ახალი ამბები

ერდოღანმა გაიმარჯვა – რა იქნება შემდეგ?

26 ივნისი, 2018 • 3021
ერდოღანმა გაიმარჯვა – რა იქნება შემდეგ?

52%-იანი მხარდაჭერით რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავ თურქეთის პრეზიდენტი იქნება. არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებებს აღარავინ ელის. ერდოღანმა გამარჯვება იზეიმა, ოპოზიციის კანდიდატებმა კი შედეგები აღიარეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო ვადა 2023 წლამდეა განსაზღვრული, მისი და ნაციონალისტური პარტიის კოალიციას კი საპარლამენტო უმრავლესობა გარანტირებული აქვს. რა მოცემულობა დგას ამჟამად და რა შეიცვლება თურქეთში არჩევნების შემდეგ? “ნეტგაზეთი” ძირითად სურათს მოკლედ წარმოგიდგენთ.

თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდება – რას გულისხმობს ეს?

ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, რომელიც მთელ წინასაარჩევნო პერიოდს თან სდევდა, თურქეთის საპრეზიდენტო მოდელზე შესაძლო გადასვლა იყო. მოდელს, რომელიც პრეზიდენტს, ამ შემთხვევაში ერდოღანს, ძალაუფლებას უზრდის, გასული წლის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 51.41%-მა დაუჭირა მხარი, 49.59% კი წინააღმდეგ წავიდა.

არჩევნების შედეგების მიხედვით, შესაბამისი კანონპროექტის მხარდასაჭერად პარლამენტში ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიისა” და მისი მოკავშირე “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის” დეპუტატთა რიცხვი საკმარისი იქნება.

თურქეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების შემდეგ, ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი გაუქმდება. ერდოღანი გახდება როგორც ქვეყნის, ისე მთავრობის მეთაური და აღმასრულებელი ხელისუფლებაც მის ხელში მოიყრის თავს.

ერდოღანი თავად დანიშნავს მინისტრებს, ერთ ან მეტ ვიცეპრეზიდენტს, მოსამართლეებსა და სხვა საჯარო მოხელეებს.

უწინდელისაგან განსხვავებით, ახლა ეროვნულ ბიუჯეტსაც პრეზიდენტი განსაზღვრავს, თუმცა თუ პარლამენტი მას არ დაამტკიცებს, ძალაში კვლავ წინა წლის ბიუჯეტი დარჩება.

მიუხედავად ზემოაღნიშნულია, პარლამენტს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება პრეზიდენტისაგან დამოუკიდებლად მაინც შეუძლია. მათ შორის, მისი იმპიჩმენტი, კანონმდებელთა ორი მესამედის მხარდაჭერით. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო იღებს, რომელიც მეტწილად ისევ და ისევ ერდოღანის მიერ დაკომპლექტდება.

უქმდება სამხედრო სასამართლოებიც.

მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო მოდელი თურქეთის მეტად კონსოლიდირებულ მმართველობასა და ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს. კრიტიკოსთა აზრით კი, ახალი სისტემა, ერდოღანის პირობებში, დემოკრატიის შესუსტებისა და ავტორიტარიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

ერდოღანის პარტია რეკორდულად არაპოპულარულია – ჯამში, ეს სურათს ვერ ცვლის

არჩევნების წინასწარი შედეგებით, ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” არჩევნებზე ხმათა 42.6% მოაგროვა, რაც გასულ არჩევნებთან შედარებით რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

აღნიშნული შედეგით, პარტია 600-ადგილიან ასამბლეაში უმრავლესობას კარგავს და თუ აქამდე 317 მანდატს ფლობდა, ახლა 296 ადგილს დასჯერდება. თუმცა, მოკავშირე ნაციონალისტურ პარტიასთან ერთად, რომელსაც წინასწარი მონაცმეებით 49 ადგილი ექნება, ის მაინც დარჩება აგადაწყვეტილებების მიმღებ ძალად.

ახალი მოწვევის ასამბლეაში მცირედით გაუმჯობესდება მთავარი ოპოზიციური ძალის, “რესპუბლიკური პარტიის” მდგომარეობა  – აქამდე არსებული 134-ს ნაცვლად, 146 მანდატს მიიღებს.

თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში ქურთების “ხალხთა დემოკრატიული პარტია” კვლავ შევა, ახლად შექმნილი “კარგი პარტია” კი 43 ადგილს დასჯერდება.

საგანგებო მდგომარეობა კვლავ ძალაშია

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთი საკვანძო წინასაარჩევნო დაპირება თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება იყო, რომელიც 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მოქმედებს.

დასავლეთის ქვეყნები თუ ადამიანის უფლებათა დამცველები გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობის გამო ერდოღანის მთავრობას მუდმივად აკრიტიკებენ. გადატრიალების მცდელობის შემდეგ, სწორედ საგანგებო მდგომარეობის ქვეშ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს ათობით ათასი ადამიანი, ათობით საგანმანათლებლო დაწესებულება და მედიასაშუალება კი დაიხურა.

თურქული გამოცემა “აჰვალის” ცნობით, ერდოღანის პარტიაში ორშაბათს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების პროცედურების დაწყების შესახებ უკვე განაცხადეს, თუმცა ვადები არ დაუკონკრეტებიათ. თუმცა საინტერესოა, როდის და როგორ შედგება კონსენსუსი “სამართლიანობისა და განვითარების პარტიასა” და “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას” შორის. ეს უკანასკნელი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას კვლავ ეწინააღმდეგება, ვინაიდან ფეთულა გიულენის მოკავშირეთა მხრიდან საფრთხეებს კვლავ ხედავს.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ეკონომიკური სტაგნაციის აღმოფხვრისთვისაც. გაუფასურებული ლირისა და გაზრდილი ფასების ფონზე, თურქეთის მოსახლეობა ერდოღანის გუნდისაგან ახლა სწორედ კრიზისიდან გამოსვლის გეგმას ელის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი