ახალი ამბები

“ზრუნვა დასჯის ნაცვლად” – აქცია რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

25 ივნისი, 2018 • 1642
“ზრუნვა დასჯის ნაცვლად” – აქცია რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

26 ივნისს 20:00 საათზე დედაენის ბაღში აქცია “ზრუნვა დასჯის ნაცვლად” გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, ყოველწლიური აქციის მიზანია,  სახელმწიფომ შეცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და დაამკვიდროს ნარკოტიკების მომხმარებლებისადმი ადამიანური მიდგომა, რაც გულისხმობს ნარკოდამოკიდებულების პრობლემის გადატანას სამმართლებრივი სივრციდან საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

“ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ ჩვენი, საზოგადოების თანადგომა. სჭირდებათ შესაბამისი სერვისების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ მკურნალობას, რეაბილიტაციას და უზრუნველყოფს მათ დაბრუნებას ოჯახსა და საზოგადოებაში. ჩვენი მიზანია შევცვალოთ მიდგომა, რომელიც გულისხმობს ერთობლივ ბრძოლას ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან და არა პრობლემის მქონე ადამიანებთან,” – წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორების თქმით, სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკა არახარჯთეფექტურია და რეპრესიული სისტემის ძალისხმევამ ნულოვანი შედეგი გამოიღო, რასაც შემდეგი ფაქტები ადასტურებს. კერძოდ:

  • „ნულოვანი ტოლერნატობისა“ და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მიუხედავად, საქართველოში ნარკომომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ამჟამად გვყავს 52,000 პრობლემური ნარკომომხმარებელი;
  • პრობლემური ნარკომომხმარებლების რაოდენობით საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში, რუსეთისა და სეიშელის კუნძულების შემდეგ!
  • საქართველოში არ არსებობს არცერთი სრულფასოვანი რეზიდენტული სარეაბილიტაციო დაწესებულება;
  • დღემდე მოქმედებს იძულებითი ქუჩის ნარკოტესტირება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს წლის განმავლობაში დაახლოებით 18 მილიონი ლარი უჯდება. 2017 წელს იძულებითი წესით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე მიყვანილი ადამიანების ტესტირებაზე დახარჯული თანხის 68% დაიხარჯა იმ პირებზე, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება.
  • ევროსაბჭოს (Council Of Europe – Annual Penal Statistics) ბოლო ანგარიშში (14.03.2017) საქართველოში პატიმრების 30,8% ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მე-3 პატიმარი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ევროპაში;
  • კვლევების მიხედვით დასჯილთა 100% უბრუნდება მოხმარებას ერთი წლის განმავლობაში, თუ მათ არ ჩაუტარდათ ეფექტური მკურნალობა (89% ფაქტობრივად გათავისუფლებისთანავე და 11% გათავისუფლებიდან 11 თვის პერიოდში).

მასალების გადაბეჭდვის წესი