ახალი ამბები

კუპრავა გაათავისუფლეს: ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა

25 ივნისი, 2018 • 4874
კუპრავა გაათავისუფლეს: ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა

ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე, რომლებიც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებთან დაკავშირებით ორი კვირის წინ დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, დღეს, 25 ივნისს გაათავისუფლეს.

“14 დღე მე ვიყავი გახარია-ივანიშვილის პირადი პატიმარი. ჩემი დაკავების ერთადერთი მიზანი იყო საპროტესტო მუხტის დახშობა და იმ პროცესის განეიტრალება, რაც ხდებოდა რუსთაველზე. სხვა ახსნა ამას არ გააჩნია. ამ ბრძოლამ, ამ შეუპოვრობამ თავისი შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი არის ფორმალობა, რადგან მხოლოდ კვირიკაშვილი შეიცვალა კვირიკაძეთი. დამნაშავეები დაუსჯელები არიან, მართალია, სისტემა მორყეულია, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე დგას, ამიტომ ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ გაგრძელდება”, – განუცხადა ზვიად კუპრავამ ჟურნალისტებს.

ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ ორი პირი 11 ივნისს, დილით, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ერთ-ერთ მათგანს კი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასაც ედავებოდნენ. დაკავებულებს სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

2017 წლის 1 დეკემბერს მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, რომლის მხარდასაჭერადაც კუპრავა აქციას მართავდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციები დროებით გადადებულია, რადგან ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის მთავრობა, რომელსაც კონკრეტულ მოთხოვნებს წაუყენებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი