ახალი ამბები

მომაკვდავი ლეკვის კადრების შემდეგ, თავშესაფარში ფოტოგადაღება და ვიზიტი გამკაცრდა

22 ივნისი, 2018 • 4969
მომაკვდავი ლეკვის კადრების შემდეგ, თავშესაფარში ფოტოგადაღება და ვიზიტი გამკაცრდა

თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში ვიზიტებისა და ფოტო/ვიდეოგადაღების პირობები, ხელმძღვანელობის მიერ მიღებული დადგენილებით, შეიზღუდა. აღნიშნულს წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული კადრები, სადაც მომაკვდავი ლეკვი თავშესაფრის გალიაში წევს და მძიმედ სუნთქავს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსს, ვახტანგ ლომჯარიას, რათა გაერკვია, თუ რატომ გახდა საჭირო ვიზიტორებისთვის თავშესაფრის ნახვის პირობების გამკაცრება.

თავშესაფართან გამოკრული დოკუმენტაციის მიხედვით, ამიერიდან თავშესაფარში ვიზიტი მხოლოდ გარკვეულ დღეებში 20 წუთითაა შესაძლებელი. ცვლილებების მიხედვითვე, იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტორი არასრულწლოვანია, მას თან უნდა ახლდეს კანონიერი მეურვე. ხოლო ფოტო/ვიდეოგადაღება დასაშვებია მხოლოდ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.

როგორც ლომჯარია განმარტავს, ამას თავისი მიზეზები აქვს, კერძოდ კი ის, რომ თავშესაფარში ხშირად მოდიან ისეთი ადამიანები, რომლებიც “მხოლოდ ნეგატივის დანახვაში” არიან დაინტერესებულნი და მაგალითითვის მომაკვდავ ლეკვებს უღებენ სურათებს, შემდგომ კი ავრცელებენ. მისი განმარტებით, ეს დაუშვებელია იმიტომ, რომ სოციალურ ქსელში უყურებენ ბავშვები ან ადამიანები, რომლებსაც “არ სურთ ასეთი მძიმე კადრების ნახვა”.

ნეტგაზეთის კითხვას, თვლით თუ არა, რომ ,თუნდაც ასეთი სურათებით ხალხმა უნდა იცოდეს, რა ხდება მონიტორინგის სამსახურში, ლომჯარია არ პასუხობს.

როგორც ის აღნიშნავს, თავშესაფარში შესვლა ჟურნალისტებს თავისუფლად შეუძლიათ, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრაფიკი ისეთივეა, როგორიც აქვთ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. მისი თქმით, დღეს თავშესაფარში ადამიანური რესურსის ნაკლებობაა და, შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც ვიზიტორებს უნდა დაჰყვებოდნენ, აღარ არიან.

“ჩვენ ვერ მოვაცილებთ ცხოველებს კინოლოგებსა და ვეტერინარებს იმისთვის, რომ ექსკურსიები გავმართოთ იქ და ამას მოვანდომოთ მთელი კვირა, “- დასძენს მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

ლომჯარია ასევე განმარტავს, რომ ახალი რეგულაციების შემოღება ტასო ლოსაბერიძის მიერ გავრცელებულ კადრებს არ უკავშირდება.  მისი თქმით, გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ თავშესაფარი ინციდენტის შემთხვევაში არასრულწლოვანზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა.

მიზეზებზე საუბრისას, ისე ასევე აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირის წინ თავშესფარში დაფიქსირდა ცოფი, რის გამოც უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. თუმცა კითხვაზე, გააფრთხილეს თუ არა მაშინ მოსახლეობა და უშვებდნენ თუ არა არასრულწლოვნებს მხოლოდ მეურვის თანდასწრებით, ლომჯარია არ გვპასუხობს.

“ამ ზომებზე დავიწყეთ 2-3 კვირის წინ და როდესაც დავასრულეთ, გამოვაქვეყნეთ. ეს რამდენიმე დღეა, რაც გამოქვეყნებულია,” – აცხადებს ის.

რაც შეეხება ვიზიტისთვის განკუთვნილ 20 წუთს, ლომჯარია აღნიშნავს,  რომ  დროთი შეზღუდვა მხოლოდ დათვალიერების სურვილის შემთხვევაში ამოქმედდება. თუმცა, თუ ვინმეს უნდა თავშესაფრიდან ცხოველის აყვანა, მისთვის დრო განსაზღვრული არ არის.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის თავშესაფარში ყოველდღიურად 30-დან 40-მდე ცხოველი შემოდის, რომელთა შორის დიდი ნაწილი დაავადებულია. მისი განმარტებით, ადამიანური რესურსის სიმწირის პირობებში ვიზიტორებისთვის მეტი დროის დათმობა ცხოველებისთვის ყურადღების მოკლებას ნიშნავს.

“ჩვენი მთავარი ფუნქცია ის კი არ არის, რომ ზოოპარკის მაგვარი დაწესებულება ვიყოთ, სადაც მოდიან და ათვალიერებენ, გართობისთვის. ჩვენ ვართ “ემერჯენსი” [ინგ. სასწრაფო] , ჩვენ ვახორციელებთ რეაგირებას  მოსახლეობის ზარებზე. მე პირადად რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე განყოფილება გავაუქმე, რომ ადამიანური რესურსი უფრო მობილიზებული ყოფილიყო. გავზარდე ვეტექიმების, სანიტრებისა და კინოლოგების რაოდენობაც” – ამბობს ის.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მოქალაქე ტასო ლოსაბერიძემ მუნიციპალიტეტის თავშესაფარში გადაღებული ფოტო/ვიდეომასალა გაავრცელა. ერთ-ერთ ვიდეოზე მომაკვდავი ლეკვი ჩანს, რომელიც გალიაში, მზეზე წევს. როგორც ტასო ლოსაბერიძე ამბობს, თავშესაფარში დაავადებულ ცხოველებს არასათანადოდ უვლიან.

აღნიშნულის შემდეგ, ცხოველთა მიუნიციპალური თავშესაფრის დირექტორი ზურაბ ლატარია თამანდებობიდან გადადგა, თუმცა უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

ვრცლად მუნიციპალიტეტის თავშესაფარში განვითარებულ მოვლენებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი