ახალი ამბები

ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე ორ პირს პატიმრობა მიუსაჯეს

22 ივნისი, 2018 • 2669
ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე ორ პირს პატიმრობა მიუსაჯეს

22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოm   ‘’ფარული კადრების’’ საქმეზე ორ პირს პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ერთი ბრალდებული პირი გაამართლა. საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ორივე ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს. 

სხდომა, რომელზეც ეს გადაწყვეტილება მიიღეს,  დახურული იყო, რადგანაც სასამართლოს ცნობით, საქმე ეხება საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეს.

სასამართლო იუწყება, რომ ე.წ. „ფარული კადრების“ მოპოვება, შენახვისა და გავრცელების ბრალდების საქმეზე ბრალდებულ ორ პირს, ი.ფ-სა და გ.ღ-ს  1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ერთი პირის ზ.ჯ-ს მიმართ სასამართლომ სრულად გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

გავრცელებულ ცნობაში არ არის საუბარი, როდისაა დანაშაული ჩადენილი, თუმცა საქმე სავარაუდოდ ეხება 2016 წლის 11 მარტს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს, რომელზეც ვიდეოს გამავრცელებელი მიუთითებდა, რომ ასახული იყო ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება.

ამ ვიდეო გავრცელებასთან დაკავშირებით მაშინ პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157 -ე მხულის მეორე ნაწილით დაიწყო. [პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა , პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ანდა გავრცელება ამა თუ იმ ხერხით].

სასამართლო ამ საქმესთან დაკავშირებით 22 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

“წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა ჩაიდინეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ზ. ჯ.-მ ასევე ჩაიდინა უკანონოდ მოპოვებული მასალის გავრცელება. გ. ღ.-ს ბრალად ედებოდა, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შენახვა და მისი მასობრივი მაუწყებლობის საშუალებით უკანონოდ გავრცელების მცდელობა, ჩადენილი ანგარებით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.  ხოლო, ბრალდებულმა ი.ფ.-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებასთან ერთად, ანგარებით ჩაიდინა, მისი შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მასვე, ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფის საქმეზე სასამართლომ, დაზარალებულთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, დახურულ სხდომებზე იმსჯელა. ბრალდებულმა გ.ღ.-მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, ხოლო ბრალდებულებმა ზ.ჯ.-მ და ი.ფ.-მ თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ ზ.ჯ.-ს მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის არასაკმარისად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები  და შესაბამისად, ზ.ჯ-ს მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. ბრალდებულ ი. ფ.-ს მიმართ გადაკვალიფიცირდა ბრალად შერაცხული ქმედება და ნაცვლად ანგარებით ჩადენილი დანაშაულისა, მსჯავრი დაედო პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებისა და შენახვისათვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 თვის ვადით.

რაც შეეხება ბრალდებულ გ.ღ-ს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით.  ორივე ბრალდებული, საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს”.


ყველაზე მასალა ამ თემაზე:

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება

მასალების გადაბეჭდვის წესი