ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გენერლის და “ავტორიტეტების” დაკავება: ფაშინიანის მთავრობა კორუფციის წინააღმდეგ

26 ივნისი, 2018 • 11291
გენერლის და “ავტორიტეტების” დაკავება: ფაშინიანის მთავრობა კორუფციის წინააღმდეგ

უკვე რამდენიმე დღეა სომხეთის მოქალაქეები არ სცდილდებიან ტელეეკრანებს, კომპიუტერებსა და ტელეფონებს. საქმე მხოლოდ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს არ ეხება. ამბები იმის შესახებ, რომ ვიღაც ჩინოვნიკი თუ კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, ანდა წინა პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლის ბინა გაჩხრიკეს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იმდენად ხშირად ისმის, რომ მოქალაქეებს სათვალავი აერიათ. სომხეთში უკვე ხუმრობენ, რომ შეჯიბრი იმართება პოლიციასა და უსაფრთხოების ეროვნულ სამსახურს შორს, – ვინ უფრო მეტ კორუფციონერს დააკავებს.

[red_box]გენერალ მანველის აღმასვლა და დაცემა[/red_box]

ამ დღეების ყველაზე ხმაურიანი მოვლენა უდავოდ იყო ე.წ. გენერალ მანველის,  სომხეთის არმიის გენერლის, ეროვნული კრების დეპუტატისა და ორგანიზაცია “ეკრპაპაჰის” [“სამშობლოს დამცველი”] თავმჯდომარის, მანველ გრიგორიანის დაკავება.

მოხალისე, რომელიც 1990-იანებში საბრძოლველად მთიან-ყარაბაღში წავიდა, სომხეთის არმიის ერთ-ერთი ცნობილი მეთაური გახდა. ოფიციალური პროპაგანდა მას მრავალი წლის განმავლობაში გმირად წარმოაჩენდა, თუმცა ომის ზოგიერთი მონაწილე ეჭვქვეშ აყენებდა მის სამხედრო ნიჭს და ადანაშაულებდა კიდეც იმაში, რომ მეთაურის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფები დაუსაბუთებლად დიდ სამხედრო დანაკარგებს განიცდიდა.

ომიდან დაბრუნების შემდეგ გრიგორიანი გახდა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და მოხალისეთა კავშირის, “ეკრპაპაჰის” ხელმძღვანელი.

ამ ორგანიზაციის როლი სომხეთში დღესაც დავის საგანია. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მისმა ორგანიზაციამ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეიტანა და კვლავაც აგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. ნაწილის აზრით კი, ამ ორგანიზაციამ უკიდურესად ნეგატიური როლი შეასრულა სომხეთის შიდა პოლიტიკაში, რადგანაც ის არა მხოლოდ უჭერდა მხარს ხელისუფლებას, არამედ ბოლო არჩევნების დროს ფალსიფიკაციასა და პროტესტის ჩახშობაში ეხმარებოდა.

გარდა ამისა, თავად გრიგორიანს ჰქონდა ადგილობრივი “თავადის” ან “ფეოდალის” რეპუტაცია ერევანთან ახლოს მდებარე ქალაქ ეჩმიადინში, სომხეთის აპოსტოლური ეკლესიის ისტორიულ ცენტრში.

ეჩმიადინში ყველაფერი მიტინგებით დაიწყო. მთავარი მოთხოვნა მერის, კარენ გრიგორიანის გადადგომა იყო. როგორც “აღმოჩნდა”, ქალაქის მერი გენერალ მანველის შვილია.

მისი მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ საზოგადოების პროტესტის უკან ე.წ. დონ პიპო, ბიზნესმენი, კრიმინალური ავტორიტეტის რეპუტაციის მქონე ადამიანი იდგა. მეტიც, გრიგორიანებმა ქუჩაში საკუთარი მხარდამჭერებიც გამოიყვანეს, რა დროსაც შეტაკების საფრთხე წარმოიშვა, სიტუაცია გამწვავდა.

ამასობაში ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კრიმინალურ ავტორიტეტებს რევოლუციის ლოზუნგების გამოყენების უფლებას არ მისცემს. რამდენიმე საათში დონ პიპო და გენერალი მანველი დააკავეს.

იმან, რაც შემდეგ მოხდა, მთელი ქვეყანა არა მხოლოდ გააბრაზა, არამედ ყოფილი მმართველი პარტიის, რესპუბლიკელების დიდი პოლიტიკური მარცხიც გამოიწვია.

გრიგორიანის დაკავების შემდეგ სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ საკუთარი ფრაქციის წევრის დაცვა გადაწყვიტა.  პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, არმენ აშოტიანმა ახალი ხელისუფლება დაადანაშაულა “რეპრესიული სახელმწიფო აპარატის” საკუთარი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებაში.

მალევე აღმოჩნდა, რომ რესპუბლიკელებმა იჩქარეს პოლიტიკურ რეპრესიებთან დაკავშირებით  განცხადებების გაკეთება. 2018 წლის 18 ივნისის საღამოს სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლით აჩვენეს გენერალ გრიგორიანის ბინასა და აგარაკზე ჩხრეკის ოპერატიული მასალა. ვიდეომასალამ და სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებამ მოქალაქეები აღაშფოთა.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ ჩხრეკის დროს გრიგორიანის “მამულებში”  მცირე სამხედრო დანაყოფისთვის საკმარისი შეირაღება აღმოჩნდა. აღმოჩენილი იყო 18 ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, 20 ყუმბარა; სხვადასხვა კალიბრის 21 589 ტყვია, 12 400 ტროტილის ასაფეთქებლის გრამიანი შეფუთვები, 27 ასაფეთქებელი, მეორეში – 79 თოფი, 39 პისტოლეტი და ა.შ.

გარდა ამისა, როგორც ვიდეომასალაში ჩანს, გამომძიებლებმა მიაგნეს რეტრო და თანამედროვე ავტომობილების ავტოპარკსა და კერძო ზოოპარკს, სადაც ვეფხვები და დათვები ცხოვრობდნენ.

თუმცა ყველაზე მეტად საზოგადოება მაინც იმან აღაშფოთა, რომ გენერლის სახლში ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, მედიკამენტები და სამხედრო უნიფორმები იპოვეს.

როგორც სომხეთის სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური იუწყებოდა, “ჯარიკაცებისთვის განკუთვნილ ყუთებში ნაპოვნი წერილებიდან ირკვევა, რომ ნობათი 2016 წლის აპრილის ომის დროს ფრონტის ხაზზე მებრძოლი ჯარისკაცებისთვის იყო გაგზავნილი”.

იმის მიუხედავად, რომ გენერლის არაკეთილსინდისიერების შესახებ ჭორები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, ნანახმა სომხეთის ბევრი მოქალაქე მაინც გააკვირვა.

ნანახით გაბრაზებული მოქალაქეები სოციალურ ქსელებში აღშფოთებას ვერ მალავდნენ. გენერალი პარლამენტში რესპუბლიკურმა პარტიამაც გაიმეტა, როდესაც მხარი დაუჭირა მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის ჩამორთმევას.

ფრაქციის ლიდერები, რომლებიც ცოტა ხნით ადრე გენერლის უდანაშაულობას ამტკიცებდნენ და მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობდნენ, ირწმუნებოდნენ, რომ არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ გენერალი არმიას ჰპარავდა. შესაბამისად, მას გამართლება არ აქვს.

გენერალს ზურგი შეაქცია მისმა უახლოესმა მეგობარმა, ასევე გენერალმა, ომის მონაწილემ და დეპუტატმა სეირან საროიანმაც.

გამოხატვის ამგვარი ფორმებით რესპუბლიკური პარტია შეეცადა საკუთარი რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, თუმცა,ამ დარტყმისგან პარტია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს ვერ “გამოკეთდება”.  

საპროტესტო აქციები ერევანში სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით, 2018, ფოტო: ნეტგაზეთი, მარიამ მუგდუსიანი

[blue_box]“კულტურულად შემოიჭრნენ”: უსაფრთხოების სამსახური და პოლიცია არ ჩერდებიან[/blue_box]

მანველ გრიგორიანის დაკავება კორუფციასა და კრიმინალურ საზოგადოებასთან კავშირებში ეჭვმიტანილი ძველი რეჟიმის წარმომადგენლების ალყაში მოქცევის დასაწყისია.

გენერლის დაკავებას კიდევ რამდენიმე ძალიან ხმაურიანი დაკავება მოჰყვა. ჩხრეკა  ჩატარდა პრეზიდენტის დაცვის ყოფილი უფროსის ყოფილი ცოლის კუთვნილ ბინასა და რესტორანში, სადაც, ოფიციალური ცნობით, 15 მილიონ აშშ დოლარზე მეტი აღმოაჩინეს.

შემოწმდა ფირმა “სექიურითი დრიმი”,  რომელიც ჭორების შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის ძმასთან, ალექსანდრ სარგსიანთან არის კავშირში [სომხეთში საშიკად ცნობილი], სადაც 1.5 მილიარდი დრამის  მოპარვა დაადგინეს.

სამართალდამცველთა ყურადღების ობიექტი “კანონიერი ქურდები” და “კრიმინალური ავტორიტეტებიც” გახდნენ, რომლებსაც არ ეხებოდნენ წინა ხელისუფლების დროს.

სომხეთში  “ქურდებად” და “ავტორიტეტებად” მიჩნეული 30 კაცზე მეტი დააკავეს, მთლიანი სია შთამბეჭდავია. მართალია, დაკავებულ “ავტორიტეტთა” დიდი ნაწილი, საბოლოო ჯამში, გაათავისუფლეს, თუმცა კრიმინალურ სამყაროს უკვე მიღებული აქვს ცალსახა მესიჯი.

საზოგადოების განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიქცია რესპუბლიკური პარტიის სხვა თვალსაჩინო წევრის, ყოფილი დეპუტატის, არაქელ მოვსისიანის[ცნობილი, როგორც “შმაისი”, გერმანულად ავტომატი “შმაისერი”] სახლის ჩხრეკამ და დაკავებამ.

მოვსისიანი ჩხრეკის შემდეგ გაათავისუფლეს, სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც მან “თავისი ნებით” ჩააბარა საკუთარი შეიარაღება და რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის შესახებ განაცხადა:

“ისინი ძალიან კულტურულად შემოიჭრნენ ჩემთან, კანონის ფარგლებში”, და მადლობა გადაუხადა მათ.

მოვსისიანი, რომელმაც თავის დროზე სახელი გაითქვა დაპირებით, “გააუპატიუროს” წინა ხელისუფლების კრიტიკოსები, კიდევ ერთი სიმბოლო გახდა იმისა, რომ სომხეთში სიტაუცია რადიკალურად და საბოლოოდ შეიცვალა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ მესიჯს უგზავნის ახალი ხელისუფლება საზოგადოებას.

ყოველივე ამან ახალი ხელისუფლების მიმართ ენთუზიაზმის ახალი ტალღა წარმოშვა, შესაძლოა ისეთის არა, როგორც რევოლუციის დღეებში, თუმცა, მსგავსი.

ამჯერად აღფრთოვანების ობიქტები ძალოვანი უწყებების ის ხელმძღვანელებიც გახდნენ, რომელთა მიმართ დამოკიდებულება თავიდან არაერთგვაროვანი იყო.

ეროვნული უსაფრთოების სამსახურის ახალი უფროსი არტურ ვანეციანი გახდა  მრავალი აღფრთოვანებული პოსტისა და ფეისბუკ მიმის გმირი. თუკი უსაფრთხოებისა და პოლიციის ორგანოების წარმომადგენლებს, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოება წლობით უყურებდა ეჭვის თვალით, ამჟამად პოლიცია, განსაკუთრებით კი, უსაფრთხოების სამსახური ტრენდია ახალგაზრებს შორის.

საქმე ის არის, რომ ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან გენერალი გრიგორიანი და მოვსისიანი წინა ხელისუფლების სიმბოლოებად იქცნენ, მათ შესაძლო დანაშაულებზე და უკანონობაზე ლეგენდები დადიოდა.

გარდა ამისა, მსგავსი ფიგურები, როგორც წესი, ფლობდნენ საკუთარ შეიარაღებულ დანაყოფებს, რაც ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ასე თუ ისე დასტურდება. ამიტომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები კორუფციასთან ბრძოლაზე მეტია.

წინა წლებში სომხეთში არსებობდა გარკვეული მოვლენა, რომელსაც state capture-ს უწოდებენ, – სომხეთის სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებული იყო არაფორმალებისა და კრიმინალური სტუქტურების მიერ, შექმნილი იყო გარკვეული “ღრმაშრიანი” სახელმწიფო.

2018 წლის 7 ივნისს, პარლამენტში მთავრობის პროგრამის მხარდაჭერის შემდეგ, ფაშინიანმა სავარაუდოდ იგრძნო, რომ მისი ხელისუფლება საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ეს არაფორმალური სტრუქტურები დაშალოს.

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი პროცესები ცალსახად “რევოულუციური ძალების” გამარჯვებაა ამ “ღრმაშრიან სახელმწიფოსთან” ბრძოლაში, თუმცა საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორია.

დიახ, ფაშინიანმა შეძლო სერიოზული დარტყმა მიეყენებინა კორუფციისთვის და ერთდროულად შეესუსტებინა წინა ელიტის პოზიციები, თუმცა ეს პროცესი მაინც მისაყვანია ლოგიკურ დასასრულამდე.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კორუფცია, როგორც სიმსივნე, იმდენად მოედო სახელმწიფოს, რომ ფაქტიურად სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფეროში შეიჭრა და ახლა საჭიროა ამ სიმსივნის ისე “ამოკვეთა”, რომ ამან სახელმწიფო ინსტიტუტების კოლაფსი არ გამოიწვიოს.

დაბოლოს, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რევოლუციის ხელისუფლებამ კრიმინალისა და კორუფციასთან ბრძოლის დროს თავადაც არ გადაუხვიოს კანონის უზენაესობის ჩარჩოებს. ჯერჯერობით კი, თუკი არაქელ მოვსისიანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გამონათქვამს გამოვიყენებთ, ყველაფერი “კულტურულად” და “კანონის ფარგლებში” ხდება.

გუშინ, 25 ივნისს კი, კორუფციასთან ბრძოლის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ შეიტყო საზოგაოდებამ. სტატიაში უკვე ნახსენები სარგსიანის დაცვის ყოფილი უფროსი ვაჩაგან ღაზარიანი ქონების დამალვის ბრალდებით დააპტიმრეს, როგორც აღმოჩნდა, მას უძრავი ქონება დეკლარირებული არ ჰქონდა. თავად ღაზარიანმა კი განაცხადა, რომ 1.5 მილიარდი დრამის დეკლარირება “დაავიწყდა”.

მეტიც, იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ბრალდებით ყოფილი პრეზიდენტის ძმა ალექსანდრ [საშიკ] სარგსიანი დააკავეს. მართალია, ის მალევე გაათავისუფლეს, თუმცა თავად ეს ფაქტი [ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უძლეველი ადამიანი] იმაზე მეტყველებს, რომ ახალი ხელისუფლება სერიოზულადაა განწყობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი