რის პოვნას ცდილობს საქართველოში მიშელ უელბეკი? – მწერლის პასუხები მკითხველსა და მედიას

“ჩემი მოლოდინი ისაა, რომ ვეცადო, გავიგო, რატომ გიყვართ ჩემი წიგნები. მინდა, საერთო წერტილი ვიპოვო, რა აერთიანებთ ქვეყნებს, სადაც ჩემი ლიტერატურა უყვართ, თუმცა ეს წერტილი ჯერ ვერ ვიპოვე”, – თქვა ფრანგმა მწერალმა მიშელ უელბეკმა, როდესაც საქართველოში ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე მის სურვილებსა და მოლოდინებზე ჰკითხეს.

62 წლის მწერალი ეძებს საზომს, რომლითაც დაადგენს, რატომ უყვართ საქართველოში და არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს რომელიმე მეზობელ ქვეყანაში. როგორც ამბობს, აღნიშნული კითხვა ერთ-ერთია, რომელზე პასუხის გაცემასაც საქართველოში ყოფნისას შეეცდება:

“მწერლისთვის ყოველთვის გამოცანაა, რა განაპირობებს მის პოპულარობას. რატომ ვარ პოპულარული საქართველოში და არა სომხეთში, დანიაში და არა შვედეთში, მაგალითად. ეს ალბათ იმის დასკვნის საშუალებას გვაძლევს, რომ არსებობს სხვადასხვა ეროვნული ხასიათები, რომელსაც უფრო მეტად ან უფრო ნაკლებად შეესაბამება კონკრეტული მწერლის ნაწარმოებები”.

თუმცა, არის კიდევ ერთი რამ, რის შესახებაც მწერალს დამატებითი ინფორმაციის მიღება სურს და რაც ფრანგებისთვის საქართველოსთან ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ასოცირდება:

“ფრანგებმა, სამწუხაროდ, ცოტა იციან[საქართველოზე], ფრენებიც არაა ყოველდღე, როგორც შევატყვე… ბუნდოვნად მახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სარკოზიმ რაღაც გააკეთა. მაშინ ფრანგებში უმეტესობამ ვერ გაიგო, რა მოხდა და ახლა არ გთხოვთ ამის ახსნას, იქნებ მერე ამიხსნათ”, – სთხოვა მწერალმა აუდიტორიას.

უელბეკმა ჩვეული გულწრფელობა გამოიჩინა მაშინაც, როცა ჟურნალისტმა ქართულ ლიტერატურასა და ამ კუთხით მის ცოდნაზე ჰკითხა. იხუმრა, რომ ლიტერატურული ნიმუშები არა, თუმცა მოზარდობისას იოსებ სტალინის ნაშრომები წაუკითხავს. საპასუხოდ, საუბარში “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის” დირექტორი დეა მეტრეველი ჩაერთო და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართული ნაწარმოებების ფრანგულად თარგმნა იქნება, ვინაიდან ამჟამად ამ კუთხით საკმაოდ მწირი მასალა მოიპოვება.

მიშელ უელბეკი საქართველოში ვიზიტი “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა” და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მხარდაჭერით შედგა. სანამ რამდენიმე დღეში ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგება, თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი ჟურნალისტებისა და მკითხველების კითხვებს, დაახლოებით, ნახევარი საათის მანძილზე პასუხობდა. ისაუბრა საკუთარ ნაწარმოებებზე, პერსონაჟებსა თუ თავისი საქმიანობის თანმდევ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რეალიებზე.

დიდი ალბათობით, კითხვები პრესკონფერენციის დასრულების შემდეგაც დარჩა და ეს ბუნებრივიცაა, განსაკუთრებით უელბეკის შემთხვევაში. მწერალი, რომელიც აუდიტორიის დიდმა ნაწილმა შეიყვარა და მის ახალ ნაწარმოებებსაც მოუთმენლად ელის, სხვადასხვა დროს ქსენოფობიაში, ისლამოფობიასა თუ რიგი ჯგუფების დისკრედიტაციაში არაერთგზის დაუდანაშაულებიათ.

ასე მოხდა 2015 წელსაც, თუმცა იმაზე შემზარავ გარემოში, ვიდრე მანამდე ან მას შემდეგ: როცა უელბეკის რომანი, სახელწოდებით “მორჩილება”, “შარლი ებდოს” ტრაგედიის თანადროულად გამოქვეყნდა. ავტორი წიგნში წარმოსახვით, 2022 წლის საფრანგეთზე წერდა, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მუსლიმი კანდიდატი იმარჯვებს, ქვეყანა კი მკაცრად კონსერვატიული, შარიათის კანონებზე დამყარებული ხდება. სატირული ჟურნალის რედაქციაზე მომხდარი ჟლეტიდან მეორე დღეს, საფრანგეთის მაშინდელი პრემიერი მანუელ ვალსი უელბეკის რიტორიკამ იმდენად გააღიზიანა, რომ საჯაროდ განაცხადა:

“საფრანგეთი არ არის მიშელ უელბეკი; საფრანგეთი არ არის არატოლერანტულობა, სიძულვილი და შიში”.

უკვე დღეს, საქართველოში მყოფ მწერალს აღნიშნული შემთხვევა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა სალომე ასათიანმა შეახსენა და ჰკითხა, როგორ იგრძნო მაშინ თავი, როგორც მწერალმა, რომელიც სიძულვილთან გააიგივეს. უელბეკის პასუხი ამჟამადაც ხისტი იყო:

“მანუელ ვალსის ნათქვამს საერთოდ არ უნდა მიანიჭოთ არანაირი მნიშვნელობა. მახსოვს, ცოტა უხეშადაც კი ვთქვი, ის კი არ ლაპარაკობს, უბრალოდ პირიდან ხმას გამოსცემს მეთქი”, – აღნიშნა მწერალმა, თუმცა მალევე დაამატა:

“საერთოდ, გამოხატვის თავისუფლება უკვე დიდი ხანია, დეგრადირდება. არა იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან არსებობს ეს მცდელობა, არამედ იმიტომ, რომ უკვე ნებისმიერ პატარა ჯგუფს შეუძლია, იჩივლოს იმის გამო, რომ თავს გრძნობს შეურაცხყოფილად. ობიექტურები რომ ვიყოთ, საფრანგეთი არის ქვეყანა, სადაც რომანი ყოველთვის დაცულია და ძირითადად, მწერლები მათ წინააღმდეგ წარმოებულ დავებს არასდროს აგებენ”.

62 წლიანი ცხოვრების მანძილზე გადახდენილი კარგი თუ ცუდი, მიღწევა თუ იმედგაცრუება, საბოლოოდ, თავს ისევ მწერლის ნაწარმოებებსა და მათ პერსონაჟებში იყრის. კითხვაზე, როგორ იქმნებიან და საიდან მოდიან მისი წიგნების გმირები, უელბეკმა აღნიშნა:

“ძალიან რთულია იმის ახსნა, როგორ ხდება პერსონაჟების შექმნა. საინტერესო და ამავდროულად, რთული. ძალიან ხშირად ხდება, რომ მთავარი პერსონაჟები არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლებოდა, მე ვყოფილიყავი.

…ეს არ არის მხოლოდ ის, რაც გადაგხდენია თავს. ხშირდ ვწერთ იმაზე, რაც არ გვინდოდა, რომ გადაგვხდენოდა, რაც გვძულს ან რაც გვსურს, რომ გადაგვხდენოდა. ყველა ეს მომენტი თამაშობს როლს პერსონაჟის შექმნაში”.

მიშელ უელბეკი მკითხველს 25 ივნისს, 20:00-ზე, რუსთაველის თეატრში შეხვდება და დიდი ალბათობით, მის მიმართ არსებულ სხვა კითხვებსაც უპასუხებს. მანამდე კი ახალ ქვეყანას თავად ეცნობა და იმედოვნებს, რომ საქართველოს დატოვებისას მასზე გაცილებით მეტი ეცოდინება, ვიდრე ამ დრომდე. როგორც თავად ამბობს, ქვეყანასთან ურთიერთობას ნულიდან იწყებს და არაერთი რამ აინტერესებს:

“ისიც არ ვიცი, მაგალითად, სოფლის მეურნეობა რა დონეზეა განვითარებული. მგონი არის ხომ, ასე თუ ისე? ასევე, საკმაოდ საინტერესო და დამაინტრიგებელი რეგიონია კავკასია: აქ მთები უფრო მაღალია, ვიდრე ალპები, მაგრამ აქ არავინ მოდის…”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან