სასამართლომ 17 მაისს დაკავებული ზაზა სვანაძე გაამართლა

22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 17 მაისს დაკავებული ჟურნალისტი ზაზა სვანაძე გაამართლა.

ჟურნალისტი დაკავების დროს ფეისბუკის პირდაპირი ეთერით გია კორკოტაშვილს ესაუბრებოდა, რა დროსაც ის ე.წ. ქართული მარშის ლიდერთან ერთად დააკავეს.

“მე არ ვარ არცერთი პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი. გია კორკოტაშვილი პირველად ვნახე 36 წლის ასაკში პირადად და მასთან არაოფიციალური კომუნიკაცია არც მქონია. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი გიას ხისტი გამოხატვის ფორმები ბევრისთვის ცნობილია, მშრალ ფაქტს ავღნიშნევ: იმ დღეს ის იყო უჩვეულოდ მოზომილი და კორექტული. ეს არ არის ჩემი შეფასება. არსებობს ჩანაწერი, რომელი ჩანაწერიც ყველა კითხვაზე იძლევა პასუხს, დავამატებ იმასაც, მიუხედავად იმისა, რომ გია კორკოტაშვილის გამო დამაკავეს, ( შსს-მ ასე განმარტა, ) ეს ბატონი მოწმედ არ გამოუძაცებიათ,” – განუცხადა ნეტგაზეთს ზაზა სვანაძემ.

ზაზა სვანაძე და ადვოკატი ლაშა გოლუბიანი

მისი თქმით, პროცესზე მოსამართლეს შეახსენა, რომ თუ არაობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ეს არ იქნებოდა მხოლოდ ზაზა სვანაძის პირადი პრობლემა, რადგან ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ყველა ისტანციაში გავასაჩივრებდი, ხოლო შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმარღავდა:

“აფგან მუხთარლის შემდეგ, როდესაც საქართველოს, როგორც მოპასუხე მხარის მისამართით მთელი რიგი კითხვები წამოვიდა, იგივე განმეორდებოდა ჩემს შემთხვევაში. ეტყობა არ სურდათ ზედმეტი თავის ტკივილი და და მოხდა ისე რომ სასამართლომ ძალოვანი უწყების ცრუ ბრალდებები არ გაითვალისწინა და უსამართლოდ მცნო.

აქვე დავამატებ, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილი, არსენ დათუაშვილი, სასამართლომდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, იმყოფებოდა ჩემს სადარბაზოსთან. მან დამაფონის მეშვეობით გამეცნო, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და მთხოვა ქვემოთ ჩასვლა, რათა დოკუმენტები ჩამებარებინა. ეს ყველაფერი ხდება დილის 9 საათზე. მე არანორმატიული ლექსიკით ვუთხარი ამ პიროვნებას, დროზე წასულიყო ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, თორემ მედიას შევუყრიდი ზეწოლის გამო. ნამდვილად არ მსურდა იმ ადამიანებთან კონტაქტი, ვინც უკანონოდ დამაკავა. თან არც ვიცოდი დაზუსტებით, ვესაუბრებოდი თუ არა ძალოვანი უწყების წარმომადგენელს. და ასეც რომ ყოფილიყო, რომელი სისხლის სასმართლის დამნაშავე მე ვიყავი? ან კი რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო იმისა, რომ კართან იმ ადამიანს მოეკაკუნებინა, ვინც ქუჩიდან, (სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა) გამიტაცა?

მართალია, არსენ დათუაშვილისთვის არ მიგინებია, მაგრამ ის ჩანაწერში, სადაც მე ერთი არაკორექტული სიტყვით ვიცილებ ამ ბატონს, სასამართლოზე წარმოადგინეს. ვფიქრობ, ეს იყო პროვოკაცია. არაა გამორიცხული, ჩემი გამოწვევა სურდათ, გადამიღებდნენ სამხრე კამერით და ქვეყანას მოდებდნენ – აი, ჟურნალისტი როგორ იქცევაო… ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დაკავების დროს თურმე არ ჰქონიათ გადაღების უფლება, ჟურნალისტთან სახლში მისვლის დროს კი თურმე შეიძლება ფარულად გადაღება… ”

როგორც ზაზა სვანაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები მის სასარგებლოდ მეტყველებდნენ, მაინც არ იყო დარწმუნებული, რომ მოსამართლე გაამართლებდა.

“ვფიქრობ, ასეთი საქმეები არა ერთეულ ადამიანებს, ქვეყნის სასამართლო სისტემას და იმიჯსაც კი წაადგება, ვაპირებ ჩემს საქმეს ბოლომდე მივყვე, სტრასბურგამდე!” – ამბობს ზაზა სვანაძე.

მიმდინარე წლის 17 მაისს გია კორკოტაშვილი და ზაზა სვანაძე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გამართულ ჰომოფობიურ აქციაში მონაწილეობდნენ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა, შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ისინი დაკავებული არ ყოფილან. თავად კორკოტაშვილი და ზაზა სვანაძე აცხადებდნენ, რომ ისინი 17 მაისს უსამართლოდ დააკავეს და მათი უფლებები დაირღვა.

ვრცლად ამ თემაზე:

რამდენად კანონიერად გამოკითხეს/დააკავეს კორკოტაშვილი 17 მაისს?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.