირიქით.

ფრანგმა მწერალმა მიშელ უელბეკმა თბილისში მკითხველთან შეხვედრის მანძილზე მხოლოდ ერთხელ გაიღიმა. 26.06.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უელბეკმა ხელების გამოყენებით დაიწყო საუბარი, იგი პოპის ალბომისა და მის წიგნს შორის კავშირის შესახებ შეკითხვას ეხებოდა.

“ის პირდაპირ არ იმეორებს ჩემი წიგნიდან სხვადასხვა ფრაზას, მხოლოდ ერთ სიმღერაში შეგვიძლია შევხვდეთ ზუსტად გამეორებულს, დანარჩენები მხოლოდ შთაგონებულია ჩემი წიგნიდან “კუნძულის შესაძლებლობა”.

ფრანგი მწერლის მიშელ უელბეკის შესხვედრა მკითხველთან თბილისში 26.06.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

მიშელ უელბეკს ცალსახა პასუხი არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რატომ დაიწყო გვიან რომანების წერა, თუმცა შეეცადა, რამდენიმე მიზეზი ეთქვა:

“დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ პოეზიას ვწერდი, ძალიან მიყვარდა ლექსების წერა, რთულია იმის ახსნა, რატომ ხდებოდა ასე და რატომ დავიწყე რომანების წერა ასე გვიან. გადავწყვიტე დამეწერა რომანი, რადგან რომანები, რომლებიც მაშინ ქვეყნდებოდა, არაფრად არ ვარგოდა და ჩავთვალე, რომ არ გამიჭირდებოდა მათზე უკეთესის დაწერა, თან პროფესიულ ცხოვრებაში არაფერი საინტერესო არ ხდებოდა. ყოველთვის ბევრ რომანს ვკითხულობდი და საერთოდაც, ბევრად მეტი დრო მაქვს გატარებული რომანების კითხვაში, ვიდრე მათ წერაში. როდესაც 20 წლის ვიყავი, ვერ ვიპოვე ვერც ერთი რომანი, რომელიც გვიამბობდა იმ სამყაროზე, რომელსაც მე ვიცნობდი”.

არის თუ არა მისი ბიოგრაფია ახლოს მის წიგნებთან? – არა. მისი თქმით, ძალიან ცუდი მეხსიერება აქვს და საკუთარი ცხოვრება ცუდად ახსოვს. როდესაც მისი ცხოვრების შესახებ საუბარს სთხოვენ, ხშირად იტყუება, რადგან მიაჩნია, რომ ასე უფრო ადვილია და ტყუილი მის ცხოვრებაზე უფრო საინტერესოც არის:

“ძირითადად, ეს სხვადასხვა დეტალია, რომელიც შემდეგ ხდება ავტობიოგრაფია. თუმცა მე კარგი ავტობიოგრაფი არ ვიქნებოდი. ძალიან სუსტი კავშირია ჩემს ავტობიოგრაფიასა და ჩემს წიგნებს შორის”.

უელბეკს სძულს ისტორიული რომანები და ურჩევნია ის ავტორები, რომლებიც იმ ეპოქაზე წერენ, რომელშიც ცხოვრობენ. ფრანგ მწერალს პოლიტიკური განცხადებებიც შეახსენეს. მაგალითად, როგორ უჭერდა მხარს ბრექსითს და იმედოვნებდა, რომ ამას დომინოს ეფექტი ექნებოდა და ევროკავშირი დაიშლებოდა:

“პირველ რიგში, ძალიან უცნაურია იმიტომ, რომ არ მახსოვს, რომ ასეთი რამ ვთქვი, შეიძლება იმის თქმაც, რომ ჟურნალისტებმა მოიტყუეს. თუმცა საკმაოდ კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ  ბრიტანეთმა გადაწყვიტა ევროკავშირიდან გასვლა. მე თითოეული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მომხრე ვარ და, შესაბამისად, ვარ იმის მომხრე, რომ დაიშალოს ევროკავშირი. როგორც ჩანს, ქართველები ენთუზიაზმით არ არიან განმსჭვალულნი ამ იდეის მიმართ”.

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი თბილისში მკითხველთან შეხვედრის დაწყებამდე. 26.06.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

62 წლის მწერალს ჰკითხეს, მართლა ისეთია თუ არა, როგორადაც თავს წარმოაჩენს, მართლა ფეხზე ჰკიდია თუ არა, როცა ისლამოფობს და სექსისტს უწოდებენ:

“ვერ ვიტყვი, რომ ფეხზე მკიდია, უბრალოდ, ძალიან დიდი დრო დამჭირდება იმისთვის, რომ სხვაგავარად წარმოვაჩინო რეალობა. ძალიან ბევრი ძალისხმევა სჭირდება იმას, რომ ვთქვა ისეთი რაღაცები, რაც მოეწონება საზოგადოებას. საკუთარი ნების წინააღმდეგ არ უნდა წავიდეთ. თან არასდროს არ გამომდის, არ ვიყო ბუნებრივი. როდესაც ამბობ იმას, რაც მათ სურთ, ყოველთვის ხვდებიან, რომ ცოტათი ვეკაიფები”.


მიშელ უელბეკი 1958 წლის 26 თებევრალს საფრანგეთში დაიბადა. წერს ესეებსა და თხზულებებს, გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული და სიმღერების ალბომიც. გასულ წლებში უელბეკის არაერთი რომანი, მათ შორის, “კუნძულის შესაძლებლობა”, “მორჩილება” და “პლატფორმა”, ქართულადაც ითარგმნა.

მწერალი საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ეწვია.

ფრანგი მწერლის მიშელ უელბეკის შეხვედრა მკითხველთან თბილისში 26.06.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

ფრანგი მწერლის მიშელ უელბეკის შეხვედრა მკითხველთან თბილისში 26.06.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი თბილისში მკითხველთან შეხვედრის შემდეგ ავტოგრაფს ტოვებს მის წიგნზე. 26.06.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

ფრანგ მწერალს მიშელ უელბეკს თაყვანისმცემელმა თხოვა წიგნზე მისი ხელის მოხაზულობა დაეტანა. 25.06.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი თბილისში, მკითხველთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 25.06.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი თბილისში მკითხველთან შეხვედრის შემდეგ ავტოგრაფს ტოვებს წიგნზე. 26.06.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი თბილისში მკითხველთან შეხვედრის შემდეგ ავტოგრაფს ტოვებს წიგნზე. 26.06.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი მკითხველთან შეხვედრის შემდეგ 25.06.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი მკითხველთან შეხვედრის შემდეგ სასტუმრო “რუმსის” ეზოში. 25.06.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი