ახალი ამბები

ისტორიული არჩევნები თურქეთში – მოკლედ ის, რაც უნდა იცოდეთ

23 ივნისი, 2018 • 5296
ისტორიული არჩევნები თურქეთში – მოკლედ ის, რაც უნდა იცოდეთ

თურქეთი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ხვალ, 24 ივნისს, ერთი მხრივ, ქვეყნის პირველი პირი, მეორე მხრივ კი პარლამენტის ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიონ.

საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია ამომრჩეველთან მასშტაბური შეხვედრებით დაგვირგვინდა: როგორც მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ისე მისმა მთავარმა კონკურენტმა მუჰარემ ინჯემ სტამბოლში თანადროულად გამართულ შეხვედრებზე მხარდამჭერებს პროგრამები ბოლოჯერ გააცნეს.

როგორც თურქეთის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ თანხმდებიან, რომ ხვალინდელი არჩევნები ბოლო ათწლეულების მანძილზე უპრეცენდენტო მნიშვნელობისაა.

24 ივნისის არჩევნების მნიშვნელობა, მთავარი მოთამაშეები, წინაპირობები და პროგნოზები – “ნეტგაზეთი” თურქეთის უმთავრესი პოლიტიკური მოვლენის შესახებ ცნობებს მოკლედ წარმოგიდგენთ.

ვინ არიან პრეზიდენტობის კანდიდატები?

საპრეზიდენტო კანდიდადტთა ჩამონათვალი ასეთია:

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი – მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც თურქეთის სათავეში 2003 წლიდან იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანი ამჟამადაც გაიმარჯვებს, მისი პარტია კი საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს, თურქეთი საპრეზიდენტო მოდელზე გადავა, რასაც გასული წლის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 51% მიემხრო.

მუჰარემ ინჯე – თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის – სეკულარული, მემარცხენე-ცენტრისტული “რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატია. ის ამომრჩეველს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასა და  სტაბილურ ეკონომიკას ჰპირდება.

მერალ აქშენერი – ახლად დაფუძნებული “კარგი პარტიის” ლიდერი. აქშენერი 1993-96 წლებში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ბოლო წლებში კი “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი იყო. აქშენერმა პარტია მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა ლიდერმა, დევლეთ ბაჰჩელიმ ერდოღანის შემოთავაზებულ საპრეზიდენტო მოდელს მხარი დაუჭირა. ქემალიზმის იდეების მხარდამჭერი აქშენერი ნაციონალისტური ხედვებით გამოირჩევა, თუმცა მხარს უჭერს სეკულარიზმსა და თურქეთის ევროპულ კურსს.

სელაჰათინ დემირთაში – ქურთების უფლებებზე ორიენტირებული, მემარცხენე “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” ლიდერი და ერთადერთი კანდიდატია, რომელიც კენჭს ციხიდან იყრის. ის 2016 წლის ივლისში, თურქეთში განხორციელებული გადატრიალების მცდელობის შემდეგ “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან” კავშირის ბრალდებით დააკავეს.

ქალი თურქეთის დროშითა და ათათურქის პორტრეტით წინასაარჩევნო შეხვედრაზე. ფოტო: EPA/SEDAT SUNA ქალი თურქეთის დროშითა და ათათურქის პორტრეტით წინასაარჩევნო შეხვედრაზე. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

ერდოღანი (თითქმის) ერთიანი ოპოზიციის პირისპირ

საპარლამენტო არჩევენბზე ამომრჩეველს შემდეგ სუბიექტებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება:

“სახალხო ალიანსი” – მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების” და ფორმალურად ოპოზიციური, თუმცა პროსამთავრობო “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის” პოლიტიკურ კავშირს წარმოადგენს.

“ეროვნული ალიანსი” – აღნიშნული კოალიცია 4 ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, რომელთა შორის ახლად დაფუძნებული, მემარჯვენე-ცენტრისტული “კარგი პარტია” და თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალა – სეკულარული “რესპუბლიკური პარტიაა”. მათთან ერთად ალიანსში მცირე პოლიტიკური სუბიექტები – “დემოკრატიული პარტია” და ისლამური “ბედნიერების პარტია” გაერთიანდნენ. ერთობა უპრეცენდენტოა იმ კუთხით, რომ მმართველი ძალის წინააღმდეგ სეკულარისტები და კონსერვატორი ისლამისტები ერთად იბრძვიან.

“ხალხთა დემოკრატიული პარტია” –  2012 წელს შეიქმნა და საპარლამენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობისთანავე შეძლო 10%-იანი ბარიერის გადალახვა. ის მეტწილად ქურთი უმცირესობის უფლებებზე ორიენტირდება და მისი ელექტორატის დიდ ნაწილსაც ქურთები შეადგენენ. პარტია ოპოზიციურ ალიანსს გაემიჯნა და არჩევნებში დამოუკიდებლად კენჭისყრა გადაწყვიტა.

რატომ არის 24 ივნისის არჩევნები უმნიშვნელოვანესი?

თუ ერდოღანმა გაინაღდა როგორც საპრეზიდენტო სავარძელი, ისე საპარლამენტო უმრავლესობა, თურქეთის საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლა გარდაუვალია, რაც ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ერდოღანის პირობებში, ავტორიტარიზმს უქადის ქვეყანას.

თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულის გარდა, კიდევ რამდენიმე სცენარი განიხილება. იმის გამო, რომ წინასწარი გამოკითხვები არ იძლევა ნათელ წარმოდგენას საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესახებ, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ოპოზიციამ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვოს მაშინაც კი, თუ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს. ამ შემთხვევაში  ვითარება მეტად გართულდება, რადგან თურქეთის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება, რასაც უმცირესობაში მყოფი ერდოღანის პარტია ვერ შეძლებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, მოცემული არჩევნები თურქეთის პოლიტიკური მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება.

დასრულდება თუ არა ერდოღანის ერა – როგორია პროგნოზები?

ერთ-ერთი მნივნელოვანი ფაქტორი, რამაც წინასაარჩევნო რიტორიკაზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ეკონომიკური სტაგნაციაა. 12%-იანი ინფლაცია და დოლართან მიმართებით ლირას რეკორდული დაცემა მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც ერდოღანის ხელისუფლებისთვის, ისე მისი კონკურენტებისთვის.

საერთო ჯამში, წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო თვეებში მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, რომ ზუსტი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. “რესპუბლიკური პარტიის” თუნდაც ბოლო რამდენიმე დემონსტრაციამ სტამბოლში, ანკარასა თუ იზმირში ცხადყო, რომ მუჰარემ ინჯე იმაზე ანგარიშგასაწევი ძალაა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მის წინასაარჩევნო შეხვედრებს ბოლო რამდენიმე დღეში მილიონობით ადამიანი დაესწრო, მაშინ როცა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრებზე აქტივისტების რიცხვი საგრძნობლად იყო შემცირებული.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გამოკითხვებით, ერდოღანს პირველი ტურის მოგება არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა არა აბსოლუტური უმრავლესობით. თურქეთის საარჩევნო სისტემის მიხედვით კი, არჩევნების მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 50+1%-ს არ მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტური შედგა, ერდოღანს, დიდი ალბათობით, სწორედ მუჰარემ ინჯესთან მოუწევს დაძაბულ ბრძოლაში ჩაბმა.

საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ოპოზიციის გასამარჯვებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ქურთების “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” შედეგებს ექნება. თუ პარტია 10%-იან ბარიერს გადალახავს და ოპოზიციურ ოთხეულთან ერთად პარლამენტში შევა, დიდი ალბათობით, ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას მოიხვეჭს.

 

2016 წლის გადატრიალების მცდელობიდან დღემდე მიმდინარე პერიოდში ხელისუფლების მიერ ათეულობით მედიასაშუალების დახურვა და გაძლიერებული კონტროლი საარჩევნო გარემოზეც აისახა. ოპოზიციური პარტიები სახელისუფლებო არხებზე ნაკლებად ან საერთოდ არ ჩანან. მაგალითად, თუ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე(TRT) 1-25 მაისის პერიოდში ერდოღანს 31 საათი დაუთმეს, მუჰარემ ინჯეს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 3 საათს შეადგენდა, მერალ აქშენერი ეთერში 9 წუთს, სელაჰათინ დემირთაში კი ტელეეკრანზე არ უჩვენებიათ.

თურქეთი არჩევნებს მეშვიდედ გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე ხვდება, რომელიც გადატრიალების მცდელობიდან დღემდე, თითქმის, 2 წელია, მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი