ახალი ამბები

აქამდე უცნობი კიდევ ერთი დაჭრილი ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან

25 ივნისი, 2018 • 2469
აქამდე უცნობი კიდევ ერთი დაჭრილი ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ირკვევა, რომ საქმეში არსებობს კიდევ ერთი დაჭრილი არასრულწლოვანი, რომელიც დაუდგენელია, ვინ დაჭრა, თუმცა საქმეში არსებობს შესაძლო დამჭრელის აღწერილობა მისი სამოსისა და ვარცხნილობის შესახებ.

მიუხედავად ამისა, პროკურატურას აღნიშნული პირი ამ დრომდე არ დაუკავებია. ამის შესახებ ცნობილი გახდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს, 25 ივნისს იმართება და მის ფარგლებში პროკურორსა და შსს-ს წარმომადგენელს კითხავენ.

საგამოძიებო კომისიაზე პროკურორ ზვიად ფხაკაძისა და შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ საქმეში არსებობს კიდევ ერთი დაჭრილი არასრულწლოვანი, რომელიც დაუდგენელია, ვინ დაჭრა.

კომისიაზე  დაჭრილი პირის ვინაობა ინიციალებით დასახელდა, იგი სავარაუდოდ ერთ-ერთი სასულიერო პირის შვილია. ხორავას ქუჩის საქმეში სასულიერო პირის შვილის ჩართულობის შესახებ ცნობები მანამდეც გავრცელდა.

“რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ზაზა სარალიძის მოკლულ შვილს პირველ დეკემბერს ფარდულში გაურკვეველ საგანს ურტყამდა ერთ-ერთი დეკანოზის შვილი. დღევანდელ საგამოძიებო კომისიის სხდომამდე უცნობი იყო, რომ ეს პირიც დაიჭრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი გარჩევის დროს.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლომ განაცხადა, რომ დავით სარალიძის მკვლელი საქმეში არ არსებობს და მხოლოდ დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის გამოუტანა ერთ პირს განაჩენი. ამის შემდეგ დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ აქციები დაიწყო. იგი და მისი მხარდამჭერები სრულყოფილ გამოძიებას და იმ ადამიანების დასჯას ითხოვენ, ვინც ხორვას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის მონაწილე პირებს ხელს აფარებენ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ გამოძიებასთან დაკავშირებით გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. საქმეში მოწმეებზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის საქმეზე გამოძიება დაიწყო შსს-მ და ამ გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ორი პირი, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი.

რამ გამოიწვია მოზარდების დაპირისპირება და რა მოხდა ხორავაზე პროკურატურის ვერსიით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი