ახალი ამბები

სტამბოლის ახალ, უდიდეს აეროპორტში პირველი თვითმფრინავი უკვე დაეშვა

22 ივნისი, 2018 • 13958
სტამბოლის ახალ, უდიდეს აეროპორტში პირველი თვითმფრინავი უკვე დაეშვა

თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თვითმფრინავი არის პირველი დიდი ზომის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლის ახალ საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

თურქეთის სამთავრობო ეარბას A318-ით პრემიერი ერდოღანი ახალ აეროპორტში ჩაფრინდა გაზიანტეპიდან, სადაც ის საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა. მანამდე, ახალი აეროპორტის სანავიგაციო სისტემამ წარმატებით გაიარა ტესტირება.

თურქეთის სახელისუფლებო სააგენტოების ინფორმაციით, ერდოღანმა აეროპორტში სტუმრობისას თქვა, რომ ეს იქნება მსოფლიო საავიაციო და სატრანსპორტო ჰაბი.

სტამბოლის ახალი აეროპორტი, რომელიც სრული დატვირთვის ამუშავების შემდეგ მსოფლიოში უდიდესი იქნება, 2018 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის წლისთავზე გაიხსნება. ამ დროს კომერციული რეისების მიღებას შეწყვეტს ათათურქის სახელობის აეროპორტი, რომელიც ამ დროისათვის წელიწადში, საშუალოდ, 60 მილიონ მგზავრს ემსახურება და, როგორც თურქეთის ხელისუფლება ამბობს, ეს არის ამ აეროპორტის რესურსის მაქსიმუმი. მიმდებარედ არსებული ურბანული სივრცისა და განაშენიანების გამო, ათათურქის აეროპორტმა უკვე ამოწურა გაფართოების რესურსი. სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში ახალი აეროპორტის მშენებლობა დადგა.

სტამბოლის ახალი აეროპორტი

სტამბოლის ახალი აეროპორტი

სტამბოლის ახალი აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 35 კილომეტრის მოშორებით, შავი ზღვის ნაპირზე, 67.7 მილიონ კვადრატულ მეტრზე განთავსდება. სტამბოლის ცენტრიდან ახალ აეროპორტამდე გაჰყავთ მეტროს ხაზიც, რაც იქ მისვლას ბევრად გაამარტივებს.

გახსნისთვის იგეგმება, რომ ახალი აეროპორტი წელიწადში 90 მილიონ მგზავრს მოემსახურება, 2023 წლისთვის კი მგზავრების ნაკადის გაზრდას 150-დან 250 მილიონამდე გეგმავენ. ამ დროისათვის ახალი აეროპორტი დღეში 3 ათასზე მეტი ავიარეისის მომსახურებას შეძლებს და იქ 225 ათასამდე ადამიანი დასაქმდება.

სრული დატვირთვის ამუშავების შემდეგ სტამბოლის ახალი აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე დიდი იქნება მგზავრების ნაკადის მიხედვით. ამჟამად ეს სტატუსი აქვს აშშ-ში, ატლანტის ჯექსონ ჰართსფილდის საერთაშორისო აეროპორტს. 2017 წლის მონაცემებით, ატლანტის აეროპორტი წელიწადში 104 მილიონამდე მგზავრს ემსახურება.

როგორც თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმეთ არსლანი ამბობს, ათათურქის აეროპორტიდან ახალ აეროპორტში შესაბამისი ტექნიკის გადატანას 48 საათში შეძლებენ.

სტამბოლის ახალი აეროპორტი

სტამბოლის ახალი აეროპორტი

სტამბოლის ახალი აეროპორტი

არსლანის ცნობით, აეროპორტის 85% თითქმის აშენებულია და ოქტომბრისთვის მისი გახსნა არ შეფერხდება. ამ დროისათვის ტერიტორიაზე 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ და ირწმუნებიან, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

2018 წლის ოქტომბრიდან სწორედ ახალ აეროპორტში განთავსდება თურქეთის ავიახაზების ძირითადი ბაზა. აღნიშნული ავიაკომპანია უკვე წლებია შეუქცევადად იზრდება. თუ თურქეთის ავიახაზებმა 2005 წელს 14 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, 2017 წელს ამ რაოდენობამ 69 მილიონს მიაღწია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი