სარალიძე: პროკურორმა მითხრა, ბევრს თუ ვილაპარაკებდი, ორივე ბრალდებულს გამოუშვებდნენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მიმდინარე შეხვედრაზე ამბობს, რომ საქმის პროკურორმა ერთ-ერთ შეხვედრაზე უთხრა, თუ ბევრს ილაპარაკებდა, მკვლელობაში ბრალდებულ პირებსაც გაათავისუფლებდნენ:

“საქმის პროკურორებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე, დაახლოებით თებერვალში, რომელზეც მახლდა მამაჩემი ფრიდონ სარალიძე, ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ გ.ჯ-მ მოკლა ჩემი შვილი. სიმართლე გითხრათ, ძალიან ემოციურადაც არ შევხვედრივარ. მე სიმართლე ვიცოდი და ვფიქრობდი ალბათ ამ ბავშვებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან ან გამოძიების ეტაპზე იყო საქმე ისევ და ვფიქრობდი, ალბათ დაადგენენ ჭეშმარიტებას-მეთქი.

მამაჩემი ძალიან გამოიყვანა წყობიდან პროკურორის ამ განცხადებამ გ.ჯ-ს შესახებ. ურთიერთგამომრიცხავ დეტალებზე ვსაუბრობდით, რომ მხოლოდ ეს ადამიანი არ იქნებოდა ჩემი შვილის მკვლელი. ერთ-ერთი პროკურორის მიმართვა იყო ჩვენს მიმართ, რომ თქვენ თუ ბევრს ილაპარაკებთ, ამათაც გამოვუშვებთ გარეთო. პირდაპირი პასუხი იყო ჩემი – გამოუშვით, პრობლემა არ არის. თუ დანარჩენი მკვლელები გარეთ უნდა იყვნენ, ამ ერთი ან ორი ადამიანის დაკავებას რა აზრი აქვს”, – იხსენებს ზაზა სარალიძე.

დღეს, 22 ივნისს, საქართველოს პარლამენტში შექმნილი დორებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2017 წლის დეკემბერში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს სწავლობს, ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს უსმენს. მოკლული დავით სარალიძის მამა კომისიის წევრ დეპუტატებს ამ საქმეზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას აწვდის.

თვალი ადევნეთ კომისიის სხდომის პირდაპირ ეთერს:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.