ახალი ამბები

ახალი პროკურორი იუსტიციის მინისტრის გარეშე უნდა შეარჩიონ – 39 NGO

22 ივნისი, 2018 • 2556
ახალი პროკურორი იუსტიციის მინისტრის გარეშე უნდა შეარჩიონ – 39 NGO

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორი ახალი წესით, იუსტიციის მინისტრის მონაწილეობის გარეშე უნდა აირჩიონ.

კოალიციის წევრების აზრით, იუსტიციის მინისტრი არ უნდა იყოს საპროკურორო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, მას აღარ უნდა ჰქონდეს მთავარი პროკურორის კანდიდატების დასახელების უფლებამოსილება.

გავრცელებულ განცხადებაში კოალიციის წევრები მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიმდინარე რეფორმა და ახალი გენერალური პროკურორის არჩევა იქნება იმის განმსაზღვრელი, უახლოეს მომავალში პროკურატურა ჩამოყალიბდება აპოლიტიკურ, კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ ინსტიტუციად, თუ პირიქით, რეფორმებს არ ექნება რეალური შედეგი და პროკურატურა კვლავ დარჩება პოლიტიკური ნების აღმსრულებელ უწყებად.

კოალიცია მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის შესარჩევი პროცესის კვლავ თეა წულუკიანის მიერ წარმართვა არ იქნება თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან.

“2012 წლიდან დღემდე თეა წულუკიანის მიერ დასახელებული არცერთი მთავარი პროკურორობის კანდიდატი – არჩილ კბილაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, გიორგი ბადაშვილი, ირაკლი შოთაძე – არ გამოირჩეოდა პოლიტიკური ნეიტრალობით, რაც მთავარი პროკურორის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა”, – წერია კოალიციის განცხადებაში.

გასათვალისწინებელია, რომ თუ მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედ წესში ახლა არ შევიდა სათანადო ცვლილებები, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის დროს, თანამდებობაზე 6 წლის ვადით უკვე იქნება გამწესებული მთავარი პროკურორი, რომლის არჩევაც განხორციელდება არსებითად ხარვეზიანი წესით, აცხადებენ კოალიციის წევრები.

განცხადებაში მითითებულია 2015 წელს ვენეციის კომისიის შეფასება, რომელშიც ხელისუფლებას მიუთითებდა მთავარი პროკურორის შერჩევის მოქმედ მოდელში პოლიტიკური ელემენტის დომინირებაზე და იუსტიციის მინისტრის როლის და პოლიტიკური მონაწილეობის ხარისხის შემცირებაზე.

კოალიციის წევრ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ახალი მთავარი პროკურორის არჩევა, მოქმედი წესით, აზრს მოკლებულია და დამაზიანებელი იქნება არსებითად ახალი პროკურატურის სისტემაზე გადასვლის პროცესისთვის. საჭიროა, რომ ახალი მთავარი პროკურორი რეფორმირებული, ახალ კონსტიტუციურ სტანდარტთან შესაბამისობაში მყოფი წესებით აიჩიონ.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 31 მაისს გადადგა, მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე დღუპული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერებმა პროკურატურასთან მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს. პროტესტი მოჰყვა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გამოძიებამ ვერ დაადგინა პირი, რომელმაც 2017 წლის 1 დეკემბერს მოკლა ზაზა სარალიძის შვილი, დავით სარალიძე.

13 ივნისს გიორგი კვირიკაშვილი მოულოდნელად გადდგა. პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მამუკა ბაზტაძე აირჩია. ბახტაძესთან ერთად პარლამენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ახალ მთავრობას, რომლის შემადგენლობაში იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანიც შედის.

კოალიციის წევრები არიან კონსტიტუციის 42-ე მუხლი, მრავალეროვანი საქართველო, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, ლიბერალი, კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, კავშირი ”21-ე საუკუნე”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, დემოკრატ მესხთა კავშირი, თავისუფლების ინსტიტუტი, სამოქალაქო განვითარების სააგენტ, საქართველოს გაეროს ასოციაცია, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის ინსტიტუტი, ევროპის ფონდი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, თბილისის მედია კლუბი, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, საქართველოს ევროპული არჩევანი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, ადამიანის უფლებათა ქსელი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, კავშირი “საფარი”, ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი, “ფრემა”, წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“

ამერიკის სავაჭრო პალატა არ არის განცხადების ხელმომწერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი