მოსწავლეთა 44.3% აღიარებს, რომ ბულინგის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა

სახალხო დამცველის კვლევის მიხედვით, გამოკითხულ მოსწავლეთა 44.3% აღიარებს, რომ სკოლაში ჩაგვრის/დაცინვის მსხვერპლი იყო.  დღეს, 25 ივნისს, ნინო ლომჯარიამ წარადგინა კვლევა “ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში”.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, როდესაც მკვლევრები მოსწავლეებს ეკითხებოდნენ, თუ განუცდიათ ჩაგვრა/დაცვინა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათი უმეტესობა (54.5%) უარყოფს, რომ ბულინგის მსხვერპლი ოდესმე ყოფილა.

რაც შეეხება ჩაგვრაზე რეაგირებას, 92-მა თქვა, რომ მათ მიმართ ბულინგზე რეაგირება არ ჰქონიათ. 54 მოსწავლე ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ მასწავლებელს უთხრა, ხოლო 49-ის თქმით, მშობელს და მანდატურს აცნობეს. დანარჩენი პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

კვლევის თანახმად, იმ რესპონდენტებმა, რომლებმაც მიუთითეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მიმართ განხორციელებული ჩაგვრის ან დაცინვის შემთხვევაში არაფერი მოუმოქმედებიათ, ასევე დაასახელეს უმოქმედობის მიზეზები.

ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს იმ რესპონდენტებს, ვისაც გაუჭირდა პასუხის გაცემა (შემთხვევათა 42.1% – 262 შემთხვევა). თანაბარი ხვედრითი წილი აქვს ორ ფაქტორს (ორივე 63-63 შემთხვევა):

  • რესპონდენტებმა არ იცოდნენ, ვისთვის მიემართათ, ან რა გაეკეთებინათ;
  • რესპონდენტებისთვის მიუღებელია ვინმეს ინფორმირება ჩაგვრის/დაცინვის შესახებ, რაც ამბის მიტანასთან ასოცირდება.

საინტერესო აღმოჩნდა უმოქმედობის გამომწვევი მიზეზების ანალიზი სქესთაშორის ჭრილში. ამ კუთხით გოგოებისა და ბიჭების პასუხებში მკვეთრი განსხვავებაა.

„ჩემთვის ამბის მიტანა მიუღებელია“ მიუთითა ბიჭების 13.5%-მა და გოგონების 5.2%-მა. ბიჭების პასუხებში ამ მიზეზს ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აღმოაჩნდა, ამასთანავე, ეს მაჩვენებელი 2.5-ჯერ აღემატება გოგონების პასუხებს. შესაბამისად, ეს მონაცემი გარკვეული ანალიზისა და შემდგომი რეაგირების შესაძლებლობას იძლევა და ბიჭების დამოკიდებულებების ფორმირებაზე სკოლის პოზიტიური გავლენის გაზრდის აუცილებლობაზე მიუთითებს.

სახალხო დამცველის აპარატის მიხედვით, მიღებული შედეგები შემდეგი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა:

  1. ადამიანის უფლებების, ისევე როგორც საკუთარი უფლებების, შელახვისას მოსწავლეთა ნაწილი ინერტულია;
  2. უმოქმედობის გამომწვევი მიზეზი ხშირად რეაგირების სტრატეგიების უცოდინრობასთან არის დაკავშირებული;
  3. რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევაზე ასოცირდება „ამბის მიტანასთან“, რაც
    მოსწავლეთა ნაწილისთვის მიუღებელია, განსაკუთრებით, ბიჭი მოსწავლეების შემთხვევაში.

რაც შეეხება მოსწავლეთა აქტიურობას, იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე სხვა მოსწავლის ბულინგს ეხებოდა, გამოკითხულთა შორის 37% ამბობს, რომ თავად დაეხმარა იმ მოსწავლეს, რომელიც ჩაგვრისა და დაცინვის მსხვერპლი იყო.

“შემთხვევათა 16.6%-ში დასახელდა მასწავლებლის ინფორმირება; შემთხვევათა 11.1% -ში – სკოლის დირექტორის/დირექტორის მოადგილის ან ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომლის ინფორმირება; შემთხვევათა 12.4%-ში მოსწავლეებს არაფერი გაუკეთებიათ,” – ვკითხულობთ კვლევაში.

იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომელთაც აღნიშნეს, რომ სხვა მოსწავლის მიმართ განხორციელებული ჩაგვრისა და დაცინვის შემთხვევაში თავად არაფერი გაუკეთებია, არის 661.

რაც შეეხება უმოქმედობის მიზეზებს, კვლევაში მონაწილეები თავს იკავებდნენ შემდეგი ძირითადი მიზეზების გამო:

  1. მოსწავლეებს არ სურდათ ძალადობაში ჩართვა (შემთხვევათა 27.1%);
  2. მოსწავლეებმა არ იცოდნენ, რა ეთქვათ, ან გაეკეთებინათ (შემთხვევათა 19.7%);
  3. მოსწავლეებმა იფიქრეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა ადამიანებს გააგებინებდნენ, ისინი მაინც არაფერს გააკეთებდნენ (შემთხვევათა 11.6%)

კვლევისთვის შეირჩა 380 მასწავლებელი, 960 მოსწავლე და ადმინისტრაციის 140 წარმომადგენელი. თითო სკოლაში ჩატარდა საშუალოდ 20-21 ინტერვიუ, სკოლის ზომიდან გამომდინარე: შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა 15 მოსწავლე თითო სკოლიდან, ადმინისტრაციის საშუალოდ 2 წარმომადგენელი და საშუალოდ 6 მასწავლებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან