პოლიცია საარჩევნო უბანზე სურუჩში. ფოტო: გაზეთი "ჯუმჰურიეთი"

სროლა, დაჭრილები, ბიულეტენებით სავსე ტომრები – პირველი ინციდენტები თურქეთში

საარჩევნო უბნების გახსნიდან რამდენიმე საათში თურქული მედია პირველი ინციდენტების შესახებ იტყობინება. შანლიურფას პროვინციის ქალაქ სურუჩში ერთმანეთს ორი ჯგუფი დაუპირისპირდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ამასთანავე, პოლიციამ ადამიანები დააკავა, რომელთაც საარჩევნო უბნებისკენ ზედმეტი ბიულეტენები მიჰქონდათ.

თურქეთის ერთ-ერთ ბოლო დამოუკიდებელ გაზეთ “ჯუმჰურიეთის” ცნონბით, ქალაქის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადამიანთა ორი ჯგუფი ეერთმანეთს დანებით დაუპირისპირდა, რა დროსაც სამი ადამიანი საიჭრა. დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დააკავა.

ამასთანავე, “ჯუმჰურიეთისა” და გამოცემა “ჰურიეთის” ცნობით, ამავე ქალაქში სამი პირი საარჩევნო უბნებისკენ ავტომობილებით გადაადგილდებოდა, რომელშიც ბეჭდით დადასტურებული ბიულეტენებით სავსე 4 ტომარა იყო განთავსებული. პოლიციამ ავტომობილი ჰაერში სროლით შეაჩერა და სამივე პირი დააკავა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ არიან დაკავებულები და როგორ აღმოჩნდა მათ ხელში ოფიციალურად დადასტურებული საარჩევნო ბიულეტენები. მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

გაზეთ “ჯუმჰურიეთის” ცნობით, ასევე სურუჩში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე უცნობმა პირებმა “ბიულეტენები ჩაყარეს”, პოლიციელებს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გაზეთი ვიდეოსაც ავრცელებს, რომელიც უბანზეა გადაღებული.

სურუჩში მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიაც. კომისიის თავმჯდომარის, სადი გიუვენის განცხადებით, უწყება სურუჩში უსაფრთხო საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად შესაბამის სამართლებრივ ზომებს უკვე იღებს.

თურქეთის მტავარი ოპოზიციური “რესპუბლიკური პარტია” სურუჩში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში საუბრობდა. პარტიის განცხადებით, რამდენიმე უბანზე დამკვირვებლები არ შეუშვეს. პარტია საარჩევნო კომისიისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

დღეს, 24 ივნისს, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. დღეს გაირკვევა აირჩევს თუ არა თურქეთი მეორე ვადით პრეზიდენტად რეჯებ ტაიპ ერდოღანს.  თუ ასე მოხდა და ერდოღანმა საპარლამენტო უმრავლესობაც მიიღო, თურქეთი საპრეზიდენტო მოდელზე გადავა, რაც კრიტოკოსების აზრით, ქვეყანას ავტორიტარიზმს უქადის.

სურუჩი

ისტორიული არჩევნები თურქეთში – მოკლედ ის, რაც უნდა იცოდეთ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან