ახალი ამბები

ბაღის აღმზრდელის საშუალო ხელფასი თვეში 336 ლარია – Unicef-ის კვლევა

26 ივნისი, 2018 • 6302
ბაღის აღმზრდელის საშუალო ხელფასი თვეში 336 ლარია – Unicef-ის კვლევა

Unicef-ის კვლევის მიხედვით, საბავშვო ბაღში სრულ განაკვეთზე მომუშავე აღმზრდელის საშუალო ხელფასი თვეში 336 ლარია. ამასთან, სკოლამდელ დაწესებულებაში ხელფასის ზრდის სისტემა არ არსებობს.

კვლევის თანახმად, ბაღების უმრვლესობაში ჯგუფებში ბევრი ბავშვის გამო აღმზრდელები ბავშვების ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და ინტერესებს ვერ აკმაყოფილებენ. კვლევაში წერია, რომ ჯგუფებში ბავშვთა სიმრავლის გამო აღმზრდელები  ისეთ პედაგოგიურ და ქცევის მართვის სტრატეგიებს იყენებენ, რომლებიც ბავშვების განვითარებისთვის
შეუსაბამოა.

გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ანა ჯანელიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ დაბალი ხელფასი მხოლოდ მასწავლებლების კვალიფიკაციას არ უკავშირდება. მისი თქმით, საქართველოში არ არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ბაღის მასწავლებლებს მოამზადებს. ანა ჯანელიძე განმარტავს, რომ ასეთი დაბალი ხელფასის გამო კვალიფიციური კადრები ყოველთვის შეეცდებიან დატოვონ საბავშვო ბაღი და თუნდაც განათლების სისტემაში უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური იპოვონ. კვლევის მიხედვით, საბავშვო ბაღთან შედარებით, განათლების სხვა საფეხურებზე (საშუალო, უმაღლესი) ანაზღაურება უფრო მაღალია.

2017 წელს მთავრობამ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი დაადგინა. სტანდარტით, რომელიც 2024 წლამდე მოქმედებს, იმისთვის, რომ საბავშვო ბაღში დასაქმედეს, აღმზრდელს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერი მიმართულებით. ასევე უნდა გააჩნდეს აღმზრდელად მუშაობის გამოცდილება.

“ხელფასის საკითხი უფრო კომპლექსურია. კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობის მიერ უნდა  დადგინდეს აღმზრდელ-პედაგოგის ხელფასის მინიმალური ზღვარი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებს არ ექნებათ შესაძლებლობა, აღმზრდელებს ამ დადგენილ ზღვარზე ნაკლები გადაუხადონ. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს მინიმუმი რამდენი იქნება, მაგრამ მინიმუმი თუ დადგინდება,  ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 336 ლარი საშუალო ხელფასია და ბევრგან აღმზრდელები ამაზე ნაკლებს იღებენ. დღეს უმაღლესი მოსამზადებელი პროგრამები არ არსებობს. ამასთანავე, სამუშაო პირობები, რომელშიც აღმზრდელები მუშაობენ,  მძიმეა და მაღალი კომპეტენციის მქონე აღმზრდელისთვისაც კი მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა ძალიან რთული იქნება. საბავშვო ბაღებში ძირითადი პრობლემა ძალიან გადატვირთული ჯგუფებია. თბილისში ვნახეთ ჯგუფები, სადაც 60 ბავშვია. რაც შეეხება კვალიფიკაციას, დღეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ არსებობს. უბრალოდ არსებობს 2017 წელს დამტკიცებული პროფესიული სტანდარტი. ეს სტანდარტი ორ ნაწილს მოიცავს. პირველი ეხება კვალიფიკაციას, რა საფეხურის განათლება უნდა ჰქონდეს, რომ საბავშვო ბაღში დასაქმდეს. მეორე ნაწილი მოიცავს კომპეტენციას, ღირებულებასა და უნარებს, რასაც აღმზრდელი უნდა აკმაყოფილებდეს,”-აცხადებს ანა ჯანელიძე.

კვლევის ავტორების შეფასებით,  გადატვირთული ჯგუფები, ხანგრძლივი სამუშაო საათები, დაბალი ხელფასები საუნივერსიტეტო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ნაკლებობა, საქართველოში სკოლამდელი აღზრდის დაბალი ხარისხის ძირითადი მიზეზებია. Unicef სახელმწიფოს რეკომენდაციით მიმართვს, უმაღლეს სასწავლებლებში  სკოლამდელი განათლების ახალი პროგრამები შექმნას.

კვლევა საბავშვო ბაღებში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციასაც აფასებს. ორგანიზაციის თანახმად, საბავშვო ბაღის თანამშრომელთა  დიდ ნაწილს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს. საკვლევ პერიოდში 57 მუნიციპალიტეტიდან მიღებული მონაცემებით,  აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია. აღმზრდელების მსგავსად, დირექტორთა 50% არ ფლობს ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებულ განათლებას.

კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ორგანიზაციის რეკომენდაციაა, საბავშვო ბაღებში უკვე დასაქმებულ აღმზრდელებისთვის საბაკალავრო განათლების მიღების ალტერნატიული გზები მოიძებნოს. Unicef-ში მიაჩნიათ, რომ ამ პროცესში  მკვლევრები და ლექტორები უნდა იყვნენ ჩართულნი.  ანა ჯანელიძის თქმით, სახელმწიფომ  საბავშვო ბაღების უკვე დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა იზრუნოს. 2017 წლის ოქტომბერში მიღებულ დოკუმენტში, რომელმაც აღმზრდელების პროფესიული სტანდარტი დაადგინა, წერია, რომ აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად მონაწილეობს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ორგანიზებულ ტრენინგებში. ანა ჯანელიძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღების აღმზრდელების უმრავლესობას კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები არ უტარდებათ.


კვლევა ერთობლივად ჩაატარეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC).

მასალების გადაბეჭდვის წესი