ახალი ამბები

პრემიერმა პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს ანალოგი შექმნა

22 იანვარი, 2014 • • 1531
პრემიერმა პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს ანალოგი შექმნა

“როდესაც არსებობს უშიშროების საბჭო, რომელსაც აქვს კოორდინაციის და სხვა ფუნქციები უშიშროებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია პრობლემატურად ალტერნატიული სტრუქტურის შექმნა. გაურკვეველია, როგორ მოხდება ფუნქციების დანაწილება ამ ორ სტრუქტურას შორის”, – ამბობს გიგა ბოკერია, “ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო მდივანი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი.

უსაფთხოების ახალი საბჭოს პირველი სხდომა მთავრობის კანცელარიაში გუშინ გაიმართა და მას პრემიერი ხელმძღვანელობდა. ახლად ფორმირებული საბჭოს შემადგენლობაში მთავრობის ის წევრებიც შედიან, რომლებიც თავის მხრივ პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს წევრებიც არიან: მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი.

“რეორგანიზაცია იწყება მთავრობის კანცელარიაში, სტრუქტურლი ცვლილებები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძირითადად სწორედ საბჭოების საქმიანობას დაექვემდებარება. ძალიან ბევრი საბჭო შეიქმნება სხვადასხვა მიმართულებით. უშიშროების საბჭოს აქვს თავისი ამოცანები და ამას არავინ აკნინებს, ეს არის პრემიერთან არსებული უსაფრთხოების საბჭო”, – ასე უპასუხეს “ნეტგაზეთს” მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურში კითხვაზე – ხომ არ გამოიწვევს ახალი საკონსულტაციო სტრუქტურის შექმნა უშიშროების საბჭოს ინსტიტუციურ დაკნინებას.

გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

ამ საკითხს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აღნიშნა, რომ ამ ორი საბჭოს პარალელურად არსებობაში იგი ვერავითარ სირთულეს ვერ ხედავს:

“უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტთან არსებობს, არის უზრუნველყოფილი და გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით. ამავე დროს, პრემიერ–მინისტრს, რომელიც ხელმძღვანელობს მთავარობას, აქვს მთავრობის იმ ფორმატებში ორგანიზების სრული უფლება, რომელიც მისთვის არის მნიშვნელოვანი და საინტერესო. მე სირთულეს ვერ ვხედავ, რომ, ერთი მხრივ, შენარჩუნებული იყოს კონსტიტუციური სათათბირო ორგანო, ხოლო, მეორე მხრივ, პრემიერმა თავის კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანიზება, მისთვის ხელსაყრელი ფორმით. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ხელისუფლებების შიგნით დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს ხელისუფლების გადანაწილებაც და ბალანსიც. ეს ხშირ შემთხვევაში გულისხმობს, რომ ფუნქციებს სხვადასხვა შტოები ასრულებენ. მაგალითად, კანონების მიმღები ორგანო არის პარლამენტი, მაგრამ ამავე დროს კანონებს წერს მთავრობაც. ეს არის ამის მშვენიერი მაგალითი. ასე რომ, არ უნდა შეგვაშინოს იმან, რომ ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა შტო გარკვეულწილად ერთნაირ საქმიანობას ახორციელებს”.

მარგველაშვილის განცხადებით, არსებულ კონსტიტუციურ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტის კომპეტენციები შეიცვალა და აღარ გააჩნია აღმასრულებელი უფლებები, უშიშროების საბჭოს ის ფუნქციები, რომელიც არსებობდა წინა საკონსტიტუციო რეალობაში მიხეილ სააკაშვილის დროს, შესაცვლელია.

“კერძოდ, ჩვენი ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ კრიზისის ოპერატიული მართვა, სადაც მისაღებია კონკრეტული აღმასრულებელი ნაბიჯები, ასეთი ტიპის ორგანო უნდა არსებობდეს აღმასრულებელ ორგანოში, ანუ პრემიერ–მინისტრთან…. მაშინ, როდესაც პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო უფრო სტრატეგიული და გლობალური საკითხებით უნდა იყოს დაკავებული, თუმცა ამ საკითხებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ კონსტიტუციის ცვლილებამ გამოიწვია რიგი ცვლილებებისა სხვა კანონებში და, შესაბამისად, ამას დასჭირდება დრო, რომ ასე გადალაგდეს ეს საკითხები”, – ამბობს მარგველაშვილი.

გიგა ბოკერიას აზრით კი, ალტერნატიული საბჭოს შექმნის ნაცვლად სრულიად ნორმალური იქნებოდა, მთავრობაში რომ უშიშროების საბჭოს მოდელის შეცვლის იდეა გაჩენილიყო, რადგან ამას გარკვეული საფუძველიც შეიძლება ჰქონდეს:

“მსოფლიოში არსებობს ისეთი მოდელები, როდესაც უშიშროების საბჭო პრემიერ–მინისტრს ექვემდებარება. ჩვენი ახლანდელი მოდელი ძალიან ჰგავს პოლონურს. ქვეყნის მართვა ეკისრება პრემიერ–მინისტრს და მინისტრთა კაბინეტს, თუმცა უშიშროების საბჭო ექვემდებარება პრეზიდენტს. მაგალითად, ბრიტანეთში [სადაც პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არსებობს]  პრემიერ–მინისტრს ექვამდებარება უშიშროების საბჭო. ასეთი ტიპის დისკუსია რომ არსებულიყო და გამოთქმულიყო მოსაზრება, რომ ახალ საკონსტიტუციო მოდელთან დაკავშირებით მმართველი გუნდი საჭიროდ მიიჩნევს ამ ტიპის ცვლილების განხორციელებას კანონმდებლობაში, ეს, ჩემი აზრით, ნორმალური იქნებოდა და შეიძლება ყოფილიყო არგუმენტები, რომ ასე ჯობია, მაგრამ ეს გზა, რომელიც იქნა არჩეული: არსებული  უშიშროების საბჭოს გაურკვეევლ მდგომარეობაში დატოვება და ალტერნატივის შექმნა, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილ ნაბიჯად. შეიძლება გამოვიდეს დუბლირება, გაურკვეველობა და გაუაზრებელ ნაბიჯად სჩანს, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე ისეთი ტიპის დეტალი არ არსებობს, რომელიც ჩემთვის უცნობია”, – აცხადებს ბოკერია და დასძენს, უცნობია, თუ როგორ მოხდება ფუნქციების გამიჯვნა და ახალი საბჭოს ინსტიტუციონალური მოწყობა.

 

,,სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მთავრობამ დადგენილება 2014 წლის 6 იანვრს მიიღო. საბჭოს მდივნად მინდია ჯანელიძე დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი