ახალი ამბებისამართალი

ჯაფარიძის სამართალდარღვევის არცერთი მტკიცებულება არსებობს – იურისტი ნონა ქურდოვანიძე

22 ივნისი, 2018 • 2523
ჯაფარიძის სამართალდარღვევის არცერთი მტკიცებულება არსებობს – იურისტი ნონა ქურდოვანიძე

საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელს, რომელიც ამტკიცებდა, თითქოს ზურაბ ჯაფარიძე დედას აგინებდა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საპროტესტო აქციები ერთმანეთში აერია და მან არ იცოდა, როდის დააკავეს გირჩის ლიდერი.

“ეს ადასტურებს იმას, რომ პოლიციელი, რომელიც ამტკიცებდა, თითქოს ზურაბ ჯაფარიძე აქციის დროს მათ აყენებდა შეურაცხყოფას, არის სიცრუე და სასამართლომ ეს არ უნდა გაიზიაროს, ვინაიდან  მხარემ ვერც ერთი ამის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოადგინა,” – ამბობს ნონა ქურდოანიძე, რომელიც სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის ინტერესებს იცავს.

იურისტის განცხადებით, მხოლოდ პოლიციელის ჩვენება არ არის საკმარისი  იმისთვის, რომ სასამართლომ დაიჯეროს, თითქოს სამართალდარღვევა მოხდა:

“მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსამართლის მიმართ ნდობა არ გვქონდა, იმედს ვიტოვებთ, მტკიცებულებების არარსებობის ფონზე, ის მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს საქმის შეწყვეტა სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო. ამ საქმეში მნიშვნელოვანია ის, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება. კონკრეტული გამონათქვამები და შეფასებები, რომელიც შეიძლება გაკეთდეს პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ, ეს არის კონკრეტული პირის გადასაწყვეტი – მას აქვს უფლება იმ ლექსიკითა და ტერმინოლოგიით გამოხატოს პოზიცია, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს, თუ ეს მშვიდობიანი გამოხატვის ფორმაში ჯდება. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხყოფად.”

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დღეს ამტკიცებდა, რომ მას და მის კოლეგებს უშუალოდ ზურაბ ჯაფარიძე აყენებდა არაერთ შეურაცხყოფას, თუმცა, როგორც ნონა ქურდოვანიძე ამბობს, მან ვერც ერთი ამის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოადგინა.

“ამიტომ ჩვენ, ცხადია, ვითხოვთ საქმის წარმოების შეწყვეტას სამართალდარღვევის არარსებობის გამო,” – ამბობს ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი.

დღეს, 22 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ “გირჩის” ლიდერისა და საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის 12 მაისს დაკავების საქმე განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია. შემდეგ სხდომაზე, რომელიც 13 ივლისს ჩაინიშნა, დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

ვრცლად დღევანდელი პროცესის შესახებ:

ტელეფონზე რატომ თამაშობთ? – ჯაფარიძის პროცესზე მოსამართლემ პოლიციელს შენიშვნა მისცა

მასალების გადაბეჭდვის წესი