ახალი ამბებიკომენტარი

ეკლესია და ნარკოტიკებით გარდაცვლილები – დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტება სინოდის გადაწყვეტილებაზე

23 ივნისი, 2018 • 3795
ეკლესია და ნარკოტიკებით გარდაცვლილები – დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტება სინოდის გადაწყვეტილებაზე

რაზე იმუშავებს კომისია, რომელმაც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის მიხედვით, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ ეკლესიის პოზიცია უნდა შეიმუშაოს? ამ საკითხზე განმარტება ნეტგაზეთმა პატრიარქ ილია მეორის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს თანაშემწეს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს თხოვა:

სინოდის 21 ივნისის სხდომის ოქმში ჩანაწერმა, რომ უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც შეიმუშავებს ეკლესიის პოზიციას ნარკოტიკებით ზემოქმედების დროს გარდაცვლილების  ეკლესიური წესის აგებაზე დღეს დისკუსია გამოიწვია, ვერ გაიგო საზოგადოებამ და ჩვენც, ჟურნალისტებმა ზუსტად რა იგულისხმება ამაში. იქნებ თქვენ განგვიმარტოთ, რაზეა საუბარი?

სიამოვნებით. მოგეხსენებათ, ეკლესია თვითმკვლელებს არ უგებს ხოლმე წესს. არსებობს გამონაკლისები, რომლებსაც ცალკე განსჯა სჭირდება და შესაძლოა ზოგიერთი შემთხთვევა გამონაკლისის სახით დაიშვას. ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანი სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის საკუთარის დათმობაზე მიდის. ეკლესია ფორმალურად არ უდგება ამას. შესაძლოა თვითმკვლელობა ხდებოდეს სასოწარკვეთილებისა და ღვთის გმობის შინაგანი განწყობით, თუმცა,  შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევაში ადამიანი ამის გარეშე მიმართავდეს თვითმკვლეობას.

როგორ ადგენს ხოლმე ამას ეკლესია? საეკლესიო წესის აგება, როგორც  წესი, ხდება დაკრძალვამდე, თვითმკვლელობების გამოძიება კი ზოგჯერ ძალიან დიდხანს გრძელდება და უშედეგოდ.

წესის აგება გვიანაც ხდება ხოლმე, ეს მაინც და მაინც დროში შეზღუდული არ არის. თუ დადგინდა გვიან და გამოირკვა რაიმე ახალი გარემოებები, რომ ადამიანს თვითმკვლელობისთვის საპატიო მოტივაცია ჰქონდა, მერეც შეიძლება წესის აგება.

და რა შეიძლება იყოს ეკლესიისთვის საპატიო მიზეზი?

როგორც ავღნიშნე, მაგალითად სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ადამიანმა შეიძლება საკუთარი სიცოცხლე დათმოს. ყოფილა შემთხვევა, რომ წამებას ვერ გაუძლეს და გათქმას და კიდევ რამდენიმე ადამიანის შეწირვას, ამჯობინეს სიცოცხლეს გამოსალმებოდნენ. ყოფილა შემთხვევა, როცა ქალწულობის შენარჩუნებისთვის მონასტრის კედლებიდან გადმომხტარა მონაზონი, როცა არბევდნენ მონასტერს. რაღაც ისეთი მოტივაცია, რომელიც ღვთის გმობას, სასოწარკვეთილებას და უიმედობას არ უკავშირდება. ასეთია ასევე შემთხვევები, როცა ადამიანი თავისთავს ვერ ფლობს და სულიერი ავადმყოფური მდგომარეობა აქვს.  ამას ჭირდება განსაკუთრებული გამოკვლევა და დადგენა. ყველა წესს თან ახლავს ხოლმე გამონაკლისები.

ნარკოტიკული თრობის ქვეშ გარდაცვლილი ადამიანიც, უმეტეს შემთხვევაში, განიხილება ხოლმე როგორც ირიბად თვითმკვლელი.  რა თქმა უნდა, არა მიზანმიმართულად და შეგნებულად, მაგრამ რაღაც მოუფრთხილებლობით ყოველ შემთხვევაში სიცოცხლის ხელმყოფი.  ღმერთმა მისცა სიცოცხლე და ამის მოუფრთხილებლობა გარკვეული დანაშაული არის. და რადგანაც ეს ასეთ კონტექსტში განიხილება, შესაბამისად, ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების ქვეშ გარდაცვლილებზე, როგორც წესი, ეს მსახურება არ აღსრულდება. აქაც გარკვეული გამონაკლისები არსებობს.

ამჟამად არსებობს ასეთი პრაქტიკა?

რა თქმა უნდა. სინოდის განჩინებით არაფერი არ იცვლება მის პრაქტიკაში. არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ისეთ შემთხვევებზე წესის აგება, როგორზეც აქამდე არ ხდებოდა და პირიქით, არავითარ შემთხვევაში არ აიკრძალება ისეთი გამონაკლისებით წესის აგება, როგორიც აქამდე არსებობდა. ეს არის შიდა საეკლესიო საკითხი, მოძღვრებისათვის, უფრო მეტი განმარტებებისთვის და იმუშავებს კომისია, რომ მოძღვრისათვის ესა თუ ის საკითხი იყოს უფრო მეტად გარკვეული.

დღეს ახალი პერიოდია –  ადრე ამდენი სიკვდილიანობა არ იყო ნარკოტიკული ნივთიერების გამო, აზარტულ თამაშებში წაგებული თანხის გამო და სხვადასხვა რამ, რაც თანამედროვე ცხოვრებამ მოიტანა, ძველ საეკლესიო პრაქტიკაში არ იყო. ამიტომ არსებობს გარკვეული გაბნეულობა და მრავალფეროვნება და უბრალოდ ჩვენი შიდა მოხმარებისთვის კეთდება ეს, რომ მოძღვარმა იცოდეს, რა დაადგინა დღეისათვის ეკლესიამ. როგორ შემთხვევაში უშვებს გამონაკლისს.

ეს კომისია უკვე შეიქმნა?

არა, ჯერ ადრეა,  დღეს მეორე დღეა სინოდის სხდომიდან, ყველა ისვენებს.

ვინ შევა ამ კომისიაში?

სასულიერო პირები, ეპისკოპოსები, შეიძლება ექიმები, ფსიქიატრები, ნარკოლოგები.  

არის შემთხვევა, როცა ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ გარდაიცვალა ადამიანი, მაგრამ ნარკოლოგი ადგენს, რომ ეს ადამიანი სრულიად ნებაგამოცლილი იყო, საკუთარ ნებას არ ეფუძნებოდა.

თქვენ თქვით, რომ ეკლესია ამას განიხილავს როგორც ირიბ თვითმკვლელობას. ეს ამჟამად არსებული ვითარებით, კანონიკურად როგორ არის და რატომ განიხილავს ამას ეკლესია ირიბ თვითმკვლელობად? როგორ განიხილავს? არც ერთი ნარკომომხმარებელის მიზანი არ არის ხომ, რომ მოკვდეს?

ნარკოტიკულ საშუალებაზე მიჯაჭვულობა ნიშნავს დაუძლეველ სურვილს, რომ მან ნარკოტიკი მოიხმაროს. ერთ ისტორიას მოგიყვებით და თქვენ განსაზღვრეთ ეს ადამიანი შეგნებულად აკეთებს, თუ შეუგნებლად. გარდაიცვალა ერთი ახალგაზრდა კაცი და როცა მისი მეგობარი მივიდა და იკითხა გარდაცვალების მიზეზი, უთხრეს, ნარკოტიკის მოხმარების შედეგად.  თქვა, რომ ეს არ მოკლავდა და იქვე მოიხმარა იგივე ნარკოტიკი და ისიც გარდაიცვალა. ეს შემთხვევა ცხადყოფს, რომ არჩევანი გაკეთებულია მის მიერ. გასაგებია, რომ არ გულისხმობდა საკუთარი თავის მოკვლას, მაგრამ იქვე თვალწინ ედო ცხადი მაგალითი. გესმით, რატომ განიხილავს ეკლესია ამას როგორც თვითმკვლელობის კატეგორიას? ეს არის უკიდურესად უდიერად მოპყრობა საკუთარი სიცოცხლისათვის.

კომისია რომ შეიქმნება, რაიმე განჩინება იქნება მიღებული, თუ უბრალოდ რეკომენდაცია?  კანონიკურად ეს როგორ ხდება?

ალბათ იქნება. მე სინოდის სხდომას არ ვესწრებოდი და ალბათ იქ ცოტა უფრო ვრცლად იქნებოდა ნათქვამის ამის შესახებ. მაგრამ გარკვეული წარმოდგენა, ვარაუდი შესაძლოა არსებობდეს. ალბათ აქ იქნება გარკვეული მაგალითები მოყვანილი, გარკვეული დაშვებები და მოტივაცია, რომ რა შემთხვევაში შეიძლება ეკლესიამ გამონაკლისები დაუშვას. კომისიამ მღვდლებისათვის სახელმძღვანელოდ რაღაცა კატეგორიები უნდა განსაზღვროს, რომლის მიხედვითაც მსჯელობა შესაძლებელი იქნება.

როგორ დაადგენენ სასულიერო პირები რითი გარდაიცვალა ადამიანი? იმის დადგენას, გარდაიცვალა თუ არა ნარკოტიკის მოხმარების შედეგად პირი, საკმაოდ დიდი ხანი ჭირდება. ექსპერტიზის შედეგები..

ეკლესია არ ადგენს წესს, როდის შეიძლება წესის აგება.

გასაგებია, მაგრამ ვთქვათ, გარდაცვლილის ოჯახი მოგმართავთ საეკლესიო წესის აგების თხოვნით. ვიდრე რაიმე ასეთი დოკუმენტი არ ექნება მღვდელს, წესს არ აუგებს?

წარმოდგინეთ, რომ მოვიდა ორი ბუდისტი და ძალიან გთხოვეს მისმა  მშობლებმა, რომ  დავწეროთ ჯვარი. როგორ ფიქრობთ, გარეგნულად რომ შეასრულოს მღვდელმა ჯვრისწერის მსახურება, შინაგანად ამას  რაიმე მნიშვნელობა ექნება? ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ საეკლესიო მსახურებაზე, ძალიან ხშირად, ვინც საეკლესიო ცხოვრებაში ნაკლებად არის გარკვეული, ფიქრობს, რომ ეს არის მხოლოდ ის რიტუალი, რაც გარედან ჩანს. საეკლესიო სწავლებით, ყველა მსახურება, მით უმეტეს საიდუმლოების აღსრულება, შედგება ორი ნაწილისაგან. ერთი არის რიტუალი, რომელსაც ხილულად ვხედავთ და მღვდელი აღასრულებს სხვადასხვა ნივთების საშუალებით და მეორეა საიდუმლო მხარე. უმთავრესი არის საიდუმლო მხარე, რომელიც უხილავად აღესრულება ამ გარეგნულის პარალელურად. თუკი ჩვენ შინაარსის გათვალისწინების გარეშე მხოლოდ რიტუალის აღსრულებაზე გავაკეთებთ აქცენტს, ეს იქნება მხოლოდ გარეგნული ქმედებები. და ეკლესია თავის მსახურებაში აქცენტს აკეთებს იმ უხილავ მხარეზე, სადაც საღვთო მადლი გადმოდის. ამიტომ შესაბამისობაში უნდა იყოს შინაარსი იმ გარეგნულ მხარესთან, რასაც აღასრულებს ეკლესია.

ეს ტექნიკურად როგორ შეიძლება მოხდეს? ახლა როგორ ხდება? გარდაიცვალა ადამიანი, სურთ საეკლესიო წესის აგება. რა დოკუმენტაციას თხოვენ სასულიერო პირები. გარდაცვალების ცნობა, რაიმე სხვა დოკუმენტი?? აქ ჩიხში ხომ არ შევა ეკლესია??

ჩიხში არ შევა ეკლესია. როგორც მოქმედებდა, ისე იმოქმედებს. ეს განჩინება, რაც აქ წერია, არ ეხება არავის, გარდა სასულიერო პირებისა. სასულიერო პირებს ჰქონდათ შეკითხვები, როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში და მათთვის იქნება ეს კომისია და არავით შემთხვევაში არ ეხება სხვებს. სხვებზე ეს არ იქონიებს არავითარ გავლენას. იმიტომ, რომ ვისზეც გამონაკლისი კეთდებოდა, ისევ ისე გაკეთდება, ვისზეც არ კეთდებოდა გამონაკლისი, ისევ ისე არ გაკეთდება. უბრალოდ მღვდლებისთვის იქნება უფრო სწრაფად გარკვევის საშუალება და მღვდლები წინასწარ იქნებიან ინფორმირებული როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში.

სწორედ ამას ვკითხულობ, სასულიერო პირები როგორ გაარკვევენ?

კომისია დაწერს და მათ შორის თუ საჭირო იქნება, დაელოდებიან სასამართლოს დასკვნას და ექსპერტიზის დასკვნას, თუ არ იქნება საჭირო.  დღესაც ასე კეთდება. უბრალოდ დღეს ასე კეთდება ინდივიდუალურად. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე რომ ველოსიპედს ვიგონებდეთ, დაახლოებით ასე ხდება დღეს. ეს კომისია გულისხმობს, რომ იქნება კატეგორიების თავმოყრა. სასულიერო პირს შეეძლება გადაშალოს ეს წიგნი, წაიკითხოს. და აღარ დაჭირდება დიდხანს ლოდინი. თორემ თვითონ მსახურების კუთხით ეს არაფერს არ შეცვლის.

რადგან თქვენ ამბობთ, რომ პრაქტიკა ამჟამადაც ასეთია ხომ?

ამჟამადაც ასეთია, უბრალოდ ჩვენ ვიმარტივებთ ამის განსაზღვრის წესს.

მასალების გადაბეჭდვის წესი