სასამართლომ ზურაბ ჯაფფარიძის აქციაზე დაკავების საქმე განიხილა

დღეს, 22 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ “გირჩის” ლიდერისა და საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის 12 მაისს დაკავების საქმე განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია. შემდეგ სხდომაზე, რომელიც 13 ივლისს ჩაინიშნა, დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

ზურაბ ჯაფარიძის ინტერესებს სასამართლოში საიას იურისტი, ნონა ქურდოვანიძე იცავს.

ზურაბ ჯაფარიძის პროცესი

პროცესის დაწყებისას ზურაბ ჯაფარიძემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც ნინო ჭალიძემ არ დააკმაყოფილა. ჭალიძე სწორედ ის მოსამართლეა, ვინც 3 მაისის ინციდენტზე ზურაბ ჯაფაიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა, ხოლო ვახტან მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას 10-10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შემდეგ მოსამართლემ დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძის და მისი ადვოკატების შუამდგომლობა 11 მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით.

ნინო ჭალიძემ პოლიციის წარმომადგენელს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა პოლიციას მასალები, რომლითაც დაადასტურებდა ზურაბ ჯაფარიძის სამართალდარღვევას, რაზეც ირაკლი დგებუაძემ უპასუხა, რომ თან აქვს ვიდეომტკიცებულებები.

“აქამდე რატომ არ წარმოადგინეთ? მასალები უნდა წარგედგინათ თავის დროზე,” – მიმართა მოსამართლემ პოლიციის თანამშრომელს, თუმცა მაინც მიიღო პოლიციის დღეს წარდგენილი მასალები.

ირაკლი დგებუაძის თქმით, მის მიერ წარდგენილია ტელევიზიით გაშუქებული კადრები, სადაც ზურაბ ჯაფარიძე იგინება პოლიციისა და პირადად მისი მისამართით:

“მან კიდევ გააგრძელა გინება ჩვენი მისამართით კომენტარის გაკეთების დროსაც, ხოლო ინტერვიუს დასრულების შემდეგ დავაკავეთ.”

ზურაბ ჯაფარიძე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ პოლიციამ ისე გაიტაცა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

“გაა**ან საერთოდ, რა. ვინ არიან მართლა, ამათი დედაც ვატირე. ეს ვთქვი მხოლოდ არა რომელიმე კონკრეტული პოლიციელის, არამედ მთელი სისტემის მიმართ. ეს ვიდეო აქვთ მოტანილი და ტყუილია, თითქოს პოლიციელებს ვაგინებდი.

არანაირი გინება რომელიმე პოლიციელის მისამართით არ ყოფილა. მე ვარ პოლოტიკოსი, ხოლო ჩემი პროტესტის ეს ფორმა მშვიდობიან აქციაზე ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

ამ კომენტარის გაკეთების შემდეგ, 15 წუთის განმავლობაში პოლიციელებსაც ვესაუბრებოდი, სერგი გვარჯალაძესაც ველაპარაკე. მერე დამაკავეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი უკანონო პატიმრობაში, თუმცა განყოფილებაში არავინ მომქცევია ცუდად,” – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი.

პროცესზე მოისმინეს პოლიციის მიერ წარმოდგენილი დაახლოებით 1-წუთიანი ვიდეოჩანაწერი, რომელიც, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ისეა მოჭრილი, გაუგებარია კონტექსტი. ამის შემდეგ ნონა ქურდოვანიძემ წარადგინა იმავე მასალის სრული, 10-წუთიანი ჩანაწერი, რომელიც მოსამართლემ გადახვევებით ნახა და განმარტა, რომ უნდა დაედგინა, იყო თუ არა იდენტური ეს ჩანაწერები. მოსამართლემ ორივე მხარის ვიდეომტკიცებულება მიიღო.

პოლიციელი ირაკლი დგებუაძე და მოსამართლე ნონა ჭალიძე

მანამდე ნონა ჭალიძემ პოლიციის წარმომადგენელს შენიშვნა მისცა.

“ტელეფონზე რატომ თამაშობთ?! სასამართლო დარბაზში მყოფებზე თანაბრად ვრცელდება კანონი!” – მიმართა მოსამართლემ ირაკლი დგებუაძეს.

სასამართლომ დღეს მხარეთა ახსნა-განმარტებებიც მოისმინა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს აქციების თარითები აერია. მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების ღამეს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს კორიდორი ჰქონდათ გაკეთებული აქციასა და კონტრაქციას შორის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან 12 მაისს პარლამენტის წინ მხოლოდ ერთი აქცია მიმდიანრეობდა.

ირაკლი დგებუაძე ამტკიცებდა, რომ რუსთაველზე მისვლისას, ზურაბ ჯაფარიძე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს დედას აგინებდა და პირადად მას ნაძირალა უწოდა. პოლიციელის თქმით, სამართალდამცველები პოლიტიკოსს მოუწოდებდნენ წესრიგისკენ, თუმცა ზურაბ ჯაფარიძემ არ შევწყვიტე გინება, რის გამოც დააკავეს.

გარდა ტელევიზიებთან გაკეთებული კომენტარისა, ირაკლი დგებუაძეს ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ეს წარმოუდგენელია, რადგან ზურაბ ჯაფარიძეს მთელი ღამის განმავლობაში არაერთი მობილური ტელეფონის და ტელეკამერა უღებდა.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ასევე წარადგინა ივნისში შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისთვის არ გადაუცია. როგორც გირჩის ლიდერი ამბობს, მას მხოლოდ 12 მაისს ღამე შედგენილი სხვა ოქმი ჩაბარდა.

 

ზურაბ ჯაფარიძემ დღევნდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ნონა ჭალიძის მხრიდან ობიექტურ გადაწყვეტილებას ნაკლებად ელის, რადგან წინა პროცესზეც სწორედ მან გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

გირჩის ლიდერის თქმით, ეს მოსამართლე თითქოს ცდილობს, პოლიციელების მიმართაც მკაცრად გამოიყურებოდეს, თუმცა ორი პოლიციელის ჩვენებაც ჰყოფნის გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოსატანად.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, პოლიციას სამხრე კამერთაც კი არ დაუფიქსირებია, თუ ვინმეს აყენებდა შეურაცხყოფას ზურაბ ჯაფარიძე. პოლიციამ მხოლოდ პოლიტიკოსის მიერ მედიით გაკეთებული კომენტარი წარადგინა, რომელიც სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

ჯაფარიძის სამართალდარღვევის არცერთი მტკიცებულება არსებობს – იურისტი ნონა ქურდოვანიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.